როდესაც ძვირად ღირებული დიზაინერული ჩანთის ცნება – “It bag” მოდის მიერ აღიარებულ ტერმინად იქცა, მომხმარებელს არცთუ ისე დიდი არჩევანი ჰქონდა სტილისა და ბრენდის თვალსაზრისით.
მას შემდეგ ათწლეულები გავიდა, გემოვნება და სტილის აღქმა განვითარდა და გაცილებით უფრო დივერსიფიცირდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ახლა თითქმის შეუძლებელია სეზონისათვის იმ “ერთადერთი” ჩანთის განსაზღვრა.
მოდის დამმკვიდრებლები და ისინი, ვინც მოდის ახალ ტენდენციებს ფეხდაფეხ მიჰყვებიან, თავს იკავებენ სეზონისათვის მხოლოდ ერთი ჩანთის ან ბრენდის კონცეფციის აღიარებისაგან. იშვიათად თუ შეხვდებით მაღალი მოდის მიმდევარს, რომელსაც უკავია ისეთივე ხელჩანთა, როგორიც დანარჩენ მოსახლეობას შეიძლება ჰქონდეს. მრავალფეროვნება და განხვავებულობა არის ახალი შიკი, ხოლო ყველაზე დიდი მოდური შეცდომაა, დაიკავოთ სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად დაპოსტილი ხელჩანთა (წაიკითხეთ: “მოდის მსხვერპლი”). თანამედროვე განმარტებით ჭეშმარიტად მოდურია უნიკალურობის მუდმივი ძიება და ნამდვილი ოსტატობისა და ტრადიციების დაბრუნება.
მოდის სწორედ ამ ინოვაციური აღქმის წყალობით გაჩნდა ბევრი ახალი აქსესუარების ბრენდი, რომელთა შემქმნელები ოსტატობასა და ისტორიაზე აკეთებენ აქცენტს. 2012 წელს, როდესაც ნაქსოვი აქსესუარების ბრენდ 0711-ის დამაარსებლებმა – ნინო ელიავამ და ანი მოკიამ მოდის ბიზნესში შეაბიჯეს, მათი თავდაპირველი გეგმა იყო, ხაზი გაესვათ ქართული ტრადიციული სტილის ფესვებისათვის. მათ შექმნეს ონლაინპლატფორმა MOREISLOVE, სადაც წარმოდგენილია რეგიონში მოღვაწე წამყვანი დიზაინერები და ბრენდები. ონლაინმაღაზიაში პროდუქციის ფართო ასორტიმენტს შემოგთავაზებენ, მათ შორის სამკაულებს, ტანისამოსსა და თავად ნინოსა და ანის შექმნილი ნაქსოვი აქსესუარების ბრენდ 0711 Knits-ს.
ნინო ელიავას და ანი მოკიას დიდი სურვილი ჰქონდათ, წარმოეჩინათ თავიანთი ქვეყნის ქსოვის მდიდარი ტრადიციები, რაც მოახერხეს კიდეც თანამედროვე, ჰიპსტერული და გამორჩეული დიზაინებით. ჩანთების საკუთარი ხაზის შექმნისაკენ დიზაინერებს უნიკალური, ელეგანტური და უაღრესად ფუნქციონალური ხელჩანთების საჭიროებამ უბიძგა. დიზაინერებმა ჩანთებში ნაქსოვი ელემენტების ჩართვა გადაწყვიტეს, რაც მოგვიანებით უკვე მათი ხაზის სამარკო ნიშნად იქცა.
მუქი ფერის ხისა და ორგანული მინის დეტალების გამოყენებით, დიზაინერებმა შექმნეს ყუთის ფორმის სილუეტი, რომელიც განასხვავებს 0711-ის უკვე ძალიან პოპულარულ მოდელებს, როგორიცაა: Copacabana, St Barts და St Tropez. დიზაინერების მიერ შექმნილი ამ ჩანთების მიმზიდველობას კიდევ უფრო ამძაფრებს ფერთა კომბინაციის ფაქტორი. 0711-ის ერთი ხელჩანთის დამზადებას სრული ხუთი დღე სჭირდება. ქართველი ოსტატები განსაცვიფრებელ ტექნიკასა და უნარებს იყენებენ, საუკუნეების მანძილზე თაობიდან თაობას რომ გადმოეცემოდა. თითოეული დიზაინის შთაგონებად იქცა კინო და მოგზაურობა, ხოლო ხაზგასმული ფერები მათი სტილის შესახებ ხმამაღალი განაცხადია და აუცილებლად ყველა ქალბატონის გარდერობში უნდა იყოს.
თბილისი ძალიან სწრაფად ვითარდება გლობალურ ბრენდად, რომლის სიასაც სულ უფრო მეტი გამორჩეული საცალო ვაჭრობის ობიექტი ემატება. ამგვარი განვითარება სრულად მიესადაგება MOREISLOVE-ის დამფუძნებლების ხედვას და სწრაფვას, მოიცვან უფრო ფართო, გლობალური აუდიტორია. ბრენდის შემოდგომა/ზამთრის 2018 კოლექცია 1960-იანი წლების კინოკლასიკის, ჯეიმს ბონდის სერიის საკულტო ფილმის – “დოქტორ ნო”-ს მოტივებზეა აგებული. “ჩანთების ფერთა პალიტრა – ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ზეთისხილისფერი, მუქი – იმეორებს ფილმის დეკორაციებს და მთავარი გმირების სტილს”, – განმარტავს ბრენდის გუნდი. ახალი კოლექცია მოიცავს ტყავის ჩანთების პირველ სერიას სახელწოდებით Bea. თეთრი, კარამელისფერი და მუქი ყავისფერი რელიეფური ტყავი კიდევ უფრო მეტ დახვეწილობას სძენს ყუთის სილუეტის ჩანთებს, რომელთანაც უკვე ასოცირდება ბრენდი 0711 Tbilisi.
სექტემბერში ბრენდ 0711-ის თბილისის გუნდი პარიზის მოდის კვირეულში იღებს მონაწილეობას, სადაც 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას წარადგენს. მოდი, თვალი შევავლოთ, თუ რას გვიმზადებს ახალბედა მოდური ბრენდი მომავალი სეზონისათვის.