Lufthansa-ს ზარალმა მესამე კვარტალში 1.26 მლრდ ევრო შეადგინა

Lufthansa-ს ზარალმა მესამე კვარტალში 1.26 მლრდ ევრო შეადგინა

გერმანიის წამყვანი ავიაკომპანიის Lufthansa-ს ზარალმა მესამე კვარტალში 1.26 მილიარდი ევრო შეადგინა. ავიაკომპანია გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ მეოთხე კვარტალი კიდევ უფრო რთული იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ავიაკომპანიას გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 1.3 მილიარდი ევროს მოგება ჰქონდა.

ამასთანავე Lufthansa აღნიშნავს, რომ მესამე კვარტალში ავიაკომპანიის მონაცემები გაუმჯობესებულია მეორე კვარტალთან შედარებით, რადგან ავიაკომპანიამ მესამე კვარტალში ზოგიერთი რეისის აღდგენა შეძლო.

„სავარაუდოდ, ზამთარში ფრენებზე მოთხოვნა ისევ დაბალი იქნება, ამის მიზეზი გლობალური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესება და ქვეყნების მიერ დაწესებული აკრძალვებია“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.

შექმნილ სიტუაციაში, Lufthansa ჯგუფის ავიახაზები, რომლებიც გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და ბელგიაშია ბაზირებული, შარშანდელ მეოთხე კვარტალთან შედარებით, მხოლოდ 25%-იანი დატვირთვით იმუშავებს.

რეისების გაუქმების გამო, ივლის-სექტემბერში კომპანიამ დაახლოებით 2 მილიარდი ევროს შემოსავალი დაკარგა.

კომპანია აცხადებს, რომ ანგარიშზე 10.1 მილიარდი ევროს რეზერვი აქვს. აქედან 6.3 დახმარების სახით მიიღო კრიზისული პერიოდის გადასატანად, თუმცა კომპანიას ჯერ ეს თანხა არ გამოუყენებია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *