Microsoft-მა დააანონსა, რომ სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოსაყენებელი Teams პლატფორმა სხვა მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. კომპანიის განცხადებით, ცვლილებების მთავარი მიზანია, პლატფორმა მეტად საყოველთაო გახადოს.
შეტყობინების გაგზავნასა და ვიდეოზარების განხორციელებასთან ერთად, მომხმარებლები შეძლებენ, ისარგებლონ Teams-ის აპლიკაციის განახლებული ფუნქციებითაც. ერთ-ერთი ასეთი მახასიათებელი ვიდეოშეხვედრის დროს შესაბამისი ფონის შერჩევაცაა, რომელიც შექმნის ილუზიას, თითქოს ჩატის მონაწილეები ერთ ადგილას იმყოფებიან. მსგავსი პრაქტიკით, NBA-ის სეზონის დროს მაყურებლების გამოსახულებები ვირტუალურ ტრიბუნებზე ჩანდა.
გარდა ამისა, ჯგუფებში შესაძლებელი იქნება, ერთ სივრცეში მოექცეს ისეთი საორგანიზაციო საკითხები, როგორიცაა გამოკითხვის ჩატარება, ღონისძიების მოსაწვევის გაგზავნა, გეგმისა და სიის შედგენა. ძირითადი ფუნქციების ნაწილის გამოყენება იმ პირებისთვისაც იქნება შესაძლებელი, რომლებსაც აპლიკაცია არა აქვთ.
Microsoft Teams-ის მომხმარებლებს უკვე შეეძლებათ არასამუშაო დროს პირადი მიზნებისთვის განახლებული აპლიკაციის გამოყენება. ამ ცვლილებების შედეგად მოსალოდნელია ახალი მომხმარებლების რაოდენობის ზრდა, რაც პლატფორმის კონკურენტუნარიანობის გათვალისწინებით გაზრდის Teams-ის წილს ჩატ-აპლიკაციების ბაზარზე.