ხარისხი უპირველესია

ხარისხი უპირველესია

კომპანიის გეგმებზე Forbes-ს “ჰაიდელბერგცემენტის” სამშენებლო მასალების დირექტორი დავით ჯუღაშვილი უყვება.

ადგილობრივი და უცხოური სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები, ინჟინრები, არქიტექტორები და სამშენებლო სფეროს პროფესიონალები ივნისის დასაწყისში წინანდალში შეიკრიბნენ. “ჰაიდელბერგცემენტის” ორგანიზებით ხარისხის საერთაშორისო კონფერენცია “სამშენებლო ტენდენციები 2019” გაიმართა და ის რიგით მეექვსეა. “ხარისხი ჩვენთვის პრიორიტეტია”, – სწორედ ამ სლოგანს ატარებს “ჰაიდელბერგცემენტი” მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული. კომპანიამ საქმიანობა გერმანიაში, ჯერ კიდევ 1874 წელს დაიწყო, დღეს კი ცემენტისა და ბეტონის წარმოების უმსხვილეს გლობალურ ბაზარზე ლიდერობას არ თმობს. 

2006 წლიდან კომპანია ცემენტის ბაზრის აღიარებული ლიდერია საქართველოშიც. 2009 წელს, როდესაც “ჰაიდელბერგცემენტმა” ბეტონის ბიზნესი დაიწყო, ამ მიმართულებით კომპანიაში დასაქმებული იყო ათი თანამშრომელი, ოპერირებდა ერთი ქარხანა და ათი ბეტონმზიდი. დღეს კი ბეტონის მიმართულებით დასაქმებულია 250-მდე ადამიანი, თითოეული დეპარტამენტი უფრო მსხვილია, ვიდრე იმ დროს მთლიანად კომპანია იყო. ზრდის მასშტაბები მომავალშიც შენარჩუნდება. დღეს “ჰაიდელბერგცემენტს” ბეტონის ქარხნები თბილისში, ბათუმსა და ფოთში აქვს, ხოლო მობილური ქარხნების ქსელი – საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. სამომავლოდ კომპანია მუდმივი ქარხნებით საქართველოს ყველა რეგიონის მოცვას გეგმავს. კომპანიის გეგმებზე Forbes-ს “ჰაიდელბერგცემენტის” სამშენებლო მასალების დირექტორი დავით ჯუღაშვილი უყვება.

ბოლო პერიოდში საქართველოში სამშენებლო პროდუქციის ხარისხის საკითხმა წინა პლანზე წამოიწია. “ჰაიდელბერგცემენტი” ამ მხრივ არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა. რას ნიშნავს თქვენი კომპანიისთვის ხარისხიანი პროდუქცია და რა არის ის სტანდარტები, რომელთაც პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს?

ხარისხის კონტროლის კუთხით დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა, თუმცა არსებული მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორსაც სახელმწიფო ან ბაზრის მოთამაშეები ისურვებდნენ. დღეს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს ნამდვილად ვერ შევადარებთ თუნდაც რამდენიმე წლის წინ არსებულს, თუმცა კვლავაც არ ვართ იქ, სადაც უნდა ვიყოთ. საქართველოში არსებობს ცემენტის ასოციაცია, რომელიც თვეში ერთხელ ბრმა შემოწმების მეთოდით ამოწმებს საქართველოში მოქმედ მწარმოებლებს. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში ძალიან ცუდი და, შეიძლება ითქვას, საგანგაშო შედეგი დგება. ამ უხარისხო ცემენტისგან კეთდება ბეტონი, რომელიც ხვდება ყალიბში და იმ სახლებში, კორპუსებსა თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომლებითაც ჩვენ ვსარგებლობთ. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ სფეროში მეტი კონტროლია საჭირო. ერთი მხრივ, ეს ჩვენ მსგავს კომპანიას არაჯანსაღ კონკურენტულ პირობებში აყენებს, რადგან კომპანიების ნაწილი დაბალხარისხიან პროდუქციას შესაბამისად დაბალ ფასად ყიდის, მეორე მხრივ კი ისევ ჩვენ – საზოგადოება ვცხოვრობთ ამ სახლებში.

საერთაშორისო გამოცდილება როგორია ამ კუთხით? რა ტიპის კონტროლი ხორციელდება, მაგალითად, ევროპაში?

