კომპანიები, რომელთაც 2023 წელს სამუშაო ადგილების მასობრივი შემცირებები დააანონსეს

კომპანიები, რომელთაც 2023 წელს სამუშაო ადგილების მასობრივი შემცირებები დააანონსეს

ამერიკის შეერთებული შტატების სამუშაო ბაზარზე, განსაკუთრებით ტექნოლოგიურ, საცალო ვაჭრობისა და ფინანსურ სექტორებში, ბოლო პერიოდში თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლების შემთხვევები შესამჩნევად გახშირდა. შექმნილი ტენდენციის ფონზე, კვირის დასაწყისში, შვედურმა მუსიკალურმა გიგანტმა Spotify-იმ, გლობალური სამუშაო ძალის 6%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

თუმცა Spotify-მდე, 12,000 სამუშაო ადგილის გაუქმების შესახებ განცხადება Google-ის მშობელმა კომპანია Alphabet-მა 20 იანვარს გააკეთა. Google-ის არსებობის ისტორიაში, თანამშრომელთა გათავისუფლების დაანონსებული სერია ყველაზე მასშტაბურია და კომპანიის გლობალური პერსონალის 6%-ს მოიცავს. როგორც Alphabet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ კომპანიის ვებგვერდის საშუალებით გავრცელებულ წერილში აღნიშნა, უკანასკნელ ორ წელიწადში თანამშრომელთა დაქირავების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო გათვალისწინებული იმ ეკონომიკური რეალობისთვის, რომელთან გამკლავებაც ამ ეტაპზე უწევთ.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, 2022 წლის პირველ თერთმეტ თვეში, გასულ წელთან შედარებით, სამუშაო ადგილების შემცირების შემთხვევები 6%-ით გაიზარდა. თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლების გადაწყვეტილებები მიიღეს ისეთმა გიგანტებმა, როგორიც Amazon-ი, Microsoft-ი და Meta-ა.

ანალიტიკოსთა მოსაზრებით, კომპანიების მხრიდან თანამშრომელთა გათავისუფლება უმეტესწილად მდგრადი ზრდისთვის პანდემიური ბუმის გავლენის არასათანადო შეფასებას უკავშირდება. შედეგად, Layoffs.fyi-ის მონაცემებით, გასულ წელს ტექნოლოგიურმა ფირმებმა საერთო ჯამში 154,843-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეამცირეს, მხოლოდ 2023 წელს კი ტექნოლოგიურმა კომპანიებმა 55,970 თანამშრომელი უკვე გაათავისუფლეს.

წარმოგიდგენთ კომპანიებს, რომელთაც 2023 წელს თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლება უკვე დააანონსეს:

Microsoft: 18 იანვარს ტექნოლოგიურმა გიგანტმა 10,000 სამუშაო ადგილის შემცირება დააანონსა, რაც Microsoft-ის 220,000-კაციანი გლობალური გუნდის დაახლოებით 4.5%-ს უდრის. პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის სატია ნადელას განცხადებით, გლობალურმა ეკონომიკურმა სტაგნაციამ გავლენა Microsoft-ზეც მოახდინა. შეგახსენებთ, რომ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.78 ტრილიონს უტოლდება.

Amazon: იანვრის დასაწყისში Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ენდი ჯესიმ განაცხადა, რომ კომპანიამ 18,000 სამუშაო ადგილის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორისაა Amazon-ის მიერ ნოემბერში გათავისუფლებული თანამშრომლები. შემცირება კომპანიის გლობალური სამუშაო ძალის 1%-ს, თუმცა კორპორაციული სამუშაო ადგილების 6%-ს ეხება. მხოლოდ ნოემბერში, New York Times-ისა და Wall Street Journal-ის მონაცემებით, Amazon-მა 10,000 სამუშაო ადგილი შეამცირა.

Salesforce: კომპანიამ იანვრის დასაწყისში 80,000-იანი თანამშრომლისგან შემდგარი გუნდის 10%-ის, 8,000 ადამიანის გათავისუფლება დააანონსა. „არსებული მდგომარეობა კვლავ რთულია, რის გამოც ჩვენი მომხმარებლები უფრო ზომიერად მიუდგებიან შესყიდვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა Salesforce-ის CEO-მ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ მემოში.

Spotify: შვედურმა კომპანიამ 23 იანვარს გლობალური მუშახელის დაახლოებით 6%-ის, ჯამში 400 თანამშრომლის გათავისუფლება დააანონსა. მუსიკალური სტრიმინგ-კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, შემცირება მენეჯმენტის ცვლილებების ნაწილია. ცნობისთვის, გასულ წელს Spotify-ის საოპერაციო ხარჯები კომპანიის შემოსავლის ზრდას ორჯერ აღემატებოდა.

Vimeo: ამერიკულმა ვიდეოპლატფორმამ თანამშრომელთა გათავისუფლების სერია 2023 წლის დადგომასთან ერთად დაიწყო. როგორც აღმასრულებელი დირექტორის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილი მემოდან ირკვევა, შემცირება კომპანიის სამუშაო ძალის 11%-ს შეეხება, მათ შორის კვლევების, განვითარებისა და გაყიდვების დეპარტამენტში.

Goldman Sachs: საინვესტიციო საბანკო კომპანიამ იანვრის დასაწყისში 3,200 სამუშაო ადგილის შემცირება დააანონსა. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს ბანკმა ამავე რაოდენობის თანამშრომლის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

Bed Bath & Beyond: ეკონომიკური ვარდნის შესაჩერებლად და გაკოტრების თავიდან ასაცილებლად კომპანია კრედიტორებსა და მყიდველებს ეძებს. კომპანიის აქციები ბოლო 12 თვის განმავლობაში 72%-ზე მეტით დაეცა. ჯერ კიდევ სექტემბერში კომპანიამ 150 მაღაზიისა და სამუშაო ძალის 20%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

Blackrock: მსოფლიოში აქტივების მართვის უმსხვილესმა კომპანიამ 2022 წლის ბოლოს გლობალურად 500 სამუშაო ადგილის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. გასულ წელს კომპანიის წლიური შემოსავალი 8%-ით, $17.9 მილიარდამდე, ხოლო აქციაზე შემოსავალი წლიურად 16%-ით, $8.93-მდე შემცირდა. Reuters-ის ინფორმაციით, შემცირება Blackrock-ის სამუშაო ძალის 3%-ზე ნაკლებს შეეხება.

The Bank of New York Mellon Corporation: Reuters-ის მიერ 13 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, წლის განმავლობაში ბანკი სამუშაო ძალის დაახლოებით 3%-ს შეამცირებს. 2022 წლის მონაცემებით, კომპანიაში სულ 51,700 ადამიანია დასაქმებული, შესაბამისად, შემცირება დაახლოებით 1,500 სამუშაო ადგილს შეეხება.

Coinbase: კრიპტოვალუტის ბირჟის მიერ 10 იანვარს გაკეთებული განცხადების თანახმად, Coinbase-მა 950 თანამშრომელი გაათავისუფლა. კომპანიის სამუშაო ძალის 20%-ით შემცირების მიზანი საოპერაციო ხარჯების 25%-ით შემცირებაა. აღსანიშნავია, რომ Coinbase-მა ივნისში თანამშრომელთა 18% გაათავისუფლა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *