მედვედევი: ახალი რეგიონების დაცვა სტრატეგიული ბირთვული იარაღითაა შესაძლებელი

მედვედევი: ახალი რეგიონების დაცვა სტრატეგიული ბირთვული იარაღითაა შესაძლებელი

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის განცხადებით, მოსკოვის არსენალში არსებული ნებისმიერი იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღი, შესაძლოა გამოყენებულ იქნას რუსეთში შემავალი ახალი ტერიტორიების დასაცავად.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თქმით, ქვეყნის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილზე, რუსეთისა და სეპარატისტული ხელისუფლების მიერ ორგანიზებული რეფერენდუმები აუცილებლად ჩატარდება და დასძინა, რომ დონბასის რესპუბლიკები, სხვა ტერიტორიებთან ერთად, რუსეთს შეუერთდება.

როგორც ცნობილია, უახლოეს დღეებში რეფერენდუმების ჩატარება დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების გარდა, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ნაწილებშიც იგეგმება. რუსეთის ფედერაციაში ოფიციალურად მიღების შემთხვევაში, „მოსკოვის ბირთვული დოქტრინის“ თანახმად, რუსეთი ტერიტორიების ბირთვული იარაღით დაცვის უფლებამოსილებას მიიღებს. კენჭისყრას, რომელიც სამხედრო ოკუპაციის ქვეშ, გარე ზედამხედველობის გარეშე ჩატარდება, კიევი და მისი დასავლელი პარტნიორები არ აღიარებენ.

შეგახსენებთ, რომ მედვედევის განცხადებამდე, რუსეთის „ტერიტორიული მთლიანობის“ დასაცავად „ყველა ხელმისაწვდომი საშუალების“ გამოყენებაზე განცხადება პრეზიდენტმა პუტინმაც გააკეთა. პრეზიდენტმა ხელი ნაწილობრივი მობილიზაციის განკარგულებას მოაწერა, რომლის ფარგლებშიც უკრაინასთან საომრად 300 ათასი რეზერვისტის გაწვევა იგეგმება.