მომდევნო სამ წელიწადში Alibaba AI-ში $52-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს

მომდევნო სამ წელიწადში Alibaba AI-ში $52-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს

ჩინური ელექტრონული კომერციის გიგანტის, Alibaba-ს განცხადებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის განვითარებაში $52-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის ინფორმაციით, ეს Alibaba-ს მიერ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ხელოვნურ ინტელექტსა და ღრუბლოვანი სერვისების განვითარებაში განხორციელებული ინვესტიციის ჯამურ მოცულობას მნიშვნელოვნად აჭარბებს.

Alibaba-მ ხელოვნური ინტელექტის მიმართულების განვითარებასთან დაკავშირებით გეგმებზე გასული კვირის ბოლოს 2024 წლის IV კვარტალის ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებისას ისაუბრა, თუმცა მაშინ ინვესტიციის ზუსტი მოცულობა არ დაუსახელებია. აქვე გეტყვით, რომ ანგარიშის თანახმად, გასული წლის ბოლო სამ თვეში კომპანიამ $38.6 მილიარდის შემოსავლები მიიღო.

ჩინური ელექტრონული კომერციის კომპანიის გეგმები ხელოვნურ ინტელექტთან და ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით ინვესტორთა დიდ ყურადღებას იმსახურებს. მხოლოდ წელს, ორი თვის განმავლობაში, კომპანიის აქციათა ფასი ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე 66%-ით არის გაზრდილი.

ხელოვნური ინტელექტის მიმართულების განვითარებას ჩინური კომპანიები აქტიურად ცდილობენ. მაგალითად, TikTok-ის მფლობელმა ByteDance-მა წელს კაპიტალური ხარჯებისთვის 20 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო, რომლის დიდი ნაწილი, როგორც Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, AI-ს განვითარებისკენ იქნება მიმართული.