ჯართის მილიარდერები

ჯართის მილიარდერები

წინ წასული ტექნოლოგიები ავტომობილებს არა მხოლოდ უსაფრთხოსა და სამართავად ადვილს ხდის, არამედ მათი შეკეთება ლამის უკვე შეუძლებელია. ვინმემ შეძლო ამაზე კაპიტალიზება? გაიცანით დუეტი, რომელიც ინტერნეტში ჯართის გაყიდვის პიონერად გვევლინება.


ლონგ-აილენდის აღმოსავლეთით (არა, ჰემპტონსს არ ვგულისხმობთ), სარკინიგზო ლიანდაგებსა და ავტოშეკეთების სახელოსნოების გვერდით, ვრცელი, 97 აკრზე გადაჭიმული ნაკვეთია. აქაურობა საავტომობილო ჯართის საცავს, გნებავთ, ავტომობილების სასაფლაოს წარმოადგენს. თვითამწეები ამ გულდასმით ორგანიზებულ სივრცეში მანევრირებენ; რას არ დაატარებენ ისინი – დაფხავებული სატვირთო პიკაპებით დაწყებული, თითქმის ახალი Lotus-ის კუპეთი დამთავრებული. აქ ყველაფერი ელექტრონულად არის კოორდინირებული: თვითამწეთა მძღოლები ტაბლეტში განთავსებულ სკრუპულოზურ განრიგს მიჰყვებიან; ყოველ მანქანას, იქნება ეს მსუბუქად დაზიანებული BMW თუ შეუქცევადად შებღალული Toyota, რიცხვითი კოდი ისე აქვს საქარე მინაზე დატანილი, რომ შესაძლებელი იყოს მისი ციფრული იდენტიფიცირება, ინვენტარიზაცია და გადაყვანა შესაბამის ადგილას გაყიდვათა ტერიტორიაზე. ერთსართულიანი, „ჩაფსკვნილი“ შენობის წინ მომხმარებლები, რომელთაც მანქანა ონლაინ იყიდეს, რიგში დგანან, რათა – ტელეფონებზე QR კოდის დასკანირების შემდეგ – თავიანთ ახლად შეძენილ ჯართს დაეპატრონონ.

ამ კარგად „დაზეთილ“ რუტინას Copart-ის კუთვნილი 243 ავტოსაყრელი იმეორებს აშშ- სა და მთელ მსოფლიოში. ეს დალასში დაფუძნებული და საჯარო ბაზარზე მბრუნავი ფირმა ლიდერია გადაგდებული მანქანების გადამუშავებისა და გადაყიდვის ბაზარში. ისეთი მანქანები იგულისხმება, რომლებიც იმდენადაა დაზიანებული, რომ დამზღვევები მათ, როგორც სრულ დანაკარგს, ჩამოწერენ. Copart-ს ფულს მეტწილად სადაზღვევო კომპანიები უხდიან, თუმცა გადამხდელთა შორის არიან გასაქირავებელი მანქანების კომპანიებიც, მანქანების სადილეროები და ინდივიდები, რომელთა მიზანია, ჯართი თავიდან მოიცილონ. შემდეგ Copart-ს ეს გადაგდებული მანქანები ონლაინაუქციონზე გააქვს – ან მათთვის, ვისაც მათი ნაწილების გამოყენება უნდა მხოლოდ, ან კი მათთვის, ვინც მათ შეაკეთებს და მართვად მანქანად აქცევს (განსაკუთრებით, საზღვარგარეთულ ბაზრებში, სადაც ავტოუსაფრთხოების წესები უფრო მსუბუქია).

„ავიღეთ შედარებით მარტივი ბიზნესი, სადაც მანქანებს ზეპირ აუქციონებზე ყიდდნენ, და ეს ვაქციეთ ბიზნესად, რომელიც აუქციონების გზით წელიწადში $100 მილიარდს იღებს და ეს 100%-ით ონლაინ ხდება“, – ამბობს Copart-ის 51 წლის აღმასრულებელი დირექტორი, ეარონ „ჯეი“ ედეარი კომპანიის დამფუძნებელთან, – და თავის სიმამრთან, – 73 წლის უილის ჯ. ჯონ სონთან ერთად Zoom-ჩართვის დროს. „არაა საჭირო, ხალხი ჩვენს ავტოსაყრელზე მოვიდეს, – ამატებს ჯონსონი.– როცა ონლაინ გვაქვს აუქციონი, შტორმიც რომ იყოს ფლორიდაში, ჩვენ მაინც ვყიდით მანქანებს“.

ეს სარფიანი ბიზნესია: 2020-ის ივლისში დასრულებულ ფისკალურ წელს, Copart-ის წმინდა შემოსავალმა $700 მილიონი შეადგინა $2.2 მილიარდის გაყიდვებზე, რითაც მოგებები, წინა წელთან შედარებით, – და პანდემიის მიუხედავად – 18%-ით გაზარდა. 2019-ის იანვრიდან მოყოლებული, Copart-ის აქციათა ფასი მკვეთრ, 150%-იან ზრდას აჩვენებს, რამაც ედეარიცა და ჯონსონიც მილიარდერებად აქცია. Forbes-ის შეფასებით, ჯონსონი, რომელიც Copart-ში 6%- იან წილს ფლობს, $1.8 მილიარდის პატრონია, ხოლო ედეარის $1.1-მილიარდიანი ქონების უმსხვილეს ულუფაზე პასუხისმგებელი მისი 4%-ის ტოლფასი წილია კომპანიაში.

შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევებსა თუ მანქანათა დაზიანების შანსებს ამცირებს, კარგი სიახლეა ავტომობილების სასაფლაოსთვის. კი, ლიდარის სენსორებიანი ბამპერები და ავტოპილოტის სისტემები, შესაძლოა, მართლაც ამცირებდეს საგზაო შემთხვევებს, მაგრამ მანქანები, რომელთა ჩამოწერაც ხდება, გაცილებით უკეთეს ფორმაშია და უფრო იოლიცაა მათი გადაყიდვა ახალი მყიდველებისთვის. და რამდენადაც ახალ მანქანებში განთავსებული მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების შეკეთება უფრო ძვირია (ან შეუძლებელიც), – სულ რომ პაწაწინა დაზიანება ჰქონდეთ, – სადაზღვევო კომპანიები სულ უფრო მზარდად იცილებენ ასეთ მანქანებს თავიდან მაშინაც კი, როცა ყოვლად უმნიშვნელო საგზაო შემთხვევაა მომხდარი – ისეთი, რომლის შედეგად გამოწვეული დაზიანება ათი წლის წინ ადვილად გამოსწორდებოდა.

„წინა ნაწილში თუ მოხდა შეჯახება და ავტომატიზებული მართვის სისტემა გაქვს, სენსორებიანი ბამპერის შეკეთების ფასი ხუთჯერ- ექვსჯერ უფრო მაღალი გამოდის, – ამბობს ჩიკაგოში დაფუძნებული საინვესტიციო ბანკ Barrington Research-ის ანალიტიკოსი, გარი პრესტოპინო. – იმდენი ტექნოლოგიაა ამ მანქანებში, რომ ფასები უბრალოდ იზრდება და იზრდება“. Copart-მა არსებობა 1982 წელს დაიწყო, როცა ჯონსონმა საკონტროლო წილი იყიდა ვალეჰოში (კალიფორნია) დაფუძნებულ ავტოაუქციონების მცირე ბიზნესში. 1947 წელს კლინტონში (ოკლაჰომა) დაბადებული ჯონსონი, სკოლის დამთავრებიდან ექვს თვეში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში – ვიეტნამის ომში გაიწვიეს, სადაც შეტაკების დროს დაიჭრა. 20 წლისა აშშ- ში დაბრუნდა და სპოკენში (ვაშინგტონში) სასურსათე ქსელ Safeway-ში მცირე ხნით მუშაობის შემდეგ ისევ კალიფორნიაში გაემგზავრა, სადაც მამამისის ავტომობილების სასაფლაოზე დაიწყო მუშაობა, მერე კი საკრამენტოს შემოგარენში უკვე საკუთარი შეისყიდა. ცოლსა და სამ შვილთან ერთად, ჯონსონი იმავე ტერიტორიაზე, ტრაილერში ცხოვრობდა და მომდევნო რამდენიმე წელი მსუბუქი და სატვირთო მანქანების დაშლაში გაატარა. 1982 წელს ვალეჰოში, მახსან- ფრანცისკოდან ჩრდილო- აღმოსავლეთით, ასე 30 მილში მდებარე ყურის ოლქის გარეუბანში, სააუქციონო ობიექტი იყიდა და ჩრდილო კალიფორნიაში კიდევ ახალი ობიექტების ყიდვასაც მიჰყო ხელი. 1989 წელს, მენეჯერის რანგში, იმხანად 19 წლის ედეარი დაიქირავა.

1991-ში ჯონსონმა გადაწყვიტა, თავისი სწრაფად მზარდი კომპანია საჯარო ბაზარზე გაეყვანა. ეს მას მერე მოხდა, რაც წაიკითხა, რომ მისი უმსხვილესი კონკურენტი, რომელიც დღესაც Copart-ის მთავარი მეტოქეა, Insurance Auto Auctions (IAA) იმავეს გეგმავდა, ჰოდა, იფიქრა, ეს ხომ Copart-საც შეუძლიაო. Copart-ის პირველადი საჯარო შეთავაზება სამი წლის შემდეგ მოხდა, მიღებული თანხები კი ჯონსონმა აშშ- ის მასშტაბით ახალ- ახალი ავტოსაყრელების ყიდვაში დააბანდა.

მომდევნო საეტაპო მომენტი 1998 წელს დადგა, როცა ედეარმა, იმხანად Copart-ის პრეზიდენტმა, გადაგდებული ავტომანქანების სფეროში რევოლუცია მოახდინა: კომპანიის პირველი ვებგვერდის ჩაშვებიდან სულ რაღაც ორ წელიწადში ის პირველი გახლდათ, ვინც მანქანების გაყიდვა ონლაინაუქციონებზე დაიწყო.

„ახალ მანქანას როცა ყიდულობდი, მანქანის სურათების ნახვის საშუალება არ გქონდა. ჩვენ ეს პირველებმა გავაკეთეთ, – ამბობს ედეარი. – მახსოვს, მეკითხებოდნენ, შენი აზრით, რა მასშტაბები ექნება ინტერნეტის აუქციონებსო, მე კი ვპასუხობდი, ვფიქრობ, მასზე ჩვენი მთელი მოცულობის 10% მოვა- მეთქი. 2003-ისთვის ის უკვე მთელი მოცულობის 100%-ს შეადგენდა“.

იმავე წელს ედეარმა და ჯონსონმა საერთოდ უარი თქვეს პირისპირ აუქციონებზე და Copart-ის ობიექტები მთელი მსოფლიოს მყიდველებისთვის გახსნეს. შვიდი წლის შემდეგ, 2010-ში, ჯონსონმა დატოვა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა და მართვის სადავეები სიძეს გადააბარა, რომელმაც Copart-ი ბრაზილიაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში გააფართოვა.

Baird-ის ანალიტიკოსის, კრეიგ კენისონის თანახმად, ეს საერთაშორისო გაქანება, გაწყვილებული მაღალ ტექნოლოგიასთან, ისაა, რაც დღემდე გამოარჩევს Copart-ს IAA-სგან სექტორში, რომელიც, ფაქტობრივად, დუოპოლიას წარმოადგენს. საკვირველია, მაგრამ 2015 წლამდე IAA-ს ბოლომდე არ ჰქონდა ონლაინაუქციონები ათვისებული, ანუ არ ჰქონდა გაკეთებული ის, რაც Copart-ს 12 წლის წინ გაეკეთებინა.

„როცა კი Copart-მა ინტერნეტში გადაინაცვლა, მათ ამ მანქანებით დაინტერესებულ მყიდველთა მასიური ოდენობა აღმოაჩინეს, – ამბობს კენისონი. – ახლა კი გლობალურ მასშტაბებზე არიან გასულები და მყიდველები მთელ მსოფლიოში ჰყავთ – პირდაპირი მნიშვნელობით“.

