ბილ გეიტსმა გასულ თვეს „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდისთვის“ $20 მილიარდის გადარიცხვის შესახებ განაცხადა. თუმცა, მილიარდერს ქველმოქმედების შესახებ დეტალები არ გაუმხელია და შესაბამისად, უცნობი იყო თუ რომელ აქტივებზე ამბობდა ის უარს.
ამერიკული Forbes-ის ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის (SEC) მონაცემების თანახმად, გეიტსის ფონდს ქველმოქმედების დიდი ნაწილი „კანადის ეროვნული რკინიგზიდან“ გადაეცა. კერძოდ, ივლისის ბოლოს, „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა“ $5.2 მილიარდის ღირებულების 44.5 მილიონი აქცია მიიღო. შედეგად, თავად გეიტსს კომპანიის 1.4%-იანი წილი დარჩა, რომელიც $1.2 მილიარდის ღირებულებისაა.
ცნობისთვის, გეიტსის „კასკადის საინვესტიციო ფირმა“ კანადის სარკინიგზო კომპანიაში წილს მანამდეც ამცირებდა. გასულ წელს, თავისი ჰოლდინგის ნაწილი, ბილმა, განქორწინების შეთანხმების ფარგლებში, მის ყოფილ მეუღლეზე გადააფორმა. გარდა ამისა, მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, გეიტსმა სარკინიგზო კომპანიაში $940 მილიონის ღირებულების, მაისში კი $730 მილიონის ღირებულების აქციები გაყიდა.
SEC-ის მონაცემებით, დამატებით $1.3 მილიარდის ღირებულების აქციები გეიტსმა ფონდს ტრაქტორებისა და ფერმის აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანია Deere & Co.-დან გადასცა და ამჟამად, $6.7-მილიარდის ღირებულების 6.5%-იან წილს ფლობს. ამ შემთხვევაშიც, განქორწინების შემდგომ, Deere-ის აქციები მელინდა ფრენჩ გეიტსსაც გადაეცა.
„კანადის ეროვნული რკინიგზისა“ და Deere-ს აქციებით ფონდისთვის გადაცემული თანხა ჯამში $20 მილიარდს შეადგენს, რაც ბილ გეიტსის დაპირებული ქველმოქმედების მხოლოდ მესამედია. 66 წლის გეიტსი Forbes-ის მსოფლიოს მილიარდერთა რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს, მისი ქონება კი, $109.9 მილიარდადაა შეფასებული. რაც შეეხება მის ყოფილ მეუღლეს, Forbes-ის ბოლო მონაცემებით, მისი ქონება $6.6 მილიარდს უტოლდება.