ორი ფილოსოფოსი იყენებს მანქანურ სწავლებასა და ხელოვნურ ინტელექტს იმისათვის, რომ რეალური დროის რეჟიმში გლობალური ეკონომიკის რუკა შექმნან. მსოფლიოს უმსხვილესი ფინანსური ფირმებიც რიგში ჩამდგარან მათ კარებთან.
რა დაჯდა აშშ-ის ფედერალური მთავრობის მუშაობის დროებითი შეჩერება? ჩიხში შესვლიდან 35 დღეში დაგროვდა $6,354,845,148 გადაუხდელი ხელფასი 747,573 ფედერალური თანამშრომლისათვის. მას შემდეგ, ყოველი წამი $2,118-ით ზრდიდა ამ თანხას. ზოგიერთი თანამშრომელი შვებულებაში გაუშვეს, ბევრად მეტი კი უხელფასოდ მუშაობდა. მაგალითად, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში 245,405 თანამშრომელი მუშაობდა ანაზღაურების გარეშე, ხოლო 32,706 მუშაკი შვებულებაში გაუშვეს. ფინანსთა სამინისტროში 36,309 თანამშრომელი შვებულებაში გაუშვეს, ხოლო 82,336 უხელფასოდ მუშაობდა. გარემოს დაცვის სამინისტროში თანამშრომლების 52% ანაზღაურების გარეშე მუშაობდა.
ამ გარღვევის საერთო მასშტაბის დადგენა – ისევე როგორც მისი ცალკეული დეტალებისა – სულაც არ იყო იოლი. ნიუ-იორკში დაფუძნებულმა ფინანსური ტექნოლოგიების ნაკლებად ცნობილმა კომპანია Enigma-მ, მის მიერ შექმნილ ვებსაიტზე, სახელად Government Shutdown 2018-2019, წარმოადგინა ხარჯების ზრდის დიაგრამა რეალური დროის რეჟიმში. ამისათვის Enigma-მ აშშ-ის ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო სამმართველოდან 109 ფედერალური უწყებისათვის საგანგებო სიტუაციების გეგმები გამოითხოვა.
მათ ასევე აიღეს 46 უწყების თანამშრომელთა საშუალო ხელფასებისა და ანაზღაურების მონაცემები საიტიდან FederalPay.org. მთლიანობაში, ტრეკერის შესაქმნელად კომპანიამ გადასინჯა ფედერალური მონაცემების 2000-ზე მეტი გვერდი და ელექტრონული ცხრილების 2 მილიონზე მეტი მწკრივი. იდეის ჩასახვიდან განხორციელებამდე Enigma-ს სამ მძლავრ კომპიუტერს დასჭირდა მუშაობა 36 საათის განმავლობაში.
მთავრობის მუშაობის დროებითი შეჩერების მონაცემები თავისუფლად არის ხელმისაწვდომი, მაგრამ Enigma-ს მიერ მრავალრიცხოვანი, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო წყაროდან მიღებული, მოუწესრიგებელი მონაცემების სწრაფად შეჯერება-გააზრებისა და გლობალური ეკონომიკის კონფიგურირებული ხედვის შექმნის უნარმა მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი კომპანია – BlackRock, PayPal და Celgene მიიზიდა, და დღეს უკვე ბევრი კლიენტი მზადაა, წელიწადში 1 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადოს კომპანიის ინსაიტზე დაუბრკოლებელი წვდომისთვის. Enigma წარმოადგენს საუკეთესო მეგობრების, ჰიშამ აჯირისა და მარკ დაკოსტას ნააზრევს, რომელთაც ერთმანეთი 16 წლის წინ, კოლუმბიის უნივერსიტეტის ბაკალავრიატში გაიცნეს, სადაც ისინი ფილოსოფიას სწავლობდნენ. მათი სტარტაპი მთელ მსოფლიოში ათასობით წყაროდან მონაცემებს მოიპოვებს და მათი შეჯერებით ქმნის ერთიან, სრულად შეკავშირებულ ინტერფეისს.
