მილიარდერმა ბილ აკმანმა უკრაინისთვის სასწრაფო დახმარების მანქანების შესაძენად $3.25 მილიონი გამოყო

მილიარდერმა ბილ აკმანმა უკრაინისთვის სასწრაფო დახმარების მანქანების შესაძენად $3.25 მილიონი გამოყო

ჰეჯ-ფონდის მენეჯერმა, მილიარდერმა ბილ აკმანმა უკრაინისთვის $3.25 მილიონი გამოყო, რათა რუსეთის წინააღმდეგ ომში მყოფ ქვეყანას ათზე მეტი სასწრაფო დახმარების შეძენაში დაეხმაროს. ინფორმაციას აკმანის საქველმოქმედო ფონდის, Pershing Square Foundation-ის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ინვესტორი უიტნი ტილსონი ავრცელებს.

როგორც ტილსონის მიერ მეგობრებისა და კოლეგებისთვის გაგზავნილი ელფოსტიდან ირკვევა, აკმანის შემოწირულებით უკრაინა თხუთმეტი, სპეციალურად აღჭურვილი Toyota 4×4 Land Cruiser-ის შეძენასა და ფრონტის ხაზზე მათი ექსპლუატაციის ხარჯების დაფარვას შეძლებს. „დღეს დილით, ჩემი კოლეჯის მეგობარ ბილ აკმანს უკრიანის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების მანქანებით უზრუნველყოფის გეგმა გავაცანი, რომელიც მაშინვე დამთანხმდა $3.25 მილიონის შემოწირულებაზე“, – წერს ტილსონი 25 თებერვლით დათარიღებულ წერილში.

უკრაინის დასახმარებლად გაღებული შემოწირულების შესახებ კომენტარი ამ ეტაპზე არც აკმანის წარმომადგენელს და არც თავად ტილსონს არ გაუკეთებიათ. აღსანიშნავია, რომ ტილსონი ლიდერობდა მალტაში დაფუძნებული ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფ  MOAS-ის წამოწყებასაც, რომლის მიზანიც უკრაინისთვის სასწრაფო დახმარების მანქანების შეძენა გახლდათ. Toyota Land Cruisers-ის ფასი დაახლოებით $116,000-ია.

ცნობისთვის, ბილ აკმანის ჰეჯ-ფონდი Pershing Square Capital Management-ი დაახლოებით $16 მილიარდის აქტივებს აკონტროლებს. Forbes-ის მონაცემებით, აკმანის ქონება $3.5 მილიარდს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ აკმანმა და მისმა მეუღლემ თავიანთი ქონების უმეტესი ნაწილის საქველმოქმედო მიზნებისთვის გაღების პირობა დადეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *