"კულა" - გულით ნაკეთები საქმე

"კულა" - გულით ნაკეთები საქმე

გორის საკონსერვო ქარხანა, რომელიც 1918 წელს დაარსდა და წლების განმავლობაში გაჩერებული იყო, ივანე გოგლიძემ თავის უკრაინელ პარტნიორებთან ერთად $2 მილიონად შეისყიდა, რისთვისაც მას ბინების ბანკში “ჩადება” მოუწია. დღეს “კულა” 250–ზე მეტი დასახელების საკონსერვო პროდუქციას აწარმოებს და მისი წლიური ბრუნვა 15 მილიონ ლარს აღწევს.

როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა ვარჩიო “კულას” ალუბლის წვენი ქართულ ბაზარზე არსებულ სხვა ალუბლის წვენებს- მეთქი? – ვეკითხები კომპანია “კულას” ხელმძღვანელს, ივანე გოგლიძეს, რომელსაც ხელში ჟურნალი “ფორბსი” უჭირავს და დროდადრო ფურცლავს. დიდხანს არ უფიქრია ამ კითხვაზე, ოპტიკური სათვალე შეისწორა, ჟურნალი დახურა და თავდაჯერებულმა მიპასუხა: “იმიტომ, რომ ჩვენი პროდუქცია, მათ შორის ალუბლის წვენიც, მხოლოდ ორი-სამი ტექნოლოგის, დეგუსტატორისა და დირექციის გემოვნებით არ მზადდება, “კულას” ყოველი ახალი პროდუქციის დამზადებისას, ჩვენი კომპანიის მმართველი ბირთვისა და ტექნოლოგების გარდა, მათ რიგითი ადამიანები, ჩვენი ოჯახის წევრები, დისტრიბუტორების ოჯახის წევრები და მათი მეზობლებიც კი აგემოვნებენ. მე ყველას აზრი მაინტერესებს და მგონია, რომ საბოლოოდ ყოველთვის მაგარ შედეგს ვიღებთ”.

პირადად მას ყველაზე მეტად “კულას” ასკილის წვენი და სალათები უყვარს. თუმცა ამაზე მოგვიანებით. მანამდე კი გეტყვით, რომ 41 წლის ივანე გოგლიძემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გორის საკონსერვო ქარხანა, რომელიც 1918 წელს დაარსდა, თავის უკრაინელ პარტნიორებთან ერთად 2 მილიონ დოლარად, სახელმწიფოსგან შეისყიდა, 2009 წელს რებრენდინგი განახორციელა, გაარემონტა საამქროები, სრულად შეიცვალა მანქანა-დანადგარები და შედეგად, პირველი ნატურალური წვენებიც ჩამოისხა.

ომის შემდეგ დაწყებული საქმე

თუმცა ივანე, საკონსერვო ქარხანაში ხელმძღვანელ პოსტზე მისვლამდე, იქ ჯერ კიდევ წლების წინ, რიგით მუშად გამოჩნდა. როდესაც ივანეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე შეჰქონდა საბუთები, მას იქ ჩასაბარებლად სამუშაო გამოცდილება სჭირდებოდა, სწორედ მაშინ მივიდა გორის საკონსერვო ქარხანაში სამუშაოდ და იქ თითქმის ერთი წელი გაატარა. უნივერსიტეტში ივანე საღამოს დასწრებულ ჯგუფში ჩაირიცხა, ასე რომ პირველი კურსის დახურვის შემდეგ ის გორის ქარხანაში ამჯერად უკვე იურისტის თანაშემწედ აიყვანეს.

ივანე აგვისტოს ომის შემდეგ საკონსერვო ქარხნის შესყიდვის პერიოდს იხსენებს: “მე და ჩემმა პარტნიორებმა გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა კომპანია “კულა” და ნატურალური წვენების წარმოება დაგვეწყო. კულა ჩემს დიდ პაპას ერქვა. გარდა ამისა, “კულა” იმ სასმისის სახელიცაა, რომლითაც ძველად მეფეები ღვინოს სვამდნენ. ასე გადავწყვიტეთ, რომ კომპანიისთვის “კულა” გვეწოდებინა. ქარხანაში ჩვენს მისვლამდე, საკონსერვო ქარხანა, ფაქტობრივად, გაჩერებული იყო. კომპანიას, რომელიც ქარხანას ამუშავებდა, სახელმწიფოს ვალები ჰქონდა. ჩვენ შევქმენით ახალი კომპანია  შევისყიდეთ ქარხანა და მუშაობას შევუდექით. ომი რუსეთთან ახალი დამთავრებული იყო. გლეხებს ხილი ვერსად გაჰქონდათ. არადა, სწორედ იმ პერიოდში, საქართველოში ხილის უხვი მოსავალი მოვიდა. პირველ ეტაპზე წარმოების დასაწყებად დაახლოებით მილიონ-ნახევარი დოლარი დაგვჭირდა. ამ თანხის ნაწილი ჩემმა პარტნიორმა გადაიხადა, ნაწილიც – მე. ბანკში ბინები ჩავდე და ამ თანხით დავიწყეთ წარმოება”, – იხსენებს ივანე გოგლიძე კომპანია “კულას” პირველ ნაბიჯებს.

2009 წელს კომპანია “კულა” ბაზარზე პრემიუმ-კლასის ნატურალური წვენებით შევიდა. ეს იყო ათი სახეობის წვენი: ვაშლის, ატმის, ალუბლის, შინდის და ა.შ. კომპანია ნედლეულს მთლიანად გლეხებისგან იღებდა. დღესაც ასეა. როგორც ივანე ჰყვება, ადვილი არ იყო ახალი კომპანიისთვის ბაზრის ათვისება. პირველ ეტაპზე მისი ბრუნვა თვეში 20-30 ათას ლარს შეადგენდა:  “მაღაზიებში არავინ იცნობდა “კულას”. პირადად დავდიოდით მაღაზიებში, მიგვქონდა ჩვენი წვენები და მაღაზიის მეპატრონეებს, გამყიდველებს, მაღაზიაში შემოსულ კლიენტებს ვასინჯებდით. იმ პერიოდში, როცა ბიზნესი დავიწყე, საქართველოში მინის ბოთლებში ჩამოსხმულ წვენებს არ აწარმოებდნენ. მაშინ ჩვენი ძირითადი კონკურენტი იყო “გრანინი”, “სანდორა”, მაგრამ ეს წვენები მუყაოს შეფუთვით იყიდებოდა. თბილისის ყველა დიდ მაღაზიაში ვატარებდი დეგუსტაციებს. ყველანაირად ვცდილობდით, რომ მომხმარებელს ერთხელ მაინც გაესინჯა ჩვენი წვენები. ვიცოდოთ, რომ ვინც მათ ერთხელ მაინც დააგემოვნებდა, სხვა წვენს აღარ დალევდა. ძალიან მალე მაღაზიები უკვე ხალისით უკვეთდნენ ჩვენს პროდუქციას, ხალხმა მაღაზიებში “კულას” ძებნა დაიწყო”, – მიყვება ივანე.

“კულა” – პროფესიონალთა გუნდი

რამდენიმე თვეში “კულამ” თავისი ცნობილი ტყემლის ჩამოსხმა დაიწყო. ესეც ერთგვარი რისკიანი ნაბიჯი იყოო, მეუბნება ივანე. “საქართველოში თითქმის ყოველი მეორე ოჯახი თავად აკეთებს ტყემალს, თუმცა დგება ხოლმე ისეთი პერიოდი, როცა ტყემლის მარაგი თავდება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ტყემლის წარმოება. დავამზადეთ პროდუქტი და რომ გვეგონა, მარაგი მთელი წლის მანძილზე გვეყოფოდა, აღმოჩნდა, რომ მარაგი ექვს თვეში გაიყიდა. ახლა უკვე ბევრისგან მსმენია, სახლში რაღატომ გავაკეთო ტყემალი, როცა  “კულას” ტყემლის გემო ბებიაჩემის გაკეთებულ ტყემალს მაგონებსო”, – ამბობს ივანე და “კულას” პროდუქციის წარმატების, მისი თქმით, ერთ-ერთ მთავარ მიზეზზე მესაუბრება: “იცით, რაში მდგომარეობს ჩვენი პლუსი? გორის საკონსერვო ქარხანამ, რომელიც 1918 წელს დაარსდა, ტექნოლოგების, ინჟინრების, ლაბორანტებისა და ა.შ. დიდი არმია გამოზარდა. მე ეს ადამიანები მოვიყვანე ჩვენს ქარხანაში. ამ ხალხის დახმარებით დავიწყეთ მუშაობა და სწორედ ისინი ამოვიყენეთ გვერდში.

თითოეულ მათგანს 30-40-წლიანი გამოცდილება აქვს ამ სფეროში მუშაობისა. მათ იციან თავიანთი საქმე. დავასაქმეთ ის ადამიანები, ვისაც ცოდნა ჰქონდა ამ სფეროში და, რა თქმა უნდა, მათთან ერთად მოვიყვანეთ ახალგაზრდებიც, რომ მათი გამოცდილება გაიზიარონ, საქმე შეისწავლონ”, – ამბობს ივანე გოგლიძე. კომპანია “კულა” დღეს აწარმოებს 250–ზე მეტი დასახელების საკონსერვო პროდუქციას: ხილისა და ბოსტნეულის წვენებს, კომპოტებს, მურაბებს, ჯემებს, საწებლებს, მწნილებსა და სალათებს. ყველა მათგანი ნატურალურია და არ შეიცავს კონსერვანტებს, კონცენტრატებს, ემულგატორებსა და სხვა ხელოვნურ დანამატებს. “კულას” პროდუქციის მოსამზადებლად ხილი და ბოსტნეული საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოაქვთ: ვაშლი, კომში, ატამი – შიდა ქართლიდან; მარწყვი, ყურძენი – კახეთიდან; წიწაკა, ტომატი და კიტრი – ქვემო ქართლიდან; ტყემალი, ჯონჯოლი – იმერეთიდან და ა.შ. “კულას” წლიური ბრუნვა საერთო ჯამში 15 მილიონ ლარს აღწევს.

ბრენდი “კულა”, ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ, უამრავ ჯილდოსა და სერტიფიკატს ფლობს. 2010 წელი – “წარმატებული ახალი ბრენდი 2010”,  “ხარისხის და სტუდენტობის თანადგომა ეროვნული ნიშანი”, “სოფლის მაშენებელი- მეცენატი 2010”, კონკურს “GOLDEN BRAND 2010”-ის გამარჯვებული; 2011 წელი – “ეტალონის” გამარჯვებული წარმატებული მენეჯმენტის განხორციელებისათვის, პროექტ  “მერკური 2011”-ის გამარჯვებული ნომინაციაში  “ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტი”, სერტიფიკატი “Worldfood Ukraine 2011”-ში მონაწილეობისათვის, კონკურსს “GOLDEN BRAND 2011”-ის გამარჯვებული, დიპლომი აქტიური ქველმოქმედებისათვის, კონკურს “GOLDEN BRAND 2013”-ის გამარჯვებული.

ივანე გოგლიძემ “კულას” პროდუქციის ექსპორტზე გატანისთვის ზრუნვა კომპანიის დაარსებიდან რამდენიმე თვეშივე დაიწყო. დღეს  “კულა” მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში გადის. მათ შორისაა: აშშ, კანადა, რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი.  “გამოფენები, პირადი კონტაქტები – ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ ჩვენი პროდუქცია საზღვარგარეთაც გაეცნოთ და იქაც მოთხოვნადი ყოფილიყო. სპეციალური შეფუთვებიც კი შევიმუშავეთ, რომ  “კულას” დეგუსტაციისთვის საზღვარგარეთ გატანა გამარტივებულიყო. მოდიოდნენ ადამიანები და გვეუბნებოდნენ, რომ მოსწონდათ ჩვენი პროდუქცია, მაგრამ საზღვარგარეთ გატანის პრობლემა იყო. გადამზიდავი კომპანიები ძალიან ძვირს აფასებენ მსგავსი პროდუქციის გადაზიდვას. ვუფუთავდით ამ ადამიანებს ჩვენს პროდუქციას და ხელბარგით ვატანდით. შემდეგ მათ შეეძლოთ ეს პროდუქცია ლაბორატორიებში ჩაებარებინათ, შეემოწმებინათ… დღესდღეობით  “კულას” 100-მდე სახეობის პროდუქცია გადის საზღვარგარეთ. ექსპორტზე ვერ ვუშვებთ კიტრის მწნილს, რადგან საქართველოს ბაზარსაც ვერ ვაკმაყოფილებთ სათანადოდ. არ გადის ასევე ტომატ- პასტა ამავე მიზეზით. ექსპორტიდან შემოსული ბრუნვა წელიწადში დაახლოებით 7 მილიონ ლარს შეადგენს”, – ამბობს ივანე გოგლიძე.

ახალი ხაზი  “კულასგან”

სულ რამდენიმე თვის წინ  “კულამ” 100%-ით ნატურალური, უშაქრო წვენების გამოშვება დაიწყო: “ჩვენ ისედაც ნატურალურ წვენებს ვუშვებთ, მაგრამ ვამატებთ შაქრის სიროფს. ამჯერად კი ჩვენი ახალი ხაზის წვენებში შაქრის სიროფიც ამოვიღეთ. ის იქნება შაქრის, წყლის, კონცენტრანტებისა და კონსერვანტების გარეშე ჩამოსხმული წვენი. აქამდე თუ არც კონცენტრატს ვწყალობდით და არც კონსერვანტს და მარტო წყალსა და შაქრის სიროფს ვიყენებდით, ახლა ესეც აღარ იქნება. ეს ხაზი შევქმენით სპორტსმენებისთვის, დიაბეტით დაავადებული ან უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების სტილით მცხოვრები ადამიანებისთვის”, – მეუბნება “კულას” ხელმძღვანელი.

რამდენიმე შტრიხი პორტრეტისთვის

საკუთარ თავზე ნაკლებს ლაპარაკობს ივანე. ძირითადად “კულას” გარშემო ტრიალებს. თუმცა მეუბნება, რომ რისკიანია. რომ არა რისკი, დღეს ალბათ “კულაც” არ იქნებოდაო. “კრიზისის პერიოდში რომ დაიწყებ საქმეს და მის მართვას თავს გაართმევ, ეს იმას ნიშნავს, რომ დალხენილ სიტუაციაში არაფერი გაგიჭირდება”, – მეუბნება ივანე და განაგრძობს: “გავრისკე და ჩვენი საკუთარი ბინები ჩავდე გორსა და თბილისში. ბანკიდან სესხი გამოვიტანე. სახლის ჩადება ბიზნესში, რომელიც ზუსტად არ იცი, გაამართლებს თუ არა, დიდი რისკია, მაგრამ როცა თანხის ნაცვლად ბანკში ბინები ჩავდე, მივხვდი, რომ უკან დასახევი გზა აღარ მქონდა. დღესა და ღამეს ვასწორებდი, რადგან ვიცოდი, ასე რომ არ მემუშავა, ოჯახს უსახლკაროდ ვტოვებდი. ეს არ მაძლევდა მოდუნების საშუალებას და აქამდეც მოვედი”, – ჰყვება ივანე, რომელმაც ბიზნესის აწყობამდე რამდენიმე ხნით ადრე სამთვე-ნახევარი გაატარა ციხეში. იმ პერიოდზე ბევრს არ ლაპარაკობს:  “წინა ხელისუფლების დროს სამთვე-ნახევარი ციხეში ვიჯექი. გორის იმდროინდელ მმართველობას უნდოდა, რომ ქარხანა წაეღო. ორი ყუმბარა ჩამიდეს მანქანაში და იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლით დამაკავეს. მერე მითხრეს, რომ წელიწად- ნახევარი გამიჯანჯლებდნენ გამოძიებას და მომიწევდა ციხეში ჯდომა. მე არ დავთმე ჩემი წილი, სამთვე-ნახევრის თავზე, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოვედი. ეს ყველაფერი 2006 წელს მოხდა. მე არასდროს ვითვლი იმას, თუ რა დავკარგე. ციხიდან გამოსვლის მეორე დღიდანვე საქმე გავაგრძელე. უკრაინაში წავედი, იქიდან დაბრუნებულმა კი უკვე 2008 წელს კომპანიის შექმნა და ქარხნის ამუშავებაც გადავწყვიტე”, – იხსენებს ივანე მისი ცხოვრების ერთ- ერთ ყველაზე რთულ პერიოდს.

როგორც ივანე მეუბნება, მას თავიდანვე კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ საკონსერვო წარმოებით ბევრ ფულს ვერ იშოვიდა. როგორც ჩანს, ეს არც ყოფილა მისი ბიზნესის მთავარი გათვლა:  “მე უფრო სხვა მოთხოვნა მქონდა. მინდოდა დავხმარებოდი საქართველოს, გლეხებს, მათ ხილი უნდა გაესაღებინათ, მე ქართული საქმე უნდა დამეწყო მათი დახმარებით, რაც, შესაბამისად, შემოსავლის მიღებასაც გულისხმობდა. ეს საქმე მოგებიანი იყო სახელმწიფოსთვისაც, გლეხებისთვისაც, ჩვენთვისაც და რაც მთავარია, სახალხო საქმეს ვაკეთებდით და ვიცოდით, რომ ამას დააფასებდნენ საქართველოში. შეიძლება ჩემზე მეტს შრომობდეს ვინმე, ჩემზე მეტ ფულს შოულობდეს, ჩემზე მეტი შეჰქონდეს ბიუჯეტში, მაგრამ ისეთ საქმეს აკეთებდეს, რომელიც ხალხს საერთოდ არ აინტერესებს, ჩვენ კი ქართულ პროდუქციას ვაწარმოებთ”, – ამბობს ივანე გოგლიძე.

დღეს კომპანია  “კულაში” 300-მდე ადამიანია დასაქმებული. ახლა ისეთი პერიოდია, რომ მუშაობა 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. კომპანიას ჰყავს როგორც ძირითადი პერსონალი, ისე ხელშეკრულებით დაქირავებული თანამშრომლები, რომლებიც სეზონურად მუშაობენ:  “დღეში, მაგალითად, 200- 250 ტონა ხილი მოდის. ამას ხომ უნდა დაცლა, გადამუშავება. როცა ხილის ეს რაოდენობა მცირდება, მუშახელიც უფრო ნაკლები გვჭირდება ხოლმე. ხელფასები მუშახელისთვის დღეში 12-დან 50 ლარამდე მერყეობს. გააჩნია სამუშაოს. შემდუღებლებისა და ტექნოლოგების ხელფასი, ცხადია, უფრო მაღალია. დღეში მათ 50 ლარი გამოსდით”, – ამბონს ივანე.

