ილონ მასკმა, ისტორიაში ქონების ყველაზე დიდი პერსონალური დანაკარგით, რეკორდი დაამყარა. „გინესის მსოფლიო რეკორდების“ მონაცემებით, 2021 წლის ნოემბრიდან, ილონ მასკმა დაახლოებით $182 მილიარდი დაკარგა, მაშინ, როდესაც სხვა წყაროების ცნობით, მასკის მიერ დაკარგული თანხა $200 მილიარდს უახლოვდება.
ილონ მასკის ქონებამ პიკს, $320 მილიარდს, 2021 წელს მიაღწია. ამის შემდგომ კი მილიარდერის ქონება, მეტწილად Tesla-ს აქციების ფასის ვარდნის შედეგად, 2023 წლის იანვრისთვის $138 მილიარდამდე შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ მასკის დანაკარგის ზუსტად განსაზღვრა ამ დროისთვის რთულია, მან მაინც მოახერხა და მოხსნა იაპონელი ტექნოლოგიური ინვესტორის, მასაიოში სონის რეკორდი, რომელმაც 2000 წელს $58.6 მილიარდი იზარალა.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტულიც დაკარგა და პირველობა ფრანგ მილიარდერს, LVMH-ის აღმასრულებელ დირექტორს ბერნარ არნოს დაუთმო. Forbes-ის შეფასებით, ბერნარ არნოს ქონება ამჟამად $203.7 მილიარდს უტოლდება, მაშინ როდესაც ილონ მასკი მხოლოდ $146.5 მილიარდს ფლობს.
„გინესის მსოფლიო რეკორდების“ ანგარიშის მიხედვით, 2021 წლიდან მასკის ქონების რეკორდული შემცირება ძირითადად, აპრილში Twitter-ის შეძენის შემდეგ, ელექტრომობილების კომპანია Tesla-ს აქციების ფასის 65%-იანი ვარდნის შედეგია. Twitter-ის შეძენის შემდეგ, ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის ინვესტორებმა ეჭვქვეშ დააყენეს მასკის შესაძლებლობა, კვლავ ისეთივე წარმატებით მართოს Tesla, როგორითაც ამას ოქტომბრამდე აკეთებდა.