ფრანგი მოსამართლეების მოთხოვნით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სასამართლოს წინაშე წარდგება. ბრალდება, 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის რეჟიმისგან დაფინანსების მიღებას შეეხება. სარკოზი ერთ-ერთია იმ 13 პირიდან, რომელთაც, 2025 წლის იანვარ-აპრილში, პროცესი ჩაენიშნათ. გამოძიება ათ წელზე მეტია გრძელდება.
ბრალდებულთა შორისაა ერიკ უორტი, სარკოზის 2007 წლის კამპანიის ფინანსისტი, რომელიც ამჟამად ეროვნული ასამბლეის დეპუტატი და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიის წევრია. საფრანგეთის ხელისუფლება ორივე პირს კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონის მოთხოვნების დარღვევას, სარკოზის კი, დამატებით, კორუფციის ბრალდებასაც უყენებს. ცნობისთვის, სარკოზი 2021 წლის მარტში, მაგისტრატი მოსამართლის მოსყიდვის მცდელობისთვის, ხოლო იმავე წლის სექტემბერში, 2012 წლის არჩევნებისას კამპანიის დანახარჯების გადამეტებისთვის გაასამართლეს.
სარკოზიმ ორივე ბრალდება გაასაჩივრა. თითოეული ბრალდებისთვის, ყოფილ პრეზიდენტს, ერთი წლით შინაპატიმრობა და ელექტრონული სამეთვალყურეო სამაჯურის ტარება შეეფარდა. თუმცა, ლიბიისგან დაფინანსების მიღება, ყველაზე სერიოზული ბრალდებაა სარკოზისთვის, რომელიც მას ტერორისტულ აქტებში დადანაშაულებულ ლიდერს უკავშირებს. სარკოზიმ არაერთხელ უარყო კადაფისგან კამპანიისთვის დაფინანსების მიღებაც და ბრალდებას „გროტესკული“ უწოდა.
საინტერესოა, რომ სარკოზი, ლიბიისგან დაფინანსების მიღებაში პირველად 2011 წელს, მუამარ კადაფის ვაჟმა, საიფ ალ ისლამ კადაფმა დაადანაშაულა. საფრანგეთის ლიდერი, დასავლური ძალების კადაფის რეჟიმზე შეტევას მხარს უჭერდა, რის საპასუხოდაც, საიფმა, სატელევიზიო ინტერვიუსას, სარკოზის მისი საარჩევნო კამპანიისთვის ლიბიისგან მიღებული თანხის დაბრუნება მოსთხოვა. კადაფის განცხადებით, ბრალდების დამადასტურებელი დოკუმენტური მასალაც არსებობს.