საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის დამატებით €2 მილიარდის სამხედრო დახმარება დააანონსა. განცხადება მან საფრანგეთში გასამართ მაღალი რანგის საერთაშორისო სამიტამდე ერთი დღით ადრე, პრესკონფერენციისას გააკეთა.
მაკრონის მიერ გამოცხადებული დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს მთელ რიგ სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორისაა: Milan-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, Mirage-ის გამანადგურებლებისთვის MICA რაკეტები, Mistral-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტები, ჯავშანტექნიკა, საბრძოლო მასალები და დრონები. პრესკონფერენციისას მაკრონმა სამიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, ხუთშაბათს პარიზში მსოფლიო ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე მთავარი საკითხი „უკრაინის შეიარაღებული ძალების სამომავლო ფორმატი“ იქნება.
სამიტის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერები უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების თემას განიხილავენ, რათა ომში მყოფმა ქვეყანამ კვლავ შეძლოს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მწვავედ დგას უკრაინაში სამშვიდობო ძალების განლაგების საკითხიც, თუმცა წარსულშიც მაკრონმა არაერთხელ განაცხადა, რომ მსგავსი რამ ომის დასრულებამდე დღის წესრიგში არ დგას.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მთავარი პრიორიტეტი ამჟამად უკრაინის სამხედრო ძალების გაძლიერებაა, ხოლო სამშვიდობო ძალების პოტენციური განლაგება ფრონტის ხაზის უკან პოზიციების დასაკავებლად მეორეხარისხოვანი ზომებია. მაკრონთან საუბრისას, ზელენსკიმ იმედი გამთქვა, რომ შეერთებულ შტატებს შესწევს საკმარისი ძალა, რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სისრულეში მოყვანა აიძულოს.