დიდი შვიდეულის სახელმწიფოები 2024 წლის პირველი იანვრიდან რუსული ბრილიანტის იმპორტზე აკრძალვას დააწესებენ. ხოლო ძვირფასი ქვით ვაჭრობაზე ემბარგო მომავალი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად განხორციელდება.
იმპორტზე აკრძალვის დაწესებით G7-ის სახელმწიფოები კიდევ ერთხელ შეეცდებიან, შეასუსტონ რუსეთის ეკონომიკური შესაძლებლობა – დააფინანსოს ომი უკრაინაში. მიუხედავად ადრეული მცდელობებისა, რუსული ბრილიანტის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნების, მათ შორის ბელგიის წინააღმდეგობის გამო, საქონელი ამ დრომდე დასავლური სანქციების მიღმა რჩებოდა.
G7-ის ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმებით, არაინდუსტრიული ბრილიანტების იმპორტზე აკრძალვა 2024 წლის 1 იანვრიდან დაწესდება. მესამე ქვეყნებში დამუშავებულ ბრილიანტებზე აკრძალვა 1 მარტიდან ამოქმედდება, ხოლო ე.წ. „მიკვლევადობის სისტემა“, ალმასებზე უკვე 1 სექტემბრიდან შევა ძალაში. ცნობისთვის, აკრძალვა არ შეეხება სამრეწველო გამოყენების ქვებს.
ბრილიანტი ერთ-ერთია იმ მცირე საქონელთაგან, რომლებზეც, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ერთიანი სანქციები არ დაწესებულა. 2022 წლის აპრილში რუსული ალმასის იმპორტი ცალმხრივად აკრძალა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თუმცა მესამე ქვეყანაში დამუშავებული ქვები აშშ-ში კვლავ დაიშვებოდა.
ყოველწლიურად, რუსული ალმასის ექსპორტის ღირებულება საშუალოდ $4 მილიარდს უტოლდება. რუსული კომპანია Alrosa მსოფლიოში ბრილიანტის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია – 2022 წლის პირველ ნახევარში Alrosa-ს შემოსავალმა $1.9 მილიარდს მიაღწია.