“ადამიანებმა იციან, როგორ მუშაობს ინტერნეტი, როგორ ხორციელდება მომხმარებლების რეგისტრაცია და პროდუქტების შეთავაზება Amazon-დან. ეს პრობლემა გადაწყვეტილია. ახლა ჩვენ ვაგებთ რეალური მსოფლიოს მოდელს”, – გვეუბნება 34 წლის აჯირი Enigma-ს ჰუმბოლდტის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, რომელსაც სახელი განმანათლებლობის ეპოქის პრუსი ფილოსოფოსის პატივსაცემად ეწოდა. “ეს არ არის მხოლოდ უფრო სწრაფი მიკროპროცესორი ან უკეთესი სტატისტიკა, Enigma არის დიაგრამაში ასახული ცოდნა იმისა, თუ რა ხდება ეკონომიკაში”, – დასძენს მისი თანადამფუძნებელი, ასევე 34 წლის დაკოსტა.
აჯირისა და დაკოსტას მოგზაურობა მონაცემების მოპოვების სამყაროში 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ დაიწყო. დაკოსტა ასრულებდა სადიპლომო შრომას კულტურული ანთროპოლოგიის მონაცემებზე კალიფორნიის უნივერსიტეტში, ირვინში, ხოლო აჯირი მუშაობდა განახლებადი ენერგეტიკის პროექტების მენეჯმენტზე BCME ბანკისთვის კასაბლანკაში, მაროკო.
ორივეს აინტერესებდა, თუ როგორი ახსნა ჰქონდა მიმდინარე გლობალურ კრიზისებს. ასე რომ, ისინი კვლავ გაერთიანდნენ და დაიწყეს საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების წყებათა ორგანიზება, თავდაპირველად ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ფრენის ჟურნალებით. მალე მათ აღმოაჩინეს, რა რაოდენობით ძვირფასი ინფორმაცია ძევს სრულიად თვალსაჩინოდ სამთავრობო დავთრებში, უნივერსიტეტის კვლევით პუბლიკაციებში, არასაჯარო ბიზნესჩანაწერებსა და გადაზიდვისა და საბაჟო დეკლარაციებში. თუკი ისინი შეძლებდნენ ამ მონაცემების შეგროვებას, დაწმენდას, ორგანიზებასა და ანალიზს, შესაძლებელი გახდებოდა მაკროეკონომიკური პროექციის მიღება თითქმის რეალური დროის რეჟიმში.
2011 წელს აჯირიმ და დაკოსტამ დააარსეს Enigma და დაიწყეს საჯარო მონაცემების შეგროვება-გაერთიანება, ძირითადად ისეთი სამთავრობო წყაროებიდან, როგორიცაა მოსახლეობის აღწერის ბიურო, კავშირგაბმულობის ფედერალური კომისია, ფედერალური საარჩევნო კომისია და ფედერალური საგადასახადო სამსახური, იმპორტის ჩანაწერები აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტებიდან და ასევე სამშენებლო ნებართვები. მთელი მოპოვებული ინფორმაცია ერთ წყაროდ იქნა გაერთიანებული. აჯირი და დაკოსტა ასევე ჩამოყალიბდნენ რთულად მოსაძიებელი ინფორმაციის მოპოვების ექსპერტებად.
მაგალითად, ინფორმაციის თავისუფლების აქტის გამოყენებით Enigma მოიპოვებს საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურის ავტომატური დეკლარირების სისტემის მონაცემებს, იმისათვის რომ დაადგინოს ყოველი კონტეინერმზიდი გემი, რომელიც შემოდის ამერიკაში, იმპორტიორისა და შემოსვლის პორტის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით. სახანძრო ინციდენტების აღრიცხვის ეროვნული სისტემის საშუალებით Enigma მოიპოვებს ინფორმაციას ნებისმიერი ხანძრის ადგილმდებარეობისა და მისი გამომწვევი მიზეზის შესახებ. ენერგეტიკული ხასიათის ინფორმაციისათვის Enigma ეყრდნობა ნავთობის ჭაბურღილების მონაცემებს ტეხასის რკინიგზის კომისიიდან, რომელიც 1891 წელს, ტარიფების დადგენის მიზნით დაარსდა.
