Louis Vuitton-ისა და Dior-ის მფლობელმა, ამერიკული საიუველირო კომპანია Tiffany-ს შესყიდვაზე უარი თქვა. Tiffany იძულებულია, რომ სასამართლოში იბრძოლოს. შეთანხმების მიხედვით, Tiffany $16,7 მილიარდად უნდა გაყიდულიყო, რაც ამ სფეროში ყველაზე მსხვილი გარიგება უნდა ყოფილიყო.
ფრანგული კონცერნის LVMH-ის მიხედვით, რომელიც Louis Vuitton-სა და Dior-ს ფლობს, გასული წლის ნოემბერში გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ტრანზაქცია 2020 წლის 24 ნოემბრამდე უნდა განხორციელებულიყო. თუმცა, ფრანგულ პროდუქციაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ აშშ-ის მუქარის გამო, საფრანგეთის მთავრობამ კომპანიას ტრანზაქციის გადავადება მოსთხოვა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, LVMH-ი აცხადებს, რომ იგი Tiffany-ს შესყიდვას ვერ შეძლებს.
საპასუხოდ კი, Tiffany ხელშეკრულების პირობის შეუსრულებლობის LVMH-ს სასამართლოშ დაუპირისპირდება. Financial Times-ზე დაყრდნობით, Tiffany-ს იმის დამტკიცება სურს, რომ LVMH-მა ტრანზაქცია ღირებულების შემცირების მიზნით შეაფერხა.
ცნობისთვის, ვაშინგტონი საფრანგეთს საიმპორტო ტარიფების დაწესებით ემუქრება. ამის მიზეზი კი საფრანგეთის მიერ ამერიკული ტექნოლიგიური გიგანტებისთვის – Amazon-ის, Facebook-ის და Google-სთვის დაწესებული ციფრული გადასახადია. თუმცა, ჯერ უცნობია აშშ დააწესებს თუ არა საბოლოოდ ტარიფებს, და თუ დააწესებს, რა გავლენა ექნება ამას LVMH-ს პროდუქციაზე.