მიმდინარე წლის ივლისში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული ღვინის მოცულობა შემცირდა. კერძოდ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გასულ თვეს რუსეთში ექსპორტზე 3 550 264 ბოთლი ღვინო გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 21.9%–ით ჩამორჩება. კერძოდ, 2018 წლის ივლისში რუსეთში ექსპორტზე 4 542 496 ბოთლი ღვინო გავიდა.
წლის 7 თვეში კი რუსეთთან ექსპორტის კუთხით ზრდა ფიქსირდება. კერძოდ, იანვარ–ივლისში რუსეთში ექსპორტზე 29 132 711 ბოთლი ქართული ღვინო გავიდა, რაც 2018 წლის მონაცემს 2%–ით აღემატება. ამასთან, რუსეთი კვლავ ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარია ქართული ღვინისთვის.
შეგახსენებთ, რომ ქართული ღვინის რუსეთში ექსპორტის შესაძლო აკრძალვაზე ინფორმაცია რუსულმა “როსპოტრებნადზორმა” გაავრცელა. მაშინ უწყება წერდა, რომ ბოლო წლებში რუსეთში საქართველოდან შეტანილი ღვინის ხარისხი გაუარესებულია.