მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანიის, Apple-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ში $500 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. ინვესტიცია ტეხასში ხელოვნური ინტელექტის სერვერების მასშტაბური საწარმოს აშენებას და ქვეყნის მასშტაბით კვლევა-განვითარების მიმართულებით 20,000-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს.
Apple-ის განმარტებით, აღნიშნული $500 მილიარდი ამ წლების განმავლობაში აშშ-ში განხორციელებულ ნებისმიერ აქტივობას მოიცავს, დაწყებული ამერიკული მწარმოებლებისაგან შესყიდვებით, დასრულებული Apple TV+ სერვისებისათვის სატელევიზიო შოუებისა და ფილმების გადაღების დაფინანსებით.
შეგახსენებთ, Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი გასულ კვირას აშშ-ის ახალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. საინტერესოა, რომ Apple-ის პროდუქტების უმეტესობა ჩინეთში იწარმოება. შესაბამისად, გასულ თვეს ტრამპის მიერ ჩინეთისთვის დაწესებული 10%-იანი ტარიფი, წესით, ჩინეთიდან Apple-ის პროდუქციის იმპორტზეც უნდა გავრცელდეს. თუმცა შესაძლოა, Apple-ის პროდუქცია ტრამპის პირველი ვადისას არსებული ტარიფების მსგავსად, ამჯერადაც გამონაკლის წესს დაექვემდებაროს.