ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი აცხადებს, რომ ეკონომიკური აღდგენა შესაძლოა გადავადდეს. ის იმედს გამოთქვამს, რომ 2021 წელი იქნება პოსპანდემიური აღდგენის წელი, მიუხედავად იმისა, რომ რიგ ქვეყნებში კვლავ ლოქდაუნები მოქმედებს და ასევე მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ცოტა ხნის წინ დაფიქსირებული ახალი შტამი მნიშვნელოვან საფრთხეს ქმნის.
ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ევროზონა სერიოზულ კრიზისშია. მოქმედებს სოციალური შეზღუდვები, ვაქცინაციის პროცესი კი წინ ნელა მიიწევს. ეს ყველაფერი რეგიონისთვის დამატებითი ეკონომიკური წნეხია, რამაც 2020 წელს უკვე გამოიწვია 7%-იანი კლება.
როგორც ლაგარდი აცხადებს, ამჟამინდელი ეკონომიკური ვითარება “აღდგენის ხიდზე გადასვლას“ ჰგავს, თუმცა, ეს მოგზაურობა შესაძლოა გახანგრძლივდეს, მაგრამ “მატარებელი რელსებიდან არ გადავა“.
ევროპის ცენტრალური ბანკის ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ 2020 წლის ბოლო კვარტლის ეკონომიკის შემცირების მაჩვენებელი გავლენას იქონიების 2021 წლის პირველ კვარტალზე.
დეკემბერში, ცენტრალურმა ბანკმა 2021 წლისთვის მშპ 3.9%-ით განსაზღვრა, თუმცა, ეს მონაცემები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ და როდის დაიძლევა პანდემია და რამდენად სწრაფად მოხდება მოსახლეობის ვაქცინაცია.
მაშინაც კი, როდესაც ევროპის რეგიონი მიაღწევს იმ დონეს, რომ შესაძლებელი იქნება ეკონომიკების სრულად გახსნა. არსებობს დამატებითი გამოწვევები იმისათვის, რომ სოლიდური ეკონომიკური ზრდა დაიწყოს. “ეს არ იქნება იგივე ეკონომიკა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ახლა“, – განაცხადა ლაგარდმა.