Johnson & Johnson-ი ორ საჯარო კომპანიად გაიყოფა

Johnson & Johnson-ი ორ საჯარო კომპანიად გაიყოფა

ამერიკული კომპანია Johnson & Johnson-ი ორ საჯარო კომპანიად გაიყოფა, რომელთაგან ერთი ფარმაცევტულ-სამედიცინო მიმართულებისა იქნება, ხოლო მეორე – საცალო მოხმარების პროდუქტებისა, – ამის შესახებ კომპანიამ გასულ კვირას განაცხადა. ცნობისთვის, Johnson & Johnson-ი 135-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაა, რომელიც 136 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

კომპანიაში იმედს იტოვებენ, რომ ზემოხსენებული დაყოფის შედეგად, ბაზარზე ორი გლობალური ლიდერი წარმოიქმნება, რომლებიც მომხმარებლებს უფრო დახვეწილ და ეფექტიან ინოვაციურ პროდუქტს შესთავაზებენ, რითაც ბიზნესს გაზრდიან და აქციონერებს დამატებითი სარგებლის მიღების საშუალებას მისცემენ.

აღსანიშნავია, რომ დაყოფის შემთხვევაშიც კი J&J-ის ორივე კომპანია  გიგანტად დარჩება: მოსალოდნელია, რომ წელს ფარმაცევტულ-სამედიცინო მიმართულების კომპანია $77 მილიარდის შემოსავალს მიიღებს, ხოლო საცალო მოხმარების პროდუქტების კომპანიისთვის  $15 მილიარდის შემოსავალს პროგნოზირებენ. გიგანტის ორ კომპანიად გაყოფა მომავალ 18-24 თვემდე პერიოდში არის მოსალოდნელი.

ცნობისთვის, რამდენიმე კომპანიად დაყოფის ტენდენცია არახალია, მას ჯანდაცვის ინდუსტრიის არაერთი კომპანია მიმართავს: 2014 წელს Merck-მა საცალო ვაჭრობის საკუთარი ბიზნესი Bayer-ს $14.2 მილიარდად მიჰყიდა,, ხოლო 2019 წელსPfizer-მა და GlaxoSmithKline-მა საცალო ვაჭრობის საკუთარი დანაყოფები გააერთიანეს, რათა მასშტაბირებად ფარმაცევტულ მიმართულებებზე ემუშავათ.

ცნობისთვის, გასულ კვირას სამ კომპანიად დაყოფის შესახებ კიდევ ერთმა კომპანიამ, ამერიკული წარმოების ერთგვარმა სიმბოლომ, General Electric-მა განაცხადა. 2023 წლის დასაწყისიდან, GE-ი ავიაციის, ჯანდაცვისა და ენერგეტიკულ კომპანიებად გაიყოფა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *