კერძო საინვესტიციო ფონდმა Toshiba $14-მილიარდად შეიძინა

კერძო საინვესტიციო ფონდმა Toshiba $14-მილიარდად შეიძინა

იაპონური ტექნოლოგიური გიგანტის, Toshiba-ს მიერ გავრცელებული განცხადებით, კერძო საინვესტიციო ფონდის, იაპონიის ინდუსტრიული პარტნიორებისაგან (JIP) მიღებული სატენდერო შეთავაზება წარმატებული აღმოჩნდა და JIP-მა Toshiba $14 მილიარდად შეიძინა. აღნიშნული გარიგება შესაძლოა ელექტრონული მოწყობილობების იაპონური მწარმოებლისათვის შვების მომგვრელი აღმოჩნდეს, რადგან წლებია, კომპანიას უცხოელ ინვესტორებთან უთანხმოება აქვს.

სფეროს ანალიტიკოსების შეფასებით, იაპონური Toshiba-ს კერძო საკუთრებაში გადასვლა აქციონერებსა და კომპანიას შორის ურთიერთობებს დაალაგებს და კორპორაციას განვითარების შესაძლებლობას დაუბრუნებს.

შესყიდვის შეთავაზება Toshiba-მ მარტში მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ აქციონერები შეთავაზების მოცულობით უკმაყოფილოები იყვნენ, Toshiba-ს მტკიცებით, უფრო ხელსაყრელი შეთავაზების მიღების პერსპექტივა არ არსებობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კერძო საინვესტიციო ფონდი კომპანიის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორისთვის, ტარო შიმადასთვის პოზიციის შენარჩუნებას გეგმავს. JIP-ის პორტფელში Toshiba-ს გარდა ასევე იაპონური კონგლომერატების, Olympus-ის ფოტოაპარატების მიმართულება და Sony Group-ის ლეპტოპების მიმართულება გვხვდება. JIP-ის კონსორციუმი ისეთი კომპანიებისგან შედგება, როგორიცაა Rohm-ი, Orix-ი და Chubu Electric Power-ი.

აღნიშნული შესყიდვა მიმდინარე წელს აზიაში განხორციელებული უმსხვილესი გარიგებაა. გეგმის მიხედვით, Toshiba-ს შესყიდვასთან დაკავშირებული პროცედურები დეკემბერში დასრულდება.