ამერიკულ კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებული covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინა 25-დან 37 აშშ დოლარამდე ეღირება.
ამის შესახებ Reuters კომპანიის ხელმძღვანელის სტეფან ბანსელის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
“ჩვენი ვაქცინა, დაახლოებით, იგივე ღირს, რაც – გრიპის საწინააღმდეგო, რომლის ფასი $ 10-დან 50 დოლარამდეა“, – თქვა მან.
ამასთან, Moderna-ს CEO აცხადებს, რომ თითო დოზა ვაქცინის ფასი შეკვეთების მოცულობაზეც იქნება დამოკიდებული.
შეგახსენებთ: გასულ კვირას ფარმაცევტულმა კომპანიამ თავისი ვაქცინის თითქმის 95%-იან ეფექტურობაზე განაცხადა. მაშინ BBC წერდა, რომ კომპანია მომდევნო კვირების განმავლობაში ავტორიზაციისთვის აშშ-ის მარეგულირებელი სამსახურისთვის მიმართვას გეგმავს.
Moderna-ს განცხადებით, მათ ქვეყანაში 20 მლნ დოზა ვაქცინის უზრუნველყოფა შეუძლიათ. კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს დიდი ბრიტანეთიც. ცნობილია, რომ ამ ეტაპზე, Moderna-სთან მოლაპარაკების რეჟიმშია ევროკომისიაც.