წინასწარი ფინანსური შეფასებით, ლოს-ანჯელესში გავრცელებული ტყის ხანძრის ეკონომიკური ზარალი $130-დან $150 მილიარდამდე მიაღწევს. ეს მას აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ და მაღალზარალიან ტყის ხანძრად აქცევს. ბოლო მონაცემებით, ხანძარს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ლოს-ანჯელესსა და ვენტურის ოლქში გაჩენილი ტყის ხანძრის შედეგად, ქვეყნის ყველაზე მდიდრული საკუთრებები დაზარალდა. AccuWeather Inc-ის მონაცემებით, ხანძრის გავრცელების არეალში უძრავი ქონების საშუალო ღირებულება $2 მილიონს აღემატება.
ძლიერი ქარის გათვალისწინებით, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ხანძარი კიდევ უფრო გავრცელდეს. 8 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლოს-ანჯელესში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხანძარმა 17,000 ჰექტარზე მეტი მოიცვა და მისი შეკავება ამ ეტაპისთვის ვერ ხერხდება. ლოს-ანჯელესსა და ვენტურის ოლქში იდენტიფიცირებულია ხანძრის 6 კერა, ევაკუირებულია 100,000-ზე მეტი ადამიანი.
1980 წლებამდე დათარიღებული მონაცემებით, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მაღალზარალიანი ბუნებრივი კატასტროფა 2005 წლის ქარიშხალი „კატრინაა“, რომლითაც ქვეყანამ დაახლოებით $200 მილიარდი იზარალა.
აქამდე ტყის ხანძრებს შორის ყველაზე დამანგრეველი 2018 წელს, კალიფორნიაში გაჩენილი ხანძარი იყო, რომლის მიერ მიყენებულმა ზარალმა $30 მილიარდს მიაღწია. ეკონომიკურ ზარალთან ერთად კი, ხანძრების შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ხანგრძლივი ზემოქმედება, რომელსაც მწვავე კვამლი ადამიანების ჯანმრთელობაზე ახდენს.