McDonald’s-ი ხელმძღვანელი პირების საბონუსე სისტემას ცვლის

McDonald’s-ი ხელმძღვანელი პირების საბონუსე სისტემას ცვლის

მსოფლიოში უმსხვილესი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი McDonald’s-ი ხელმძღვანელი პირების საბონუსე სისტემას ცვლის. როგორც Reuters-ი წერს, აღმასრულებლების ბონუსები კომპანიის ახალი მიზნის მიღწევასთან იქნება დაკავშირებული. ახალი მიზანი კი სამუშაო ძალის დივერსიფიცირებაა.

ახალი წესის მიხედვით, აღმასრულებელი ხელმძღვანელი კრის კემპჩინსკი შემოსავლის დაახლოებით 15%-ს, ანუ $2.25 მილიონს დაკარგავს წელიწადში, თუ კომპანიის მიზანს ვერ მიაღწევს და დასაქმებულებს შორის ფერადკანიანების, აზიელებისა და სხვა უმცირესობების წილს არ გაზრდის ლიდერულ პოზიციებზე.

ცნობისთვის, თანდათან უფრო მეტი კომპანია და ორგანიზაცია ცდილობს ამერიკაში უმცირესობების დასაქმების წილის გაზრდას, მათ შორის საუბარია ფერადკანიანებსა და ქალებზე, რომლებიც სტატისტიკურად ყველაზე დაბალშემოსავლიან ჯგუფებად მიიჩნევიან. პანდემიის დროს კი სამუშაოდაკარგულთა შორის სწორედ ქალები და ფერადკანიანები ჭარბობენ.

ამასთან, ამერიკაში გასული წლის მაისში პოლიციელის მიერ  ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ კომპანიების მიზნები უფრო მეტი ფერადკანიანის დასაქმების შესახებ კიდევ უფრო მკაფიო გახადა. McDonald’s-მა ივლისში განაცხადა, რომ აამოქმედებდა ახალ ინიციატივას სამუშაო ძალის მრავალფეროვნების გაზრდის მიზნით. კომპანიის მიზანს 2025 წლის ბოლოსთვის, წამყვან პოზიციებზე ქალების წილის 37%-დან 45%-მდე, ხოლო სხვა უმცირესობების წარმომადგენელთა წილის 29%-დან 35%-მდე  გაზრდა წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *