მადრიდში უკრაინის საელჩომ და იარაღის მწარმოებელმა კომპანიამ ფეთქებადი ამანათები მიიღეს

მადრიდში უკრაინის საელჩომ და იარაღის მწარმოებელმა კომპანიამ ფეთქებადი ამანათები მიიღეს

ესპანეთის პოლიცია მადრიდში ბოლო დღეებში მომხდარ შემთხვევათა შორის კავშირს იძიებს. ესპანელი სამართალდამცავების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მადრიდში უკრაინის ელჩისათვის გაგზავნილ ორ ფეთქებად ამანათსა და იარაღის მწარმოებელ ესპანურ კომპანიაში მიტანილ მსგავს ამანათს შორის კავშირის არსებობის შესაძლებლობა დიდია. ცნობისთვის, აღნიშნულ კომპანიას უკრაინისათვის რაკეტების გამშვები დანადგარები აქვს გადაცემული.

პირველი ინციდენტის შემთხვევაში, ელჩისათვის განკუთვნილი საეჭვო ამანათის გახსნისას, მადრიდში კიევის საელჩოს ოფიცერი დაშავდა. შედეგად, ოფიციალურმა კიევმა საკუთარ წარმომადგენლობებში უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ესპანეთს აღნიშნული შემთხვევის სათანადოდ გამოძიებაც მოსთხოვა.

ესპანეთის მთავრობის ოფიციალური პირის განმარტებით, რეგულარული ფოსტით მიღებული, დაუსკანერებელი წერილი ოფიცერმა საელჩოს ეზოში გახსნა და შედეგად თითზე მცირე დაზიანება მიიღო.

სულ რამდენიმე საათის შემდეგ კი, მსგავსი ამანათი სარაგოსაში, იარაღის კომპანიამაც მიიღო. საუბარია სამხედრო კონტრაქტორ Instalaza-ზე, რომელიც ესპანეთის მიერ უკრაინისათვის დონაციის სახით მიწოდებული C90-ების მწარმოებელია. თუმცა, საინტერესოა, რომ უკრაინის მთავრობას აღნიშნული ინციდენტის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

იარაღის კომპანიაში მიტანილი ფეთქებადი ამანათის საშიშროების შესახებ მისი სკანირების შემდეგ შეიტყვეს. სკანირებისას ამანათში ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოჩნდა შესაბამისი სადენებით, რომელიც გახსნისას გააქტიურდებოდა. თუმცა, აღნიშნული დროულად აღმოიფხვრა და აფეთქება არ მოჰყოლია.