საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადებით, ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინრეალიზაციის ბაზარი მოიკვლია და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების დადებას გულისხმობს.
კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომჩივან და მოპასუხე მხარეებს, 3 კომპანიას ჯამში 1.6 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის სანქცია დაეკისრათ. კერძოდ:
- ერთიან ეკონომიკურ სუბიექტს – „სადისტრიბუციო კომპანიას“ – 1 120 562 ლარი. აღნიშნული სუბიექტი შემდეგ კომპანიებს აერთიანებს: შპს „კავეა საბურთალო“, შპს „კავეა გალერეა“, შპს „კავეა თბილისი მოლი“, შპს „რუსთაველი ჰოლდინგ სინემა“, შპს „ამირანი“, შპს „აპოლო ბათუმი“.
- შპს „თინეთს“ – 544 328 ლარი. აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი TBC Bank Group PLC გახლავთ.
- შპს „ელ.ბილეთებს“ – 5 368. სწორედ აღნიშნული კომპანია გახლდათ მომჩივანი.
ბაზრის მოკვლევის შედეგად, კონკურენციის სააგენტომ კანონმდებლობის დარღვევად შეაფასა შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „თინეთს“ შორის დადებული ექსკლუზიური პირობის ხელშეკრულება, რომელიც კინოთეატრების ბილეთების რეალიზების უფლებას მხოლოდ შპს „თინეთის“ მფლობელობაში მყოფ პორტალ tkt.ge-ს აძლევდა. საინტერესოა, რომ ამავე გარიგების მონაწილედ მომჩივანიც ჩაითვალა, რომელიც ექსკლუზივის მოპოვებას მის მფლობელობაში მყოფ პორტალზე biletebi.ge-ზე ცდილობდა. შესაბამისად, მომჩივანიც დაჯარიმდა.
დამატებით, კონკურენციის სააგენტომ მოკვლევის საწყის ეტაპზე „სადისტრიბუციო კომპანიას“ ექსკლუზიური პირობის გამოყენების უფლებაც შეუჩერა და მომჩივან კომპანიას ბაზარზე ოპერირების საშუალება მიეცა.