ბაფეტი აღიარებს, რომ მან იშვიათი შეცდომა დაუშვა

ბაფეტი აღიარებს, რომ მან იშვიათი შეცდომა დაუშვა

ამერიკელმა ინვესტორმა და Berkshire Hathaway-ის მფლობელმა უორენ ბაფეტმა აქციონერებისადემი ყოველწლიურ მიმართვაში განაცხადა, რომ კომპანიის ღირებულება გასულ წელს $11 მილიარდით შემცირდა. ამას კი 2016 წელს აეროკოსმოსური მოწყობილობების მწარმოებელი Precision Castparts-ის ყიდვას უკავშირებს, რასაც ბაფეტი შეცდომას უწოდებს.

„მე ბევრი გადავიხადე ამ კომპანიაში. არასწორი გათვლები გავაკეთე, აეროკოსმოსურ ინდუსტრიაში საპირისპირო მოვლენები განვითარდა“, – განაცხადა ბაფეტმა.

თუმცა, მიუხედავად დანახარჯებისა, ბაფეტის კომპანიამ 2020 წელი საკმაოდ სოლიდური შედეგებით დაასრულა. კონგლომერატის წმინდა მოგებამ მეოთხე კვარტალში $35.8 მილიარდი შეადგინა, რაც 23%-იან ზრდაზე მიუთითებს. ამასთან, Berkshire-ის საოპერაციო შემოსავალი 14%-ით გაიზარდა.

ბაფეტმა აქციონერებისადმი გაგზავნილ წერილში კომპანიის საინვესტიციო სტრატეგია დაიცვა და ის კლასიკურ ვახშამს შეადარა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ისეთ მაღალშემოსავლიან ტექნოლოგიურ კომპანიებში აქვს აქციები, როგორიცაა Apple-ი და Amazon -ი, Berkshire-ის ინვესტიციების უმეტესი ნაწილი შედარებით ნელა მზარდ კომპანიებშია თავმოყრილი, მათ შორის Chevron-ში, Verizon-ში, American Express-სა და Coca-Cola-ში.

„უკვე 56 წელია, ჩვენ Berkshire-ში მომხმარებელს ჰამბურგერებსა და „კოკა კოლას“ ვთავაზობთ“, – აღნიშნა ბაფეტმა წერილში.

ლეგენდარული ინვესტორი ინვესტირებაში საკმაოდ მომთმენი და ფრთხილია.

აქციონერებისადმი გაგზავნილ წერილში ბაფეტმა ასევე განაცხადა, რომ 1 მაისს დაგეგმილი ყოველწლიური შეხვედრა, რომელიც, როგორც წესი, უორენ ბაფეტის მშობლიურ ქალაქ ომაჰაში იმართება, წელს ლოს-ანჯელესში შედგება, თუმცა – დისტანციურად, რათა კომპანიის ვიცე-თავმჯდომარემ ჩარლი მიუნგერმა დასწრება შეძლოს. 97 წლის მიუნგერი გასულ წელს აქციონერებთან შეხვედრას კოვიდ-პანდემიის გამო ვერ დაესწრო. მის ნაცვლად, ბაფეტთან ერთად სცენაზე Berkshire-ის კიდევ ერთი ვიცე-თავმჯდომარე გრეგ აბელი იდგა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *