კერძო კაპიტალის ბაზარი საქართველოში ვითარდება – “სინერჯი კაპიტალის“ და მისი აქციონერების როლი

კერძო კაპიტალის ბაზარი საქართველოში ვითარდება – “სინერჯი კაპიტალის“ და მისი აქციონერების როლი

არიან კომპანიები, რომელთაც პოტენციალი აქვთ, განვითარება სურთ და არ აქვთ შესაბამისი ფინანსური რესურსი და არიან ინვესტორები, რომელთაც კაპიტალი აქვთ და უფრო მეტი სარგებლის მიღებისთვის და მეტად უზრუნველყოფილი მომავლისთვის ინვესტირება სურთ. ამ ორი მხარის დაკავშირება ეკონომიკურად და ფინანსურად არასტაბილურ ბაზრებზე საკმაოდ რთულია. თუმცა, მათი თანამშრომლობა კერძო კაპიტალის ფონდებით ხორციელდება, რაც განვითარებულ ქვეყნებში უკვე რამდენიმე ათეული წელია დინამიკურად ვითარდება. ეს კი ეკონომიკური წინსვლისთვის ქვეყანას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს – იზრდება კაპიტალის ბრუნვა, ვითარდება ბიზნესი, ხორციელდება ახალი იდეები, იზრდება ექსპორტი და ეკონომიკური მაჩვენებლები ქვეყანაში უმჯობესდება.

კერძო კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოშიც დაწყებულია. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია, რომელმაც ამ კუთხით პირველი ნაბიჯები გადადგა, დაახლოებით ორი წლის წინ “სინერჯი ჯგუფმა“ შექმნა და მას “სინერჯი კაპიტალი“ დაარქვა. კომპანიამ თავიდან დაახლოებით სამი ათეული აქციონერი/ინვესტორი შემოიკრიბა, დღეს კი მათი რიცხვი უკვე 50-ს აღწევს.

მთელ ამ პროცესში “სინერჯი კაპიტალის“ მთავარი კონტრიბუცია იყო და არის ის ცოდნა და გამოცდილება, რაც “სინერჯი ჯგუფს“ 1999 წლიდან აქვს დაგროვილი, კომპანიების სტრატეგიულ და ორგანიზაციულ განვითარებაზე მუშაობის კუთხით. “სინერჯი ჯგუფის“ კლიენტები არიან  სხვადასხვა ნიშნით დაჯგუფებული საქართველოს ტოპ-100 კომპანიის ნახევარზე მეტი, თუმცა, როდესაც მათ “სინერჯისთან“ თანამშრომლობა დაიწყეს, იყვნენ ძალიან პატარები. მათთან მუშაობით დაგროვილი კომპეტენცია უნიკალურია. შესაბამისად “სინერჯი კაპიტალი“ პოტენციურ ინვესტორებზე ყიდის მის პარტნიორობას ისეთი კომპანიების თანამფლობელობაში, რომელთაც ზრდის დიდი პოტენციალი აქვთ და რომელთა განვითარებაზე “სინერჯის“ გუნდი ზრუნავს. ანუ ერთი მხრივ ეხმარება ინვესტორებს თავიანთი კაპიტალის გაზრდაში და მეორე მხრივ ეხმარება კომპანიებს სტრატეგიულ და ორგანიზაციულ განვითარებასა და ზრდისთვის საჭირო რესურსების მოზიდვაში. ფინანსური რესურსი, რასაც “სინერჯი“ კომპანიაში მიიტანს, არის როგორც დამატებითი სარგებელი.

თავიდანვე გაცხადებული იყო, რომ “სინერჯი კაპიტალი“ დაინტერესებულ ადამიანებს დაეხმარებოდა მიეღოთ მეტი სარგებელი ისეთი ორგანიზაციების კაპიტალში ინვესტირებით, რომელთაც განვითარების დიდი პოტენციალი ჰქონდათ და აქვთ. მართალია, ეს ინვესტორებისთვის ერთი მხრივ სკეპტიკური და შესაძლოა სარისკოც იყო, თუმცა,“სინერჯი ჯგუფს“ უკვე ჰქონდა საკმარისი ნდობა მოპოვებული ინვესტორებში მრავალწლიანი საქმიანობით, ამიტომაც მის ახალ წამოწყებას ინვესტორთა ნაწილი სიამოვნებით შეუერთდა და ამ კუთხით პირველი ნაბიჯების გადადგმაში მონაწილეობა გადაწყვიტა. მართლაც, “სინერჯი კაპიტალმა“ პირველი ემისია რომ გამოაცხადა, დათქმულ ვადაში შეძლო მისი დახურვა და 30-მდე ფიზიკური პირის, ქართველი აქციონერის შეძენა. რომ არა მათი ნდობა სინერჯისადმი და მოტივაცია, ეს საქმე არ გამოვიდოდა.

“სინერჯი კაპიტალის“ აქციონერები არიან ფიზიკური პირები, წარმატებული ბიზნესების მფლობელები ან სტაბილურად მაღალი ანაზღაურების მქონე ხელმძღვანელი პირები, რომელთაც თავ-თავის სფეროში დიდი გამოცდილება აქვთ დაგროვილი და დაინტერესებული არიან ასეთი ტიპის ინვესტირებით. აღსანიშნავია, რომ ისინი არ არიან პასიური აქციონერები. ისინი, შესაძლებლობების ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართული “სინერჯი კაპიტალის“ პორტფელური კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრებში, როგორც დამოუკიდებელი წევრები, რა დროსაც კომპანიის განვითარების მიზნით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იღებენ მონაწილეობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე მათი კომენტარი ან სწორად დასმული შეკითხვაც ძალიან ღირებულია კომპანიის მენეჯმენტისთვის.

საინტერესოა, რომ ამ მიმართულებით სვლა სინერჯიმ კიდევ უფრო ადრე დაიწყო. როგორც სინერჯიში იხსენებენ, 2015-2016წწ როდესაც პირველ პოტენციურ ინვესტორთა ჯგუფს შეხვდნენ და მაშინ ჯერ კიდევ დამწყები და მცირე ზომის ბიზნესის “8000 მოსავალის“ გაფართოების იდეაზე მოუყვნენ, ინვესტორთა დიდი ნაწილი სკეპტიკურად უყურებდა ამ საკითხს. სინერჯიმ მათ “8000 მოსავალის“ პირველი მაღაზიის გასახსნელად ორგანიზაციაში გარკვეული თანხის ჩადება შესთავაზა.

“დიდხანს მსჯელობდნენ სინერჯის ოფისიდან გასვლის შემდეგ ქუჩაში, განხორციელების რა შანსი ჰქონდა ამ იდეას. ხუთიდან მხოლოდ ერთმა დარეკა რამდენიმე დღეში და დაგვთანხმდა პროექტში ჩართვაზე. დღეს ის ადამიანი ამ კომპანიის მესამედს ფლობს და მინიმუმ გაათმაგებული აქვს იმ მომენტში გაკეთებული ინვესტიციის ღირებულება. პერსპექტივაში კი ფლობს იმ ერთ-ერთი ორგანიზაციის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც 10-15 წლის შემდეგ საქართველოს საუკეთესო და უდიდესი კომპანიების ასეულში იქნება ჩვენი შეფასებით”, – იხსენებს “სინერჯი კაპიტალის“ მმართველი პაპუნა ტოლიაშვილი. მას შემდეგ არაერთი კომპანიის განვითარებაში განხორციელდა ინვესტიციები.

უნდა აღინიშნოს, რომ თუ პირველი ემისიის წარმატება “სინერჯისადმი“ ნდობამ განაპირობა, მეორე და მესამე ემისიებზე უკვე ინვესტორები წინა ემისიის შედეგებით და ამ დროში მიღწეული შედეგებით ხელმძღვანელობდნენ. გაიზარდა პორტფელი, როგორც კომპანიების რაოდენობა, ისე არსებული კომპანიების ღირებულებაც, იქ განხორციელებული ცვლილებებით. “სინერჯის“ მთავარი კონტრიბუცია კომპანიებში შესვლისთანავე მათ ერთგვარად რუტინულ განვითარებაზე მუშაობის დაწყებაა. რაც პირველ რიგში სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებას და ამის შესაბამისად ორგანიზაციის მოწყობას გულისხმობს, რომ ოპერაციულად კომპანიებმა დამოუკიდებლად შეძლონ დასახული მიზნების მიღწევა. “სინერჯი კაპიტალი“ კი გარანტიაა, მათი უწყვეტი, სისტემური განვითარების. სწორედ ეს არის ის გაზრდილი ღირებულება, საიდანაც ღებულობს სარგებელს როგორც ინვესტორი, ისე თვითონ კომპანიები.

“ძალიან მნიშვნელოვანია ამ გზაზე განცდილი წარუმატებლობის შეფასება და სწორად გამოყენება. ყველა კომპანიაში რა თქმა უნდა არ არის წარმატებული ჩვენი მონაწილეობა. მიზეზების ნაწილი დღეს შეიძლება უკავშირდებოდეს პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობას, მაგრამ ნაწილი ჩვენი არასწორი გადაწყვეტილებებია, არასწორად შერჩეული კომპანია, სადაც შევედით, ჩვენი მხრიდან არასწორი მუშაობა პარტნიორებთან და კომპანიის მენეჯმენტთან. მაგრამ ეს გამოცდილებაა და ძალიან ძვირფასი გამოცდილება ჩვენთვის, რაც გვეხმარება ყოველდღიურად უფრო ნაკლები შეცდომა დავუშვათ – არ შევიდეთ ისეთ კომპანიებში, სადაც ჩვენ არ უნდა შევიდეთ და სადაც შევალთ ვიბრძოლოთ ბოლომდე, რომ ჩვენი რეპუტაცია და ჩვენი ინვესტორების რესურსები დავიცვათ მაქსიმალურად.“ – ამბობს “სინერჯი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პაპუნა ტოლიაშვილი.

დღეს “სინერჯიში“ აცხადებენ, რომ ქართული კომპანიების წილების შეძენის ინტერესი მზარდია, მათ სულ უფრო მეტი ადამიანი ეხმიანება, სულ უფრო მეტს აინტერესებს რა მიდგომებით მუშაობენ ახალი კომპანიების დამატებისას, როგორ არჩევენ, რა მიდგომებით ემუშავებიან რომ ღირებულება გაუზარდონ. ინტერესი მზარდია, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მყოფი ქართველების მხრიდან. ეს კი განსაკუთრებით აქტუალური შექმნილ კრიზისულ პერიოდში გახდა, ვინაიდან ბევრ კომპანიას საქმიანობის შეჩერება ან შეფერხებით წარმოება უხდება. ამდენად, ამ სიტუაციაში კიდევ უფრო კრიტიკულია მათი ინტერესი და მხარდაჭერა. ამ კუთხით სინერჯი კაპიტალი საჯაროდ უზიარებს ყველას მათი მუშაობის მიდგომებს და მოუწოდებს ადამიანებს, რომ გაერთიანდნენ და დაიწყონ მსგავსი ტიპის საქმიანობა, რათა მეტი მხარდაჭერა მიიღოს ბიზნესმა და საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკამ.

“სინერჯი კაპიტალს“ ამჟამად დაახლოებით 20 პორტფელური კომპანია ჰყავს და 50 აქციონერი/ინვესტორი.

ჩვენ ვთვლით, რომ ყველამ, ვინც ჩვენი აქციები შეიძინა უკვე შეიძინა ბედნიერი მომავალი ან მისი კარგი საფუძველი მაინც შეიძინა, – აცხადებენ “სინერჯი კაპიტალში“.