ედეარი Copart-ს „რეცესიაგამძლე“ და „პანდემიაგამძლე“ ბიზნესად მოიხსენიებს. 2008- ის ფინანსური კრიზისის შემდეგ ნახმარი მანქანების ფასი დაეცა, ვინაიდან მანქანათა პოტენციურმა მყიდველებმა ხარჯვა შეამცირეს. მაგრამ ფასის ამ ვარდნამ დამზღვევებს გაუიაფა მსუბუქად დაზიანებული მანქანების ჩამოწერა და მათი ერთბაშად თავიდან მოცილება, რის შედეგადაც Copart-ის ავტომობილების სასაფლაოზე უფრო მეტ ასეთ მანქანას გზავნიდნენ და, მათი გადაგდების სანაცვლოდ, მეტ თანხას აძლევდნენ კომპანიას.

ამ გასულ გაზაფხულს, პანდემიის დასაწყისისას, საპირისპირო რამ მოხდა, მაგრამ ეფექტი კვლავაც დადებითი იყო: რადგან საჭესთან უფრო ცოტა ადამიანი იჯდა, ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვმა იკლო, რაც ნიშნავდა, რომ დამზღვევები ნაკლებ მანქანას ჩამოწერდნენ. ჩამოწერილ მანქანათა მოწოდების შემცირების გამო, Copart-ს მეტის გადახდა უწევდა ყოველ მათგანში. მაგრამ გაზრდილი ფასები იმის გარანტიაც იყო, რომ Copart-ი მეტ ფულს აკეთებდა თავისი ბიზნესის იმ კომპონენტიდან, რომელიც შესაკეთებლად ვარგის მანქანებს ყიდის. მოკლედ, მშვენიერი ბიზნესია. იზრდება ფასები? კომპანია მოგებას ნახულობს. ეცემა ფასები? კომპანია მაინც მოგებას ნახულობს.

Copart-ის ავტოსაყრელები პირველადი საჭიროების ობიექტებად იქნა მიჩნეული და, შესაბამისად, კორონავირუსის დაკეტვა- ჩაკეტვების დროს ღია დარჩა. ამასთან, ფირმას არც ერთი თანამშრომლის განთავისუფლება თუ დროებითი დათხოვნა არ მოუხდა. ნაცვლად ამისა, სესხებისადმი უარყოფითად განწყობილმა კომპანიამ საკრედიტო ლიმიტიდან $1.1 მილიარდი აიღო, რათა ობიექტები და აღჭურვილობები განეახლებინა და ახალი ონლაინსერვისები ჩაეშვა, მათ შორის, QR-კოდიანი ვირტუალური, ეკრანზე გამოსახული რიგები ლონგ- აილენდის ავტომობილების სასაფლაოზე.

„ჩვენს ბიზნესში ბუნებრივი ბუფერი არსებობს: რა მიმართულებაც უნდა მიიღონ ფასებმა, – როგორც ზრდის, ისე შემცირების შემთხვევაში, – ჩვენი მოცულობა ამის კომპენსირებას ახდენს, – ამბობს ედეარი. – ეს კოვიდის დროს ცხადად დავინახეთ. წელს უფრო მეტი მოგება გვქონდა, ვიდრე შარშან, იმიტომ რომ მანქანები მნიშვნელოვნად უფრო ძვირად იყიდება დღეს, ვიდრე ერთი წლის წინ“.

ედეარის უხეში გათვლებით, ძვირი ახალი ტექნოლოგიების გამო, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ხუთიდან ერთი მანქანის ჩამოწერა ხდება, არადა, როცა მან 1980-იანების ბოლოს ეს საქმე დაიწყო, ეს მაჩვენებელი ათიდან ერთი იყო. ანალიტიკოსების თქმით, ძველი მოდელების წინ წასული მანქანებით ჩანაცვლების კვალდაკვალ, მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება – შესაძლოა, მთელი 50%-ითაც კი.

„ადრე ტელევიზორის ხელოსანი გყავდა, ახლა კი, ტელევიზორი როცა გიფუჭდება, მას უბრალოდ აგდებ, – ამბობს ედეარი. – მანქანებსაც სულ უფრო მზარდად იგივე გეზი აქვთ აღებული. ეს კი საუკეთესო ტრენდია ჩვენთვის“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.