შესაბამისი უწყებების მხრიდან ყველა კომპანიის შემოწმება სირთულეებთან არის დაკავშირებული, სწორედ ამიტომ ევროპაში და არა მხოლოდ, არსებობს თვითკონტროლის მექანიზმი. კერძოდ, ბეტონისა და ცემენტის მწარმოებლები აღჭურვილი არიან შესაბამისი სერტიფიცირებული ლაბორატორიით, რომელიც კონკრეტული სტანდარტის მიხედვით მუშაობს. ასე მაგალითად, ევროპაში დღეს მოქმედი სტანდარტია EN 206. ნებისმიერ ევროპულ ბეტონის მწარმოებელს აქვს ან საკუთარი ლაბორატორია, რომელიც ამ სტანდარტით მუშაობს ან თანამშრომლობს მესამე მხარის ლაბორატორიასთან. სახელმწიფო კი უკვე ამოწმებს ამ ლაბორატორიას წელიწადში ერთხელ ან სხვა ინტენსივობით. ეს არის ყველაზე მარტივი პრაქტიკა. საქართველოში ბეტონის მწარმოებელი უამრავი კომპანია ოპერირებს, რომელთაც არ გააჩნიათ საკუთარი ლაბორატორია და შეიძლება თავადაც არ იციან, რა ხარისხის ბეტონს უშვებენ. სერტიფიცირებული ლაბორატორიის არსებობა სავალდებულო უნდა იყოს.

რა განასხვავებს ამ დარგში ხარისხიან და უხარისხო პროდუქციას? როგორ უნდა მიხვდეს მომხმარებელი, რომელი პროდუქტია მისთვის უმჯობესი?

ბეტონის მწარმოებლები მუშაობისას ორ კომპონენტს ითვალისწინებენ: ეს არის სტანდარტი და მშენებლის მიერ მიღებული დავალება. “ჰაიდელბერგცემენტი” არის გარანტი, რომ დაცული იქნება სამშენებლო კომპანიისა თუ კერძო პირის მიერ მოთხოვნილი სპეციფიკაციები და ასევე მოქმედი სტანდარტები. ეს ორი პარამეტრი გვაძლევს გარანტიას, რომ ბეტონი მაღალი ხარისხის იქნება. ჩვენ ჩვენივე წარმოების ბეტონს ყოველდღიურად ვამოწმებთ იმ მოთხოვნების მიხედვით, რომლებიც დღეს ევროკავშირშია.

როგორც ვიცით, კომპანია მომხმარებელს მობილურ ბეტონის ქარხნებსაც სთავაზობს. რატომ გადაწყვიტეთ, ეს სერვისი შეგეთავაზებინათ კლიენტებისთვის?

მობილური ქარხნების ქსელი ჩვენი ცალკე ბიზნესმიმართულებაა. დღეს ბეტონზე მოთხოვნა არა მხოლოდ თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებშია, არამედ რეგიონებშიც. ბეტონი მალფუჭებადი პროდუქტია და მისი მიწოდება დიდ მანძილზე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, 2011 წელს დავიწყეთ მობილური ქარხნების ქსელის განვითარება. ეკოლოგიურად სუფთა, კომპაქტური ქარხნის მონტაჟი სამშენებლო უბანთან ახლოს რამდენიმე კვირაში ხდება. მთავარი ამოსავალი არის ლოგისტიკური ხარჯების დაზოგვა, ამიტომ ვცდილობთ, ბეტონის ქარხანასა და სამშენებლო უბანს შორის მანძილი მაქსიმალურად შემცირდეს. ტრანსპორტირების მანძილის შემცირება, ერთი მხრივ, ყველა მხარეს აძლევს მეტ ეკონომიკურ სარგებელს, ხოლო მეორე მხრივ, გარემოზე ზემოქმედება მცირდება. ჩვენი მობილური ქარხნები ბეტონის გადამუშავების რეციკლირების სისტემით არის აღჭურვილი. შედეგად, ბეტონმზიდში დარჩენილი ბეტონის გადამუშავება და ამ გზით წყლისა და ინერტული მასალის მიღება ხდება, რომელსაც ხელახლა ვიყენეთ წარმოების პროცესში.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი კომპანიისთვის კერძო, მცირე ზომის პროექტების მომსახურება, თუ მხოლოდ მსხვილ ობიექტებზე ხართ ორიენტირებული?

ჩვენი ერთ–ერთი პრიორიტეტი და ბიზნესინტერესია, რომ მოვემსახუროთ ნებისმიერი ზომის სამშენებლო ობიექტს, იქნება ეს კერძო სახლი თუ მსხვილი პროექტი. ძალიან აქტიურად ვებრძვით იმ სტერეოტიპს, რომ “ჰაიდელბერგცემენტი” მხოლოდ დიდ სამშენებლო კომპანიებსა და პროექტებს ემსახურება და პატარა კერძო კლიენტებისთვის არ სცალია. კერძო სახლების მიმართულებით უახლოეს მომავალში კომპანიაში ცალკე დეპარტამენტის შექმნას ვგეგმავთ.

 არის თუ არა სირთულესთან დაკავშირებული სამშენებლო უბნისთვის ბეტონის დროული მიწოდება? როგორ ხდება ლოგისტიკური პროცესის გადაზღვევა?

ჩვენი ერთ–ერთი მთავარი მიმართულება – სერვისის გაუმჯობესებაა. დიდ ქალაქებში, მაგალითად, თბილისში, ამ ეტაპზე ბეტონის შვიდი ქარხანა გვაქვს, რაც საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ სამშენებლო უბანს ბეტონი დროულად მივაწოდოთ. თუმცა ქალაქში მოძრაობის გადატვირთულობიდან გამომდინარე, შესაძლოა, მიწოდება მაინც დაგვიანდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი კლიენტებისთვის მომხმარებლის პორტალი შევქმენით. პორტალის მეშვეობით, კლიენტს რეალურ დროში შეუძლია, მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც ჩვენსა და მათ შორის არსებობს: ფინანსური ინფორმაცია, ფასები, მიწოდებული ბეტონის რაოდენობა ობიექტების მიხედვით, ლაბორატორიული შემოწმების შედეგები, დავალიანება, და, რაც მთავარია, კლიენტებს მივეცით წვდომა ჩვენსავე ლოგისტიკურ სქემაზე. ნებისმიერ მშენებელს შეუძლია, ობიექტის მიხედვით ნახოს მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების სქემა. მსგავსი სერვისი ბეტონის ქარხნისთვის უპრეცედენტოა. მშენებელი მთელ ლოგისტიკურ ციკლს რეალურ დროში ხედავს, რაც მას სამშენებლო დღის უკეთ დაგეგმვაში ეხმარება.

რა ტიპის პროდუქტებს სთავაზობთ დღეს მომხმარებლებს და თუ გაჩნდა მოთხოვნა ბაზარზე განსხვავებულ პროდუქტებზეც?

ჩვენ მუდმივ ინოვაციებზე მიმართული კომპანია ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ვაწარმოებთ მხოლოდ ტრადიციულ ბეტონს. ასე მაგალითად, მშენებლებს ვთავაზობთ ადვილად ვიბრირებად ბეტონს, რომელიც რთულ გეომეტრიულ ყალიბებზეა გათვლილი. ეს არქიტექტორსა და მშენებელს აძლევს თავისუფლებას პროექტის დაგეგმვისას. მეორე ტენდენციაა საფასადე ბეტონი, რომელიც არქიტექტორს საშუალებას აძლევს, ბეტონი გამოიყენოს ექსტერიერისა და ინტერიერის მთავარ ელემენტად. საფასადე ბეტონის მთავარი მიმართულება სწორედ ვიზუალურ სილამაზეს უკავშირდება. სფერო საკმაოდ ფართო და დინამიკურია, ჩვენ კი ვცდილობთ, ბაზარზე ახალი პროდუქცია ყოველწლიურად შემოვიტანოთ.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები საქართველოს ბაზართან დაკავშირებით? გეგმავთ თუ არა არსებული ქსელის გაფართოებას?

საქართველოში ოპერირება 2006 წელს დავიწყეთ. ცემენტის მიმართულებით ყველაზე აღსანიშნავი იყო კასპის ცემენტის მშრალი ხაზის წარმოებაში გაშვება, რომელიც წელს შევიდა ექს- პლუატაციაში. ამ ქარხნის ინვესტიცია 100 მლნ დოლარზე მეტი იყო, რაც კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ “ჰაიდელბერგცემენტი” დიდ პოტენციალს ხედავს ამ ბაზარზე. მსგავსი ინვესტიციის უკუგება შეიძლება ათეულობით წლების შემდეგაც მოხდეს. სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ მუდმივი ბეტონის ქარხნებით მთელი საქართველო დავფაროთ. საქართველოს რეგიონებში მუდმივ მოთხოვნას ვხედავთ, ამიტომ ქარხნების აშენებას თითქმის ყველა რეგიონალურ ცენტრში ვაპირებთ. მუდმივად ვიქნებით ორიენტირებული ინოვაციებსა და ახალი პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვაზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *