კომპანია „ენერგონი“ ენგურჰესის რეაბილიტაციას ასრულებს

კომპანია „ენერგონი“ ენგურჰესის რეაბილიტაციას ასრულებს

„ენგურჰესის“ გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. სარეაბილიტაციო პროექტის მიზანი წყლის დანაკარგის შემცირება იყო, რის შედეგადაც წელიწადში დაახლოებით 100/120 მლნ/კვტ ელექტროენერგია გამომუშავდება.

სამუშაოების შესრულებას ჯამში 30 მილიონი ევრო მოხმარდა, საიდანაც დაახლოებით 8 მილიონი ევრო მხოლოდ გვირაბის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა.

ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის მთავარი მიზანი ავარიის პრევენცია იყო, რომელსაც შესაძლოა, „ენგურჰესის“ დიდი ხნით გაჩერება გამოეწვია. სამთვიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად საქართველოს უმსხვილესმა ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება აპრილში განაახლა, თუმცა მისი სრული რეაბილიტაცია, რომელსაც კომპანია „ენერგონი“ უდგას სათავეში, ჯერ არ დასრულებულა. კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი მირცხულავა დარწმუნებულია, რომ მსგავსი ჰესების წყალობით საქართველოს შეუძლია, ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს, რისი მიღწევაც როგორც ჰიდროენერგეტიკაში, ისე სხვა განახლებად ენერგიაში ინვესტირებითაა შესაძლებელი. გიორგი მირცხულავა Forbes Infrastructure-ს საქართველოს ენერგოგამოწვევებსა და განვითარების გზებზე ესაუბრა.

„ენგურჰესის“ რეაბილიტაცია არის ის უახლესი და უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელსაც თქვენ ახორციელებთ. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. რა შედეგები მიიღეთ ამ ეტაპზე?

„ენგურჰესი“ ჩვენი ქვეყნისთვის ელექტროენერგიის უმნიშვნელოვანესი წყაროა, რადგან ის ქართული ენერგეტიკის 45% აგენერირებს. დღეს რომ უწყვეტი ელექტროენერგია და შედარებით დაბალანსებული ტარიფი გვაქვს, ამაში დიდი წვლილი სწორედ „ენგურჰესს“ მიუძღვის. ვამაყობთ იმით, რომ ამ ჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვენმა კომპანიამ ჩაატარა.

ყველაზე რთული გვირაბის რეაბილიტაცია იყო, რომელიც 2021 წლის აპრილში დასრულდა და, შედეგად, 3-თვიანი პაუზის შემდეგ, ჰესიც ამუშავდა.

გვირაბის რეაბილიტაციის პროცესში გაიბურღა 65,000 მეტრი. სამუშაოების დროს გამოვიყენეთ საინიექციო ქიმიური მასალა, რომლითაც გვირაბის გარშემო არსებული სიცარიელეები და კაპილარები შევავსეთ და ამ გზით წყლის დანაკარგი შევამცირეთ. ჩვენი მთავარი მიზანიც სწორედ ეს გახლდათ – გვირაბში წყლის დანაკარგის შემცირება, რაც „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას გაზრდიდა. დღეს ჰიდროელექტროსადგურის ხელმძღვანელები ადასტურებენ, რომ 3-4 თვეში უკვე საგრძნობი შედეგი მიიღეს და ელექტროენერგიის გამომუშავება მკვეთრად არის გაზრდილი.

მე-4 ფაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ჯამში დასაქმდა 1 000 ადამიანი, მათგან 20%-მდე უცხოელი სპეციალისტი იყო, ჩვენი ახალგაზრდა თანამშრომლები მათგან ახალ ცოდნასა და გამოცდილებას იღებდნენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვმუშაობდით 24-საათიან რეჟიმში, რადგან გვქონდა 3-თვიანი ვადა, რომლის გადაცილებაც ნიშნავდა იმას, რომ ქვეყანას დამატებით უნდა მოეხდინა ელექტროენერგიის იმპორტი. ასევე აღსანიშნავია COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევები, პერსონალის დაინფიცირების შემთხვევაში სპეციალისტების დროულად ჩანაცვლება ჩვენთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. რეგულაციების დაცვამ და მაქსიმალურმა ყურადღებამ მოგვცა ის, რომ ინფიცირება თავიდან ავიცილეთ და პროექტი ვადაზე ერთი კვირით ადრე ჩავაბარეთ.

„ენგურჰესის“ რეაბილიტაცია როგორც საქართველოს მთავრობის კონტროლირებად, ისე არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, აფხაზეთშიც ხორციელდება და ვიცით, რომ ეს პროექტი არა მხოლოდ ენერგოთვალსაზრისით, არამედ სხვა კუთხითაც ორივე მხარისთვის უმნიშვნელოვანესია. რა გამოწვევების დაძლევა მოგიწიათ მუშაობის პერიოდში?

მე ვფიქრობ, რომ „ენგურჰესი“ არის ხიდი ქართველებსა და აფხაზებს შორის. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძმები, აფხაზები, და ჩვენ მივხვდებით, რომ ერთად მუშაობით უფრო კარგ შედეგებს ვაღწევთ. იმისათვის, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მთავრობის არაკონტროლირებად ტერიტორიაზეც ჩაგვეტარებინა, რა თქმა უნდა, გვჭირდებოდა სპეციალური ნებართვა, გახსნილი იყო ახალი გამშვები პუნქტიც და სამუშაოებში ჩართულები იყვნენ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებნიც, რომელთაც ასევე კარგად ესმით „ენგურჰესის“ მნიშვნელობა. შესაბამისად, ყველა ხელს გვიწყობდა. ჩვენ საქართველოს მთავრობის არაკონტროლირებად ტერიტორიაზეც ბევრი მცხოვრები დავასაქმეთ. მათ დაინახეს, რომ ერთობით, ერთმანეთის გვერდით დგომით ბევრი რაღაცის გაკეთებაა შესაძლებელი.

თქვენ სხვა პროექტებზეც მუშაობთ, იქნება ეს გარდაბნის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა თუ „მტკვარი ჰესი“, რამდენად მასშტაბურია ეს პროექტები და რა მნიშვნელობა აქვს მათ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით?

ზოგადად, ნებისმიერი ენერგეტიკული პროექტი უმნიშველოვანესია ქვეყნის ენერგეტიკისთვის. ჩვენ „მტკვარი ჰესის“ პროექტს ვახორციელებთ, რომლის სამშენებლო სამუშაოებზე 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. პროექტის დასრულება 2022 წლის აპრილშია დაგეგმილი, რის შემდეგაც საქართველოს ენერგეტიკას დაემატება 53 მეგავატის სიმძლავრე, ქვეყნის ბიუჯეტისთვის კი იქმნება მილიონობით ლარის ღირებულების მუდმივი შემოსავლის წყარო. პროექტი ხორციელდება საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით და ჩვენ პროექტით გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოებს ვატარებთ. პროექტის ღირებულება 33 მილიონ დოლარს აჭარბებს.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით ელექტროგადამცემი ხაზების განვითარებას, პროექტი დაფინანსებულია „საქრუსენერგოს“ მიერ და საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების 2019-2029 წლების გეგმის ფარგლებში ხორციელდება.

პროექტი ითვალისწინებს არსებული 330კვ ელექტროგადამცემი ხაზების, „გარდაბანის“ დემონტაჟს და მის მაგივრად ახალი ორჯაჭვა ქსელის მშენებლობას. ამავდროულად, აზერბაიჯანში აშენდა ახალი ორჯაჭვა 330კვ ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებიც ქსელს საშუალებას მისცემს, გაატაროს 1000 მეგავატამდე სიმძლავრე, აქამდე გატარებული 300 მეგავატის ნაცვლად. შედეგად, გაძლიერდება ენერგოსისტემის მდგრადობა, რაც სტაბილური ექსპორტის შესაძლებლობას გვაძლევს.

„ენერგონი“ 1956 წელს დაარსდა და ამ დროში დიდი გამოცდილება დაგიგროვდათ თქვენს სფეროში.რა ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს ხედავთ საქართველოს ენერგოსექტორში?

აუცილებლად გვჭირდება ენერგოდამოუკიდებლობა, რომელსაც უნდა მივაღწიოთ როგორც ჰიდროსადგურებით, ისე ქარისა და მზის სადგურებით. ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი გარემოს შექმნა, რაც მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს. დასრულებული პროექტებით შევძლებთ იმპორტის ჩანაცვლებას იაფი ადგილობრივი ენერგიით და ქონების გადასახადის მოსაკრებლების სახით გადახდილი გადასახადები ადგილობრივ ბიუჯეტში მოხვდება, რაც რეგიონების განვითარებას შეუწყობს ხელს, რადგან ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება.

საინტერესოა, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში არსებული მდგომარეობის ფონზე, როგორია კომპანია „ენერგონის“გამოწვევები?

გამოწვევა, რომელიც თითქმის ყველა ქართულ კომპანიას და მათ შორის ჩვენც გვაქვს, ეს არის პროფესიონალი კადრების მოძიება, მოტივირება, გაძლიერება, სწავლება და შედეგების დადება. ჩვენთან მოდიან ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც ცოდნისა და გამოცდილების მიღება სჭირდებათ, რაც ღვაწლმოსილმა კადრებმა უნდა გადასცენ, თუმცა ენერგეტიკის სფეროში ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა წყვეტა. შესაბამისად, ჩამოგვყავს უცხოელი კადრები, რომლებიც ჩვენს ახალგაზრდებს განვითარებაში ეხმარებიან. ეს პროცესი წლებია, გრძელდება და შევძელით კარგი გუნდის შეკრება.

ბიზნესის მეორე მთავარი გამოწვევა ქართულ ენერგოსექტორში საერთაშორისო კომპანიების ჩანაცვლებაა და მიგვაჩნია, რომ როგორც სახელმწიფომ, ისე კერძო ინვესტორებმა უპირატესობა ადგილობრივ ბიზნესს უნდა მიანიჭონ. ჩვენი პროექტები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ენერგოინფრასტრუქტურაში განსახორციელებელ მასშტაბურ პროექტებზე ვთქვათ – გავაკეთებთ!

დღეს, როგორც არასდროს, განვითარებული ქვეყნები მწვანე ენერგიაზე აკეთებენ აქცენტს, მაგალითად, ესტონეთი დიდი ხნის განმავლობაში სრულად ფიქალის ნავთობზე იყო დამოკიდებული, ახლა კი ქარის ენერგიის განვითარებაზეც ფოკუსირდება. რა პოტენციალი აქვს ამ მხრივ საქართველოს?

მიმაჩნია, რომ მალე ნავთობი და გაზი მსოფლიოში შეასრულებს იმავე როლს, როგორსაც წლების წინ ქვა­ნახშირი ასრულებდა ანუ მას უფრო და უფრო ნაკლებად გამოიყენებენ. მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, მწვანე ენერგიის ათვისება ჩვენც დავიწყეთ. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქართლის ქარის ელექტროსადგურის ჯამური სიმძლავრე 1450 მეგავატია და, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. ყველა ქვეყანას აქვს თავისი პოტენციალი, რომელიც მაქსიმალურად უნდა აითვისოს. ჩვენი პოტენციალის უდიდესი ნაწილი არის წყლის ენერგია, რაც დიდი უპირატესობაა, მაგრამ ამავე დროს ქარის ან მზის ენერგიის მიმართულებითაც უნდა ვიმუშაოთ. ეს იგივეა, გვქონდეს გაზისა და ნავთობის მოპოვების შესაძლებლობა და მას არ ვიყენებდეთ. ჰიდროენერგიის განვითარების პარალელურად, მზისა და ქარის ენერგიების გენერირება დაბალანსების საშუალებას მოგვცემს.

ჰიდროელექტროსადგურების ერთ­-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ შესაძლებელია ელექტროენერგიის გამომუშავება მისი საჭიროების მიხედვით. როდესაც ელექტროენერგიის მოთხოვნა დაბალია, შესაძლებელია ჭარბი ენერგია (წყალი) რეზერვუარში დაგროვდეს, ხოლო ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის დროს ის ამ დეფიციტის დასაფარავად გამოვიყენოთ.

როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს ენერგოსექტორი რაც შეიძლება მცირე დროში ისე, რომ ენერგორესურსების იმპორტი მაქსიმალურად შემცირდეს?

აუცილებელია ყველა სახის ენერგორესურსის გამოყენება, იქნება ეს ჰიდროენერგია, ქარის თუ მზის ენერგიები. თუ ჩვენ „ენგურჰესის“ მსგავსი მასშტაბური პროექტები არ განვახორციელეთ, ელექტროენერგიის იმპორტი სულ უფრო მეტად გაიზრდება, რა დროსაც ქვეყნიდან ვალუტის გადინება ხდება და ეს თავისთავად დიდ გავლენას ახდენს ლარის კურსის სტაბილურობაზე.

ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიდ როლს შეასრულებს. შესაბამისად, კაშხლებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ავიღებთ ხუთ დიდ პროექტს საქართველოში ჰიდრომიმართულებით და სასწორზე დავდებთ, თუ რამდენი კაპიტალდაბანდებაა საჭირო, რა მოგებას მოიტანს ქვეყნისთვის, რამდენ ადამიანს დაასაქმებს, რა ოდენობით ქონების გადასახადს გადაიხდის (ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გადახდილი გადასახადების სახით „ენერგონს“ 50,000,000 ლარამდე აქვს სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი) და საპირწონედ დავდებთ ოც სხვადასხვა სექტორში ათ­-ათ პოტენციურად ყველაზე დიდ პროექტს, ელექტროსადგური უფრო მასშტაბური იქნება და ეს ელემენტარული არითმეტიკული გამოთვლითაც დასტურდება. ქვეყანამ ყველაფერი უნდა განავითაროს და განსაკუთრებით კი ის, რისი პოტენციალიც გააჩნია.

დაბოლოს, რა სამომავლო გეგმები აქვს „ენერგონს“? საინტერესოა, იგეგმება თუ არა ახალი ინვესტიციების განხორციელება?

„ენერგონი“ წარსულში ბაზარზე სს „საქენერგორემონტის“ სახელით ოპერირებდა. ბოლო წლებში კომპანიის უცხოეთში გასვლისა და პროექტების განხორციელების პოტენციალი გაჩნდა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი ჩხაიძის გადაწყვეტილებით დაიწყო კომპანიის ტრანსფორმაციის პროცესი, რომლის მიზანი იყო საერთაშორისო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიის შექმნა.

თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მთელი ამ წლების გამოცდილების დაგროვების შემდეგ, ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის ექსპერტებად ჩამოვყალიბდით. თუნდაც „ენგურჰესისა“ და გადამცემი ხაზების მშენებლობა გვაძლევს საშუალებას, უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდეთ, შესაბამისად, მხოლოდ საქართველოში არ გვაქვს გეგმები. გვსურს, უფრო გავძლიერდეთ და უახლოეს პერიოდში საზღვარგარეთაც ჩავატაროთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

შესაძლოა, ძალიან ამბიციურად ჟღერდეს, მაგრამ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის კუთხით ევროპის ბაზარზე გამოცდილი კომპანიების დეფიციტია და ამ მხრივ არის პოტენციალი. ამავდროულად, ჩვენ უცხოურ კომპანიებთან შედარებით კონკურენტული ფასის შეთავაზებაც შეგვიძლია. პარტნიორებთან მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ და უახლოეს მომავალში ქართული გუნდით ბევრ პროექტში ჩავერთვებით. რაც მთავარია, სამუშაოებს უმაღლესი ხარისხით შევასრულებთ, რაც ქვეყნის პოპულარიზაციაში ჩვენი წვლილის შეტანის საშუალებასაც მოგვცემს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.