პარასკევის მონაცემებით, Amazon-ის აქციების ფასმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პროცენტული კლება განიცადა. შედეგად, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონება ერთ დღეში $16 მილიარდით შემცირდა.
მეორე კვარტალის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, Amazon-ის აქციების ღირებულება 9%-ით, $167-მდე დაეცა. ცნობისთვის, კვარტალურ შედეგებში Amazon-ის შემოსავლები მხოლოდ მცირედით ჩამოუვარდებოდა ანალიტიკოსთა შეფასებებს: 30 ივნისს დასრულებული სამთვიანი პერიოდის მონაცემებით, კომპანიის შემოსავალმა $147.9 მილიარდი შეადგინა, მაშინ როდესაც ანალიტიკოსები $148.5 მილიარდის მიღებას ვარაუდობდნენ.
შედეგად, ამერიკული კომპანიის აქციათა ღირებულება 2022 წლის 28 აპრილის 14%-იანი ვარდნის შემდეგ, შემდეგ ყველაზე მაღალი პროცენტით დავარდა. პარალელურად კი, Amazon-ში ბეზოსის 928 მილიონი აქციის ღირებულება, პარასკევის მდგომარეობით, $170.8 მილიარდიდან $154.9 მილიარდამდე შემცირდა.
აქციათა ფასების მკვეთრ ვარდნას ბეზოსის ქონების 8%-ით, $186.2 მილიარდამდე შემცირება მოჰყვა. ბოლო დღეებში ბეზოსის ქონება მცირედით გაიზარდა და ამჟამად ამერიკელი ბიზნესმენი, Forbes-ის ანგარიშით, $187 მილიარდს ფლობს, რაც მას მსოფლიოში მეორე უმდიდრეს ადამიანად აქცევს. უმდიდრესი ადამიანი კვლავ ილონ მასკია, $226.9 მილიარდით.
რაც შეეხება ხუთეულის სხვა წევრებს, Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მესამე ადგილზე LVMH-ის თავმჯდომარე, ფრანგი ბერნარ არნოა ($172 მილიარდი), მას მოჰყვება Facebook-ის თანადამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ($171 მილიარდი) და Oracle-ის დამფუძნებელი ლარი ელისონი ($164.9 მილიარდი).