ივნისის პოლიტიკის შვიდი და ერთი ფერი

ივნისის პოლიტიკის შვიდი და ერთი ფერი

ივნისის ბოლოს გლობალური რეზონანსი ორმა მოვლენამ გამოიწვია. თვის 26 რიცხვში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მთელ ქვეყანაში ერთი სქესის ადამიანებს შორის ქორწინების კანონიერება დაადგინა. საბერძნეთმა კი 5 ივლისის რეფერენდუმისთვის მზადება დაიწყო, რომელშიც „დემოკრატიის სამშობლოს“ მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, დაეთანხმონ თუ არა საერთაშორისო ორგანიზაციების „ტროიკის“ ანტიკრიზისულ წინადადებას.

ქართული მედიისა და სოციალური ქსელებისთვის თვალის შევლება საკმარისია იმის შესამჩნევად, რომ პირველი — ერთსქესიანთა ქორწინების ფორმალური აღიარების საკითხი — ჩვენში ბევრად აქტიურად განიხილება, ვიდრე მეორე — საბერძნეთის მრავალწლიანი ეკონომიკური კრიზისის კულმინაცია. არადა, რაციონალურად, საქართველოს უახლოესი მომავლისთვისაც და გრძელვადიანი განვითარებისთვისაც ბერძნული სახელმწიფოს უსუსურობა გაცილებით აქტუალური მაგალითია (თვით ტერმინმა, „ერთსქესიანთა ქორწინებამაც“ აქტიური დებატი გამოიწვია. ტერმინის მოწინააღმდეგეთა აზრით, „ერთსქესიანთა ქორწინება“ ქალისა და კაცის ქორწინებასაც შეიძლება ნიშნავდეს, რადგანაც ცალ-ცალკე თითო სქესი აქვთ. შესაძლოა, მართლები არიან, მაგრამ მე გავბედავ ამ ტერმინზე შევჩერდე მანამ, სანამ „ერთმორწმუნე ერებს“ ვამბობთ).

ცისარტყელა აშშ-ის თავზე

აშშ-ისთვის 26 ივნისის გადაწყვეტილება უდავოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა და აქ არამხოლოდ ლგბტ საზოგადოების უფლებებშია საქმე. მეორე მიზეზი ამერიკული სამართლებრივი ტრადიციებია: უკვე გაჩაღებულია კამათი, იყო თუ არა საკითხი ფედერალური უწყების გადასაწყვეტი — ხომ არ გადააჭარბა უზენაესმა სასამართლომ საკუთარ უფლებებს, უმცირესობების უფლებებზე ზრუნვაში. რამდენიმე შტატის გუბერნატორმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა განაცხადეს, რომ საკითხი ადგილობრივ დონეზე უნდა განხილულიყო და რელიგიური თავისუფლების დაცვის საჭიროებაზეც ისაუბრეს.

თუ ირიბ შედეგებს (მაგალითად, აშშ- ის სამართლებრივი ტრადიციების საბოლოო გარდაქმნას) გამოვრიცხავთ, საეჭვოა, ერთსქესიანთა ქორწინების აღიარებამ რეალურად ბევრი შეცვალოს. ივნისის გადაწყვეტილებამდე, ერთსქესიანთა ქორწინება უკვე იყო ლეგალური შტატების სამ მეოთხედში (50-დან 37-ში). ბუნდოვანია, როგორ შეიძლება დანარჩენ ცამეტ შტატში ლგბტ ადამიანების თანაცხოვრებისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებამ ძირეულად შეცვალოს მთელი ქვეყნის საზოგადოების ყოფა ან, მაგალითად, მნიშვნელოვნად იმოქმედოს ეკონომიკაზე. ეს საკითხი მალევე გადაინაცვლებს ყოველდღიური თავსატკივარების სიიდან ისტორიისა და იურისპრუდენციის სახელმძღვანელოებში.

თუმცა საქართველოში მრავლადაა ძალები, რომლებიც იზრუნებენ გაცივებული თემისთვის ცეცხლის შენთებაზე და ეს, ბუნებრივია, პრორუსულ განწყობებზე მომუშავე ორგანიზაციები იქნება. ამის მაგალითი უკვე აჩვენა ნინო ბურჯანაძის პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ. როგორც წინა სვეტში („კონჩიტებს გაზაფხულზე ითვლიან, პარტიებს შემოდგომაზე“) აღვნიშნეთ, კრემლისთვის ყოფილი კოლონიების დასავლური სამყაროს „უზნეობით“ დაშინება ერთადერთი იდეოლოგიური კოზირია. ამ კოზირის ძალა მით უფრო დიდი იქნება, რაც უფრო მეტად გადაფარავს ჩვენს დისკუსიებში ემოციურობა რაციონალურობას.  

შავი ღრუბელი საბერძნეთის თავზე

ზოგიერთი ქართველი ეკონომისტი, მათ შორის რომან გოცირიძე, აშკარა მსგავსებებს ხედავს საბერძნეთში „სირიზას“ მემარცხენე- პოპულისტურ პოლიტიკასა (რომელმაც ქვეყანა ევროზონიდან გაძევების ზღვარზე მიიყვანა) და „ქართული ოცნების“ მმართველობას შორის. ივანიშვილის გუნდის მომხრეები ასეთ მსგავსებებს კატეგორიულად უარყოფენ. იმის მიუხედავად, რომელი მხარისკენ მიგვიწევს გული, საბერძნეთის გამოცდილებიდან დასკვნების გამოტანა საქართველოსთვის აუცილებელია. ელადის პრობლემები გლობალურია: ეს საკუთარ შესაძლებლობებზე მაღლა ფრენისა და წინდაუხედაობის კრახით დასრულებული ისტორიაა, რომელიც ჰგავს კლასიკურ ბერძნულ მითს დედალოსისა და იკაროსის შესახებ.

როგორ დაიწყო საბერძნეთის ამჟამინდელი კრიზისი, რომელიც ქვეყანამ ექვსი წელია, ვერ დაძლია? მთავრობის უზარმაზარი ვალით, რომელმაც 2009 წლის ბოლოსთვის 300 მილიარდი ევრო, ანუ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 130% შეადგინა. ცხადია, ამხელა ვალი საბერძნეთს ერთ დღეში არ დაუგროვებია. პრობლემის ფესვები გაცილებით შორეულ წარსულშია: 1974 წელს მემარჯვენე სამხედრო რეჟიმის მოცილებიდან მოყოლებული, საბერძნეთის ხელისუფლება მუდმივად აყენებდა პოპულარულ სოციალურ პროგრამებს ეკონომიკურ მდგრადობაზე მაღლა. 1974-დან 2013 წლამდე, ოთხი ათწლეულის მანძილზე, მთავრობამ ვერც ერთხელ ვერ დაასრულა საბიუჯეტო წელიწადი დეფიციტის გარეშე. თანაც მდგომარეობა მხოლოდ მძიმდებოდა. 1974- 1980 წლებში დეფიციტი მშპ-ის 3%-ს არ აჭარბებდა, რაც ქვეყანას უკან დასახევ გზას უტოვებდა. მადა ჭამაში მოდის და შემდგომ წლებში პოპულისტურ მთავრობებს 3%-იანი ზღვრის დაცვაც კი არ უცდიათ. საბერძნეთი საკუთარი ნებით, წლობით, თანმიმდევრულად ითხრიდა ეკონომიკურ სამარეს. „დემოკრატიის სამშობლოს“ მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს 40 წლის მანძილზე არც ერთხელ არ აღმოაჩნდათ საკმარისი სიბრძნე და პასუხისმგებლობა, რომ ამწამიერი კომფორტის გარდა ხვალინდელ დღეზეც ეფიქრათ.

საბერძნეთის ბედზე უფრო დადებითი გავლენის ქონა გარე აქტორებსაც (პირველ რიგში, ევროკავშირს) შეეძლოთ. უპასუხისმგებლო სუბსიდირება და გამთანაბრებლობა, სოციალური პროგრამებისა და რეგულაციების სიჭარბე — ეს ყველაფერი ელადაში ფეხს იმდენად ვერ მოიკიდებდა, ბრიუსელის, ბერლინისა და პარიზის იდეოლოგიურ ხაზთან სრულ თანხმობაში რომ არ ყოფილიყო. ევროკავშირის ძირეულად არასწორი მიდგომები ე.წ. „ტროიკის” — ევროკომისიის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანტიკრიზისულ გეგმაშიც გამოჩნდა. ორგანიზაციებმა, ახალი მრავალმილიარდიანი სესხების დამტკიცების სანაცვლოდ, საბერძნეთის მთავრობას არა მხოლოდ ხარჯების შემცირება (რაც აუცილებელი იყო), არამედ გადასახადების გაზრდაც მოსთხოვეს, რაც ღრმა კრიზისში მყოფი ეკონომიკის გაძლიერების მიზანს პირდაპირ ეწინააღმდეგება.

მაგრამ მათ, ვინც ცდილობს კრიზისზე პასუხისმგებლობა ბერძნულ მხარეს მოხსნას (ასეთები მრავლადაა, მაგალითად, მემარცხენე ეკონომისტებს შორის), კრიზისის მთავარი გაკვეთილი ვერ აითვისეს. პასუხისმგებლობა აქ საკვანძო სიტყვაა: მდიდარმა ქვეყანამ შესაძლოა გამოკვეთილად სოციალისტურ პოლიტიკასაც გაუძლოს, რისი მაგალითებიც ჩრდილოეთ ევროპაში არსებობს; ისრაელის მსგავსად, შესაძლოა გაუძლოს უზარმაზარ თავდაცვით ხარჯებსაც; მაგრამ როდესაც ხელისუფლება პრობლემის მოგვარების ნაცვლად გადავადებაზე ზრუნავს და სახელმწიფო „ნისიაზე ცხოვრებას“ ეჩვევა, კატასტროფა გარდაუვალია. ოცდაათი წლის წინ საბერძნეთის მთავრობას რომ ბიუჯეტი 10%-ით მაინც შეემცირებინა, ბოლო ხუთ წელიწადში ქამრების მხუთავი, 45%-იანი შემოჭერაც არ იქნებოდა აუცილებელი და, შესაძლოა, გერმანული დონის პენსიებიც არ გამხდარიყო ზედმეტი ფუფუნება. თუ საბიუჯეტო დეფიციტისა და ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე საქართველოს ხელისუფლება ხარჯვას საკმარისად არ შეამცირებს, მძიმე შედეგები გველის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *