ფოტო: Getty Images
კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) აქციების საჯაროდ განთავსებაზე (IPO) განაცხადი ოფიციალურად წარადგინა. SpaceX-ის საჯარო კომპანიად დალისტვა მნიშვნელოვნად ზრდის შანსებს, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, პირველი ტრილიონერის სტატუსს მოიპოვებს.
წინასწარი შეფასებებით, SpaceX-ი აქციების საჯაროდ დალისტვას კომპანიის $1.75 ტრილიონიდან $2 ტრილიონამდე ღირებულებით გეგმავს. ცნობისთვის, ამ დრომდე ერთადერთი კომპანია, რომელმაც IPO $1 ტრილიონზე მაღალი შეფასებით განახორციელა, საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ა. ამ უკანასკნელმა აქციები საჯაროდ 2019 წელს, $1.7-ტრილიონიანი საერთო ღირებულებით განათავსა.
SEC-ში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, მასკის კოსმოსური კომპანია ბირჟაზე დალისტვას მიმდინარე წელს გეგმავს, თუმცა ზუსტი თარიღი დაკონკრეტებული არაა. SpaceX-ის აქციები Nasdaq-ზე სიმბოლოთი — SPCX — იქნება ხელმისაწვდომი. ამასთანავე, რიგითი, საცალო ინვესტორები SpaceX-ის აქციების შეძენას პოპულარული პლატფორმების — Schwab-ის, Fidelity-ს, Robinhood-ის, SoFi-სა და E*Trade-ის — საშუალებითაც შეძლებენ.
SpaceX-ის IPO ილონ მასკს მსოფლიოს პირველი ტრილიონერის სტატუსთან კიდევ უფრო დააახლოებს. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ამერიკელი ბიზნესმენი ამჟამად $807.7 მილიარდის ქონებას ფლობს. მასკის საკუთრებაშია, სავარაუდოდ, SpaceX-ის აქციათა 43%, რაც თითქმის 100%-იან გარანტიას იძლევა, რომ IPO-ს შემდეგ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქონება 1 ტრილიონი ამერიკული დოლარის ნიშნულს გადააჭარბებს.
პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, ამ კვირაში IPO-ზე განაცხადის წარდგენას, დაახლოებით $1-ტრილიონიანი ღირებულებით, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი OpenAI-ც გეგმავს. თუმცა OpenAI ბირჟაზე აქციების საჯაროდ განთავსებას სექტემბრამდე არ აპირებს. OpenAI-ის ნაბიჯი შესაძლოა SpaceX-ის IPO-ზე საპასუხო რეაქციად შეფასდეს, რადგან ეს უკანასკნელი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ — xAI-ის მფლობელი კომპანიაა.
















