„ლანგარზე დადებული ისრაელი არსებობს, სადაც აცრილია მოსახლეობა“, – ამის შესახებ ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ია თაბაგარმა განაცხადა. მან ტურიზმის იმ პოტენციალზე ისაუბრა, რომელიც ამ ქვეყანამ შესაძლოა, საქართველოს მოუტანოს.
„მათ უყვართ საქართველო, პირდაპირი ფრენებია, ვიზა არ სჭირდებათ. მათთვის ამოუწურავია საქართველოში ის ადგილები, სადაც შეიძლება, წავიდნენ, ეს ეხება მთის რეგიონებს. ტურისტების სეგმენტირება შეიძლება. უამრავი რამის შეთავაზება შეგვიძლია. ხელისუფლება საუბრობს მწვანე ტურიზმზე, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო, არაფერი არ კეთდება ამ კუთხით“, – განაცხადა თაბაგარმა.
ტურიზმის ექსპერტი, სიკო გეგიაძე კი ამბობს, რომ საქართველოს შეუძლია, დღეს ისრაელიდან აცრილი ტურისტების მიღების პატარა ჰაბიც გახდეს. ექსპერტის თქმით, პირველი და მნიშვნელოვანი, რაც დღეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, არის პირბადისა და ვაქცინაციის დანიშნულების/საჭიროების შესახებ კამპანიის გააქტიურება. შემდეგ კი ტურისტების მოზიდვაზეც უნდა ვიზრუნოთ.
ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოში მოგზაურობაზე მოთხოვნა არსებობს. ია თაბაგარის თქმით, მოთხოვნა განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნებიდან, ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან ფიქსირდება. მისივე განცხადებით, ჯავშნები არის მაისიდან წლის ბოლომდე, და თუ ქვეყანაში მესამე ლოქდაუნი გამოცხადდა, ეს სექტორისთვის დამანგრეველი იქნება.
ცნობისთვის, TOP-15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში 2021 წლის მარტში განხორციელდა ვიზიტები, შემდეგია:
1 თურქეთი – 20 237 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -50,8% ;
2 საქართველო (არარეზიდენტი) – 7 241 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -62,7% ;
3 სომხეთი – 5 656 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -82,8% ;
4 რუსეთი – 4 703 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -85,7% ;
5 აზერბაიჯანი – 4 226 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -90,3% ;
6 უკრაინა – 3 115 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -60,1% ;
7 უზბეკეთი – 1 873 ვიზიტორი, კლება წინა წელთან 73,7% ;
8 ყაზახეთი – 1 016 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -43,9% ;
9 ირანი – 841 ვიზიტორი, კლება წინა წელთან 109,2% ;
10 ბელარუსი – 759 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -55,0% ;
11 ტაჯიკეთი – 531 ვიზიტორი, კლება წინა წელთან 26,7% ;
12 ისრაელი – 530 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -85,4% ;
13 გერმანია – 409 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -75,5% ;
14 აშშ – 404 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -63,8% ;
15 საფრანგეთი – 322 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -58,7%.