საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის ივლისში საქართველოდან ევროკავშირში 77 მლნ დოლარის საქონელი გავიდა, რაც 54%-ით (27 მლნ დოლარით) მეტია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელზე. ექსპორტის ზრდა ძირითადად ესპანეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა განაპირობა. მიმდინარე წლის ივლისში ესპანეთში 17 მლნ დოლარის საქონელი გავიტანეთ, როცა გასული წლის ივლისში ესპანეთში ექსპორტი მხოლოდ 2.4 მლნ დოლარი იყო. რუმინეთში და ბულგარეთში 17-17 მლნ დოლარის საქონელი გავიტანეთ, რაც 12 მლნ დოლარით მეტია 2018 წლის ივლისის ექსპორტზე.
7 თვის ჯამში, იანვარ-ივლისში, საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 21%-ით გაიზარდა და ჯამში 503 მლნ დოლარი შეადგინა.
ივლისში 17%-ით გაიზარდა ექსპორტი რუსეთში, 7 თვეში ზრდა 26%-ია. უკრაინაში ექსპორტი 39%-ით (5 მლნ დოლარით) გაიზარდა, სომხეთში 24%-ით (6 მლნ დოლარით).
ივლისში ექსპორტი შემცირდა აშშ-ის (-6 მლნ), ჩინეთის (-6 მლნ) და თურქეთის მიმართულებით (-3 მლნ).