ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, ჯიმ კერიმ შვედი არტისტების, რაიან კუპმანსისა და ალის ვექსელის მიერ შესრულებული მოძრავი NFT-ნამუშევარი შეიძინა, რომელზეც წყალტუბოს მიტოვებული სანატორიუმის ოთახი არის გამოსახული. აღსანიშნავია, რომ შვედი არტისტების NFT-ნამუშევარი მეტაფორულ დატვირთვას ატარებს – ის ციფრულად ისე არის დამუშავებული, თითქოს მიტოვებულ სანატორიუმზე ბუნების ძალამ გაიმარჯვა. ამგვარი ეფექტის მისაღებად არტისტებმა ოთახში გამწვანება შეიტანეს – იატაკიდან ბალახი და ყვავილები ამოდის, ხოლო სურათის ბოლოში, ოთახში ამოზრდილ ხეს ვხედავთ.
„[ამ NFT-ნამუშევრით] წარსულისა და მომავლის, ფიზიკურისა და ციფრული სამყაროების სიურრეალისტური შერწყმა მივიღეთ. გასულ თვეებში, ამ პროექტის ფარგლებში გადაღებული რამდენიმე შენობა უკვე დანგრეულია, რაც დროის გასვლასთან ერთად ზრდისა და განადგურების ციკლის თემას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს“, – ვკითხულობთ შვედი არტისტების განცხადებაში.
საინტერესოა, რომ წყალტუბოს ერთ-ერთი მიტოვებული სანატორიუმის გაცოცხლებული ფოტო ჯიმ კერის პირველი NFT-ნამუშევარია. „ეს ნამუშევარი საგონებელში მაგდებს. ჯეიმს ჯოისი ამბობდა, რომ ეს კარგი რამაა. დიდ მადლობას ვუხდი რაიან კუპმანსს ბუნების ნატიფი და უმოწყალო გარდაქმნის ნაზად გამოსახვისთვის. სხვათა შორის, ეს ჩემი პირველი NFT-ია“, – წერს მსახიობი Twitter-ზე.
აღსანიშნავია, რომ ჯიმ კერიმდე აღნიშნული NFT-ნამუშევარი რამდენიმეჯერ გაიყიდა – ბოლოს, ის კრიპტოკომპანია Moonpay-მ 20 ეთერად იყიდა, რის მერეც ჯიმ კერის გადასცა. აქვე უნდა ითქვას, რომ უცნობია, ჯიმ კერიმ ეს ნამუშევარი იყიდა თუ იჩუქა და თუ იყიდა – რამდენად.