26 მაისს, ლიეტუვაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა მეორე ვადით აირჩიეს. ნაუსედა ლიეტუვის პრეზიდენტის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს. ბალტიისპირულ ქვეყანას ის კიდევ 5 წლით უხელმძღვანელებს.
ლიეტუვის საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების 90%-ზე ხმები დაითვალა, რის შემდეგაც მოქმედი პრეზიდენტის მხარდაჭერა თითქმის 75%-ით განისაზღვრა. ნაუსედას ოპონენტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის, „სამშობლოს გაერთიანების“ წევრი ინგრიდა შიმონიტე იყო.
ხმების საბოლოოდ დათვლის შემდეგ, ნაუსედას 75%-იანი მხარდაჭერის შემთხვევაში, ეს 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყნის მმართველის მიმართ გამოცხადებული ყველაზე დიდი მხარდაჭერა იქნება.
ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ნაუსედამ ყველაზე მაღალი, 44%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა, თუმცა ეს 50%-იანი მინიმალური ზღვრის გადასალახად საკმარისი არ აღმოჩნდა, რის გამოც არჩევნების მეორე ტური დაინიშნა.
ლიეტუვის მოსახლეობა უმთავრეს საფრთხედ რუსეთიდან მომავალ აგრესიას მიიჩნევს. უკანასკნელი კვლევების თანახმად, ვილნიუსის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ რუსეთის ლიეტუვაზე თავდასხმა მოსალოდნელი ან ძალიან მოსალოდნელია. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი კი მოსახლეობას თავდაცვის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერებას ჰპირდება.
აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ორივე მონაწილე, ნაუსედაც და შიმონიტეც ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ის 3%-მდე გაზრდას უჭერს მხარს. ამჟამად ლიეტუვის თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ის 2.75%-ს შეადგენს.