მაღალი სიცხე

მაღალი სიცხე

წყეულიმც იყოს Theranos-ი! ჯანდაცვის მომდევნო დიდ „ზღაპრულ მარტორქაზე“ შეშლილმა ინვესტორებმა რიში შაჰის სტარტაპის ღირებულება $5.6 მილიარდამდე აიყვანეს.

ნათელია, რა განზრახვები აქვს Outcome Health-ის მარკეტინგს. მომხმარებელმა უნდა იფიქროს, რომ ის დახვეწილ, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიას გვთავაზობს. მის ვებგვერდზე წკრიალა ვიდეოებსა და შთამბეჭდავ სტატისტიკას ნახავთ. Outcome-ი, კომპანიისვე თქმით, „წელიწადში ნახევარ მილიარდზე მეტ პაციენტს ჯანმრთელობის კვლევებით“ უზრუნველყოფს.

მაგრამ Outcome-ი, სინამდვილეში, მედიაკომპანიაა: მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა, 31 წლის რიში შაჰმა (მარჯვნივ) ცხრა წლის წინ ის პრეზიდენტ შრადჰა აგარვალთან და მესამე თანადამფუძნებელთან ერთად ContextMedia-ს სახით წამოიწყო. კომპანია ექიმების კაბინეტებში ტაბლეტებსა და ინტერაქტიულ ეკრანებს ამონტაჟებს, რომლებზეც Outcome-ის 100-მდე კმაყოფილი პარტნიორის სამედიცინო ინფორმაციია გამოსახული; ვთქვათ, ონკოლოგის მოსაცდელში კიბოსთან დაკავშირებულ მონაცემებს ნახავთ ან 3-D-ში გამოსახულ ანატომიას, სპეციალისტებმა რომ თავიანთ პაციენტებს აჩვენონ. ამასთან, Outcome-ის ეკრანებზე რეკლამებიც ჩნდება, ძირითადად ისეთი ფარმაცევტული კომპანიებისა, როგორიც Pfizer-ი და Merck-ი არიან. შაჰის თქმით, Outcome-ის შემოსავალმა შარშან თითქმის $200 მილიონს მიაღწია – ეს რეკლამების დამსახურებაა.

ჯანმრთელობაზე ზრუნვისა რა მოგახსენოთ, მაგრამ წლების მანძილზე ინვესტორების ჯიუტი უარით გასტუმრების შემდეგ, ჩიკაგოში დაფუძნებული Outcome-ი დღეს უფრო სწრაფად იზიდავს ფულს, ვიდრე სასწაულმოქმედი წამალი რომ წარმოედგინა. მაისში შაჰმა საწყისი გარე დაფინანსების რაუნდის შესახებ გააკეთა განცხადება – სულ რაღაც $600 მილიონამდე დაფინანსების რაუნდი გვაქვს მხედველობაში ისეთი ფირმებისგან, როგორიცაა Goldman Sachs-ი, Google-თან აფილირებული CapitalG და Pritzker Group-ი, რის შედეგადაც, საბოლოო ჯამში, კომპანიის ღირებულება $5.6 მილიარდს გაუტოლდა. ეს მყვირალა რიცხვი ნიშნავს, რომ სულ რაღაც სამ წელიწადში Outcome-ი ექიმთა უმრავლესობის კაბინეტებში იქნება წარმოდგენილი. ასევე ნიშნავს, რომ შაჰის 71%-იანი წილი კომპანიაში დაახლოებით $3.4 მილიარდს უდრის, კომპანიის ვალის გათვალისწინებითაც კი.

ამ თვალწარმტაცმა რიცხვებმა გარკვეულ წრეებში ხალხი ახალ Theranos-ზე აალაპარაკა. ინვესტორთა თქმით, Outcome-ი დიდი ხანია, მოგებიანია და უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე მარკეტინგს.

თუმცა Outcome-ის გულშემატკივრებმა Theranos-ისგან ალბათ რაღაც ისწავლეს: მათ დაიტოვეს უფლება, თავიანთი აქციები ექვს წელიწადში გაანაღდონ, სულ ერთია, კომპანია გავა საჯარო ბაზარზე თუ არა. მაინც, ყოველი შემთხვევისთვის.