კომპანიამ აღმასვლა დაიწყო 2014 წელს, როდესაც მან $4.5 მილიონი შემოსავალი მიიღო Comcast, American Express და New York Times Co კომპანიებიდან. და გაწევრიანდა Fintech Innovation Lab-ში, რომელიც ქალაქ ნიუ-იორკისათვის დააარსეს კომპანია Accenture-მ და საპარტნიორო ფონდმა. სწორედ აქ, ბანკებთან და უოლ-სტრიტის გიგანტებთან მჭიდრო კავშირში აჯირიმ და დაკოსტამ აღმოაჩინეს, რომ მათ მონაცემებს ფართოდ გამოიყენებდნენ ფინანსური მომსახურების სფეროში, ვინაიდან კომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაციის დაკავშირება ბანკების სამომხმარებლო მონაცემების სისტემებთან შესაძლებელს ხდიდა როგორც თაღლითობის შემთხვევების, ისე სანდო კომპანიებისა და ფიზიკური პირების უფრო ოპერატიულად გამოვლენას. “ჩვენ შევიმუშავეთ ბრძოლის გეგმა”, – ამბობს დაკოსტა ამაჩქარებლის შესახებ. მათ სწრაფად შექმნეს პროგრამული პაკეტი, რომელიც გაამდიდრეს ფერადი გრაფიკებით და შესაბამისობაში მოიყვანეს სპეციალიზებული ინსტრუმენტები ინტერფეისთან, რომელსაც “დოსიე” უწოდეს.
დღეისათვის Enigma-ს სინთეზირებული აქვს 100,000 მონაცემთა კომპლექტი100-ზე მეტ ქვეყანაში, ორგანიზებული აქვს 30 მილიონი მცირე ბიზნესის მონიტორინგი და დაგროვილი აქვს140 მილიარდი ინფორმაციული ერთეული აშშ-ის მოსახლეობის შესახებ. კომპანიას კარტირებული აქვს აშშ-ის ფარმაცევტული ინდუსტრიის მიერ გამოყენებული ყველა მოლეკულა, ისევე როგორც ყველა გამოცდა, საპატენტო განაცხადი და ასევე არასასურველი მოვლენები.
ნიუ-იორკის ფლეტაირონის უბანში განლაგებულ Enigma-ს შტაბბინაში საკონფერენციო დარბაზებს მიშელ დე მონტენისა და ავგუსტინეს სახელები ჰქვია. წიგნების თაროები სავსეა მეცნიერული ტომებით, დაწყებული კოდირების ისეთი სახელმძღვანელოებით, როგორიცაა ”მანქანური სწავლება ჰაკერებისათვის” და ”მონაცემთახარისხისადაჩანაწერების დაკავშირების მეთოდები”, დამთავრებული “პლატონის დიალოგების”, “ულისესა” და რუსოს “აღსარებების” მსგავსი კლასიკით. კედლები დაფარულია რუკებითა და ხელოვნების ექსპერიმენტული ნიმუშებით, რომლებიც “მონაცემებისა და გამოცდილების ურთიერთკვეთას შეისწავლის”.
მაგრამ Enigma-ს მომაბეზრებლად აკადემიურმა კულტურამ ხელი არ შეუშალა მის მიერ კორპორაციული კლიენტების მოზიდვას და არც დაფინანსებას სილიკონისხეობისა და უოლ-სტრიტის მხრიდან. კომპანიის მომსახურებით სარგებლობენ ისეთი კლიენტები, როგორებიც არიან BlackRock-ი, PayPal-ი, American Express-ი, MetLife-ი, BB & T, Celgene-ი, Merck-ი და EMD Millipore-ი. 130 მილიონ დოლარამდე შევიდა კომპანიაში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ისეთი ვენჩურული ინვესტორებისგან, როგორიცაა NEA, Crosslink Capital-ი და Glynn Capital-ი, ასევე Two Sigma Ventures-ისა და Third Point Ventures-ის მსგავსი ჰეჯ-ფონდებიდან.
Forbes-ის შეფასებით, Enigma-ს კაპიტალიზაცია 750 მილიონი დოლარია, 30 მილიონ დოლარამდე ყოველწლიური შემოსავლით. 2018 წელს კომპანიის მომხმარებელთა ბაზა გაორმაგდა. თუ ჰეჯ-ფონდს სურს იცოდეს, რომელი რესტორნის ქსელია სწრაფად მზარდი, Enigma-ს შეუძლია გადაამოწმოს კავშირგაბმულობის ფედერალური კომისიის ჩანაწერებში რადიოლიცენზიები, რომლებიც აუცილებელია ფანჯრიდან მიწოდების სერვისის (drive-through) გახსნისათვის. სადაზღვევო კომპანიები იყენებენ Enigma-ს მომსახურებას რისკების შეფასებისათვის, ხოლო ფარმაკოლოგიური კომპანიები თავიანთ კომპიუტერებს იყენებენ სამკურნალო პრეპარატების უსაფრთხოების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
გსურთ, სწრაფად და ზუსტად გამოავლინოთ საუკეთესო კანდიდატები მცირე ბიზნესის სესხებისათვის? ნაცვლად ცივი ვიტრინებისა ან ადგილობრივი სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლების ლაყბობისა, Enigma ქონებრივი და საგადასახადო ინფორმაციას შეაჯერებს სახელმწიფო ბიზნესჩანაწერებთან და ერთიანი სავაჭრო კოდექსის გირაოებთან და შექმნის ავტომატურ საკრედიტო ვინაობას. გსურთ, თავიდან აიცილოთ გარანტიების გაცემა სახანძრო რისკის ზონებში? იქნებ ღირდეს ავარიული გამოძახებების ჩანაწერებისა და სამშენებლო ნებართვების მონაცემების შერწყმა?
MetLife-ის ციფრული დირექტორი გრეგ ბაქსტერი იწყებს Enigma-ს მიერ სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემებიდან და უნივერსიტეტებიდან მოპოვებული მონაცემების დაკავშირებას საკუთარ სისტემებთან, ავადობისა ან რისკის კერების შესწავლისათვის, რათა გააუმჯობესოს გარანტირების ხარისხი. ხოლო MetLife-ის $588-მილიარდიან საინვესტიციო მენეჯმენტში ბაქსტერი იყენებს Enigma-ს მონაცემებს, რათა განსაზღვროს, თუ რა გავლენას ახდენს რესტორნების, პარკებისა და საზოგადოებრივი ღონისძიებების ხარისხი უძრავი ქონების ფასებზე. “ისინი პოულობენ მონაცემთა წყაროებს, ახდენენ მონაცემთა ორგანიზებას და შემდეგ პოულობენ მონაცემების დაკავშირების გზებს მანქანური სწავლების საშუალებით, _ ამბობს ბაქსტერი. – როდესაც ამ გარე მონაცემებს შიდა დომენურ მონაცემებთან აერთიანებთ, ფენომენალურად პროგნოსტიკურ და შორსმჭვრეტელურ ტრენდებს იღებთ”.
Glynn Capital-ის ინვესტორი ჯონ ფოგელსონგი მიიჩნევს, რომ სტარტაპი შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს მოძველებული “big box”-ტექნოლოგიის ისეთ მოვაჭრეებს, როგორიცაა Oracle-ი, IBM-ი, SAS-ი და SAP-ი: “მონაცემთა ყოველი ახალი კრებული, რომელსაც Enigma გადაამუშავებს, ზრდის კომპანიის მიერ მომხმარებლის ბიზნესპროცესების გაუმჯობესების უნარს”.
BlackRock-ის ბოლოდროინდელი გამოცდილება აღნიშნულის კარგი მაგალითია.
