მესტიაში მაისიდან კიდევ ერთი ახალი პრემიუმ-კლასის სასტუმრო კომპლექსი გაიხსნება. სასტუმროს შპს „გისტოლა“ აშენებს. ინვესტიციის მოცულობა 5 მილიონი დოლარია.
როგორც ცნობილია, სასტუმრო 45-ნომრიანი იქნება. კომპლექსში განთავსდება რესტორანი, ლაუნჯი, ბარი, ღამის კლუბი,80 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო სივრცე და ბავშვთა გასართობი ცენტრი.
სასტუმროს მმართველი ტურიზმის სფეროში გამოცდილი მაია მურაჩაშვილია. მისი თქმით, მესტიაში აშენებულ ახალ სასტუმროში სტუმრებს სკუტერებითა და ოთხმავლებით გასეირნებასაც შესთავაზებენ. ასევე სასტუმრო კომპლექსში შესაძლებელი იქნება სადღესასწაულო საღამოების მოწყობაც.
სასტუმროს სახელი კავკასიონის მწვერვალ გისტოლას სახელიდან გამომდინარე დაერქვა. „მესტიის „გისტოლა“ – სასტუმროა, ძალიან ლამაზი და კომფორტული, მისი სეხნია მწვერვალივით. ის მაისის ბოლოს გაიხსნება“, – წერენ „გისტოლას“ ფეისბუკ-გვერდზე.
ცნობისთვის, „გისტოლას“ მფლობელი „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანია. სასტუმრო 2019 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა პანდემიამ მფლობელის გეგმები გადაავადა.