პროდუქციის დასამზადებლად კომპანია  “კულა” მარტო ხილსა და ბოსტნეულში წელიწადში დაახლოებით 5 მილიონ ლარს იხდის: “ყველა რეგიონში გვყავს ჩვენი დამამზადებლები, მათ იციან, რა დროს რა გვჭირდება და, მოსახლეობისგან პროდუქტს შესაბამისად ყიდულობენ. იმ პერიოდში, როცა ბიზნესი დავიწყე, მე თვითონ დავდიოდი ნავთლუღის ბაზარში, საკუთარი ხელით ვარჩევდი ხილს, პირადად ველაპარაკებოდი გლეხებს, ახლა უკვე, რა თქმა უნდა, ჩვენი კლიენტები გვყავს და ყოველთვის ვეძებთ ახალსაც”, – მეუბნება ივანე და კიდევ ერთი, რაც მის საქმეში ივანესთვის ყველაზე მნიშვნელოვანია:  “ჩვენთან არ არსებობს ჩემი და სხვისი საქმე, ჩვენთან ყველას საქმე ერთია”…

რაც შეეხება იმას, თვლის თუ არა თავს წარმატებულ ბიზნესმენად, მეუბნება, რომ ამაზე ჯერ ადრეა საუბარი, რადგან მიაჩნია, რომ ჯერჯერობით თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისთვის არ მიუღწევია: “ჯერ კიდევ მაქვს რაღაც პროექტები დასამთავრებელი და ამ პროექტებს რომ დავამთავრებ, მერე ვიტყვი, რომ წარმატებული ვარ. მაგრამ ისიცაა, რომ პროექტები არ დამთავრდება და სულ ახალი და ახალი დაიწყება”, – ამბობს ივანე, რომელიც ერთ- ერთ მის მთავარ პროექტზე ამახვილებს ყურადღებას:  “2016 წელს გავუშვებთ ახალ საწარმოს გორის რაიონში. სავარაუდოდ, შემოვა ახალი ბრენდიც, მაგრამ ამაზე ალბათ უფრო მოგვიანებით გეტყვით”, – ამბობს ივანე და კიდევ ერთ სამომავლო გეგმაზე, უფრო ზუსტად კი სურვილზე მელაპარაკება:  “მინდა, რომ  “კულას” ჰქონდეს რამდენიმე ქარხანა სხვადასხვა ქვეყანაში. იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი პროდუქცია გაგვაქვს. ამ ქარხნების მომარაგება ნედლეულით კი, ცხადია, საქართველოდან უნდა ხდებოდეს. მგონია, რომ ეს რეალური გეგმაა. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ გეგმაზე, მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ ამ სურვილს აუცილებლად განვახორციელებთ”.

სოციალური პასუხისმგებლობა -“კულას” პრიორიტეტი

ივანე გოგლიძე და კომპანია “კულა” ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე. ისინი გვერდში უდგანან არაერთ სატელევიზიო პროექტს. კომპანიას გორში ჰყავს კალათბურთისა და ფრენბურთის გუნდები. ფინანსურად და პროდუქციით ეხმარება გორის უსინათლოთა ორგანიზაციას: “ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი რეალიზაციიდან მიღებული თანხის გარკვეული პროცენტი სწორედ სოციალურ პროექტებს უნდა მოხმარდეს. თბილისში ვეხმარებით მოხუცთა თავშესაფრებს. ვეხმარებით კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს. მათ ვუგზავნით როგორც ჩვენს პროდუქტს, ისე თანხას”. თუმცა ერთ- ერთი გამორჩეული პროექტი, რომელსაც კომპანია “კულა” სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით აკეთებს, ეს მოზარდების საზაფხულო დასაქმებაა. ყოველ ზაფხულს 30- მდე მოზარდი, ძირითადად საჯარო სკოლების უფროსკლასელები, “კულას” ქარხანაში საქმდებიან და ხელფასსაც იღებენ:  “ძირითადად, ცხადია, მსუბუქ სამუშაოს ასრულებენ, თვეში დაახლოებით 350 ლარს გამოიმუშავებენ და მერე ამ თანხას თავისი სურვილისამებრ ხარჯავენ. ზოგი დასასვენებლად მიდის. ზოგი მშობლებს ეხმარება თავისი შემოსავლით და ა.შ. გვინდა, რომ მათ ნახონ შრომის ფასი. იცოდნენ, რას ნიშნავს საკუთარი შრომით ფულის მოპოვება”, – მეუბნება ივანე, რომელიც ასეთ შრომას აჩვევს თავის გოგონებსაც.

ივანეს ცოლი და ორი გოგო ჰყავს, 10 და 15 წლისები. ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც 15 წლის წინ მიიღო, სწორედ დაქორწინების გადაწყვეტილება იყო: “წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გარემოში ტრიალებ. როგორი სიტუაცია გაქვს სახლში. თუკი პირადი ცხოვრება არეულ- დარეული გაქვს, ეს ბიზნესშიც გიშლის ხელს. მე კი ბედნიერი ვარ, რომ ამ მხრივ გამიმართლა. გოგოები ძალიან არიან დაინტერესებულნი ჩემი საქმით. დეგუსტაციებშიც იღებენ აქტიურ მონაწილეობას და საკმაოდ კარგი შემფასებლებიც არიან. ყოველთვის მაინტერესებს მათი აზრი. ყველაზე მეტად მაინც ფორთოხლის წვენი უყვართ”, – სახე უნათდება ივანეს ოჯახზე საუბრისას.

ივანეს საკმაოდ დატვირთული დღის გრაფიკი აქვს. ამას ისიც ემატება, რომ მისი ოჯახი თბილისში ცხოვრობს და ამიტომ კვირის ნაწილს თბილისში ატარებს, ნაწილს – გორში. “დილის 9-ზე ვიწყებ მუშაობას. მთელ დღეს საქმეში ვატარებ. დღის ბოლოს კი მეორე დღის დაგეგმვას ვიწყებ. ყველაზე მეტად შაბათ-კვირა მიყვარს. ამ დღეებში შეხვედრებს არ ვნიშნავ და ძირითადად მშვიდად მიწევს მუშაობა. აი, გუშინ, მაგალითად, კვირა იყო და ღამის 2 საათამდე ვიჯექი და ვმუშაობდი. მაგრამ სულაც არ ვწუწუნებ. საქმის გარეშე საქმე არ კეთდება”, – მეუბნება ივანე.

ყველაზე უკეთ კი მაინც მივლინებებში ვისვენებო: “იქ შეხვედრები 6 საათზე მთავრდება და მერე მთელი საღამო თავისუფალი გაქვს იმისთვის, რომ ქალაქი დაათვალიერო”, – ამბობს ივანე და განტვირთვის კიდევ ერთ საშუალებაზე, უფრო ზუსტად კი ჰობიზე მიყვება: “ეს არის ნადირობა. ადრე უფრო ხშირად დავდიოდი ხოლმე სანადიროდ. ახლა ვეღარ ვახერხებ საქმიდან გამომდინარე. გარდა ამისა, როცა კი დროს გამოვნახავ, ბავშვებთან ერთად ვსეირნობ. საღამოობით კინოში სიარული გვიყვარს ან სადმე კაფეში”.

მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ივანე მეუბნება, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება არ არის ადვილი, თუმცა იმასაც ამატებს, რომ თუ გულით მიუდგები საქმეს და ცოტა გამბედაობასაც გამოიჩენ, საქმეც გამოვა. “არასდროს ჩამიქნევია ხელი და სხვებსაც ამას ვურჩევ, ნურასდროს ჩაიქნევთ ხელს. ნუ დაიწყებთ იმაზე დარდს, რაც უკვე გქონდათ და დაკარგეთ. ყოველთვის შეიძლება თავიდან დაწყება. ზუსტად ისე, როგორც მე დავიწყე, და არ ითაკილოთ არანაირი სამუშაო”, – ამას ურჩევს ივანე იმ ახალგაზრდა ბიზნესმენებს, რომლებიც ქართული საქმის, ქართული წარმოების დაწყებას აპირებენ.

(გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ს დეკემბრის ნომერში. ფოტო: ხათუნა ხუციშვილი).