წელს მაქკენზი სკოტმა არაკომერციული ორგანიზაციებისთვის ქველმოქმედების სახით დამატებით $2 მილიარდი გაიღო. შედეგად, 2019 წლის შემდეგ, სკოტის მიერ ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხის მოცულობამ $19.2 მილიარდს მიაღწია.
მილიარდერი ფილანთროპის ინფორმაციით, 2024 წელს მის მიერ გაცემული გრანტების უმეტესობა ეკონომიკური უსაფრთხოებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდა.
სკოტი თავის საქველმოქმედო საქმიანობაზე იშვიათად საუბრობს. ბევრი ფილანთროპისგან განსხვავებით, ის ქველმოქმედებას ფონდის მეშვეობით არ ახორციელებს, რადგან აღნიშნულ შემთხვევაში, შიდა შემოსავლების სერვისის რეგულაციებით, დონაციებთან დაკავშირებით მას უფრო მეტი ინფორმაციის გასაჯაროება მოეთხოვებოდა.
მილიარდერის გადაწყვეტილებას მიესალმებიან სკოტის ბენეფიციარები და აცხადებენ, რომ ეს მათ საშუალებას უტოვებს, თავადვე გადაწყვიტონ, თუ რა არის უკეთესი მათი ორგანიზაციისთვის. არსებული ინფორმაციით, 2019 წლის შემდეგ სკოტი 2,450-ზე მეტ არაკომერციულ ორგანიზაციას დაეხმარა.
სკოტის სიმდიდრის უმეტესი ნაწილი Amazon-ის აქციებზე მოდის, რომელიც მან კომპანიის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსთან დაშორების შემდეგ მიიღო. ამჟამად Forbes-ი სკოტის ქონებას $31.7 მილიარდად აფასებს.
2019 წელს სკოტი ბილ გეიტსისა და უორენ ბაფეტის მიერ შექმნილ Giving Pledge-ის ინიციატივას შეუერთდა, რომელიც სიცოცხლის განმავლობაში ქონების უდიდესი ნაწილის საქველმოქმედო მიზნებისთვის გაღებას ითვალისწინებს.