როდესაც ფრენკ კუპერს, კომპანიის ახლადგამომცხვარ მარკეტინგის დირექტორს სთხოვეს ეამბნა, თუ როგორ ეძებს $6 ტრილიონის აქტივების განმკარგავი ფირმა პერსპექტიულ კლიენტებს, Enigma-მ გააკეთა გასაკვირი აღმოჩენა: რეგიონალურ და დემოგრაფიულ ტარგეტინგზე დაფუძნებული ტრადიციული მიდგომის საწინააღმდეგოდ, კლიენტის ადგილმდებარეობასა და პენსიაზე გასვლის მზადყოფნას შორის სუსტი კავშირი, ხოლო კლიენტის პოლიტიკური ჩართულობა ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. “თუ ვინმე პოლიტიკურად აქტიურია, თუნდაც იყოს არენდატორი, ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ იგი პენსიაზე გასვლას გეგმავს – ამბობს კუპერი. – ეს შოკისმომგვრელი იყო ჩვენთვის”.
Enigma-ს ყველა მანქანური სწავლების ალგორითმი მოგებაზე არ არის დაგეშილი. ფირმამ საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა გენდერული უთანასწორობის შესწავლა 558 პროფესიის მასშტაბით და გაირკვა, რომ ყველაზე დიდი უთანასწორობა ფიქსირდება საბუღალტრო აღრიცხვის, საცალო და გაყიდვების სფეროში.
მას შემდეგ, რაც ნიუ-ორლეანში 2014 წლის ნოემბრის ხანძრისას ხუთი ადამიანი დაიღუპა კვამლის დეტექტორის არმქონე სახლში, Enigma მუშაობდა ქალაქის სახანძრო დეპარტამენტთან და ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების სამმართველოსთან ერთად, რათა განესაზღვრა ადგილები, სადაც სახანძრო უსაფრთხოება ყველაზე სუსტი იყო.
თავის საჯარო ვებსაიტზე Enigma ქალაქის დამგეგმარებლებს უფასოდ სთავაზობს სახანძრო ინციდენტების მონაცემებს ეროვნული მასშტაბით. ასევე უფასოა აშშ-ის კლიმატური ანომალიების ბოლო 50-წლიანი ისტორია. ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა მონაცემი, კიბოს სტატისტიკით დაწყებული და FDA-ს განსაზღვრებით, ე.წ. არასასურველი მოვლენებით დასრულებული.
ნიუ-იორკში, მაგალითად, Enigma FOIA-მ კომპანიას წლების მანძილზე სარკინიგზო ინციდენტებისა და დაზიანების შესახებ იმ მონაცემების განზოგადების საშუალება მისცა, რომლებიც ქალაქის სატრანსპორტო სამმართველოს გადაეცა. ფირმა ასევე თანამშრომლობს არაკომერციულ ორგანიზაცია Polaris-თან მონობისა და ადამიანებით უკანონო ვაჭრობის აღკვეთის მიზნით. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მონაცემების გამოყენებამ შეიძლება გააუმჯობესოს არა მხოლოდ დაზღვევა, არამედ ზოგადად მმართველობაც. ამ მონაცემებს აჯირი და დაკოსტა უწოდებენ “მონაცემებს საზოგადოების სასიკეთოდ”.
ემუქრება თუ არა Enigma-ს მონაცემთა კანონსაწინააღმდეგო გამოყენების მიზეზით სკანდალები Facebook-ის მსგავსად?
“მე ვფიქრობ, რომ ინტერნეტკომპანიების საქციელი არის სულ მცირე საეჭვო თუ არა, ბოროტგანზრახული, რაც ქმნის თქვენი საქციელის იმგვარ სურათს, რომელსაც თქვენ ალბათ არ დათანხმდებოდით”, – ამბობს აჯირი და გვარწმუნებს, რომ ფინანსური მომსახურების კომპანიებთან ერთად მუშაობა ეფუძნება უფრო ურთიერთსასარგებლო შეთანხმებას.
“თქვენი მონაცემები საშუალებას გვაძლევს ვიცოდეთ, ხართ თუ არა თქვენ კანონიერი პიროვნება, – ამბობს იგი. – კონფიდენციალურობის თვალსაზრისით თქვენ შედიხართ ურთიერთობებში შეგნებულად და აშკარად, რაც სწორი მონაცემების გაზიარების საჭიროებას წარმოშობს”.