აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Moore-ი, რომელიც 40-ზე მეტ კვალიფიციურ თანამშრომელს აერთიანებს, საქართველოს ბაზარზე გაფართოებას გეგმავს. კომპანია, რომელსაც ზურგს ასწლოვანი, ბრიტანული წარმოშობის საერთაშორისო ბრენდი – Moore Global-ი უმყარებს, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე სტაბილურად ვითარდება და იზრდება. რა გეგმები აქვს Moore-ს, ამის შესახებ Forbes Georgia კომპანიის პარტნიორს, მიშა აბაიაძეს ესაუბრა.
ბატონო მიშა, თქვენი კომპანია საქართველოს ბაზარზე ჯერ კიდევ 2008 წელს გამოჩნდა. რა გზა გაიარეთ ამ დრომდე?
თავდაპირველად ჩვენი კომპანია საკონსულტაციო-საბუღალტრო მომსახურებას ეწეოდა. მე პირადად, ამ კომპანიას 2014 წლიდან შემოვუერთდი და გუნდთან ერთად დავიწყე მისი მეთოდოლოგიური და სისტემური მიდგომების გაძლიერება. ჩვენ დავნერგეთ ხარისხის კონტროლის სტანდარტები, დავამატეთ ისეთი ახალი სერვისები, როგორიც არის, მაგალითად, აუდიტი და შეფასება. პირველი საერთაშორისო კომპანია, რომელიც დაინტერესდა ჩვენი პოტენციალით და შემდგომში ამას მოჰყვა მათ ქსელში გაწევრიანება, იყო – Morison International-ი. ეს შესანიშნავი გაერთიანება დაახლოებით 90-ზე მეტ ქვეყანაში იყო წარმოდგენილი მილიარდიანი ბრუნვით და 8,000 მდე თანამშრომლით. Morison-თან რამდენიმეწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობით ჩვენ დიდი და საინტერესო გამოცდილება მივიღეთ, რამაც საშუალება მოგვცა, კიდევ უფრო დიდი ქსელური კომპანიის ყურადღება მიგვეპყრო. Moore Stephens-ი, რომელიც მსოფლიოს ათ უმსხვილეს საკონსულტაციო კომპანიას შორის იყო 30,000 თანამშრომლით და 110-ზე მეტ ქვეყანაში წარმომადგენლობით, იმ დროისათვის ქართულ ბაზარს შეისწავლიდა. კომპანიის მესვეურებმა გვთხოვეს, წარგვედგინა აპლიკაცია მათ წევრობაზე. აპლიკაციის წარდგენის შემდეგ ჩვენი შემოწმების პროცესი დაახლოებით ორ წელს გრძელდებოდა, რის შემდეგაც, 2019 წელს, მათი ქსელის ნაწილი გავხდით. ვფიქრობ, კომპანიის გუნდის თავდაუზოგავმა შრომამ და არაერთი ხარისხის კონტროლის გავლამ განაპირობა ჩვენი ამ წარმატებული და მზარდი საერთაშორისო ქსელის წევრობა.
გარდა იმისა, რომ თქვენი გუნდი აერთიანებს მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე თანამშრომლებს, რა განაპირობებს იმას, რომ საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი ხართ?
ჩვენი ქსელის დამატებითი ღირებულებაა ის, რომ მოქნილები და შედეგზე ორიენტირებულები ვართ; გარდა ადგილობრივი გამოცდილებისა, ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მომსახურება საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებისგანაც მიიღონ. მეორე მხრივ, თანამშრომლებისთვის ქსელი წარმოადგენს ერთ დიდ ოჯახს, სადაც ყველას აქვს საშუალება, უშუალო სამუშაო კონტაქტი ჰქონდეს ქსელში შემავალ სხვადასხვა ქვეყნის ოფისებთან და მათ თანამშრომლებთან. ჩვენი თანამშრომლებისთვის ეს დიდი უპირატესობაა, ვინაიდან ეს მათ სწრაფ პროფესიულ ზრდასა და საერთაშორისო გამოცდილების დაგროვებაში ეხმარება. ამგვარად, ჩვენ, ერთი მხრივ, ბიზნესებს ვეხმარებით აყვავებასა და წინსვლაში, ხოლო მეორე მხრივ თანამშრომლებსა და პარტნიორებს მაქსიმალური წარმატების მიღწევაში. ეს კი ერთობლიობაში ძალიან კარგი შედეგების მიღწევაში გვეხმარება, გვაძლიერებს და უფრო მეტად სტაბილურ ორგანიზაციად გვაყალიბებს.
Moore-მა ACCA-ისგან (სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია) მოიპოვა აკრედიტებული დამსაქმებლის ოქროს სტატუსი. რას ნიშნავს ეს ქართული აუდიტორული კომპანიისთვის?
ჩვენი კომპანია საკმაოდ ამბიციური, მიზანსწრაფული და მზარდია, რომლის შუაგულშიც ჩვენი თანამშრომლები და პარტნიორები არიან. ამიტომაც მუდმივად ვცდილობთ, რომ ჩვენი თანამშრომლები პიროვნულად და პროფესიულად განვავითაროთ, სწორედ ამის დასტურია ეს სტატუსიც. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს თანამშრომლებსა და პარტნიორებს უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობა აქვთ. ACCA არის სტატუსი, რომელიც ჩვენს პროფესიაში აუცილებელი და მოთხოვნადია. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი კომპანია ყოველთვის ცდილობს, რომ ინვესტირება თანამშრომლებსა და პარტნიორებში განახორციელოს, ვინაიდან ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი მთავარი ღერძი მოტივირებული, ხარისხზე ორიენტირებული და განათლებული გუნდია.
ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?
ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც მცირე, ასევე საშუალო და მსხვილი კომპანიები. ისინი სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ქართული და უცხოური კომპანიები არიან. ერთი წინადადებით რომ ვთქვათ, ჩვენი მომხმარებლები არიან ისინი, ვისაც სურთ, რომ გამჭვირვალე და მიმზიდველი გახადონ თავიანთი საქმიანობა ინვესტორებისა და დაინტერესებული პირებისათვის.
თქვენი კომპანია მომსახურებას ეწევა საბუღალტრო და საგადასახადო, ანგარიშგების მომზადების, ქონების შეფასების, აუდიტის და აუთსორსინგის კუთხით. რომელია ყველაზე გამოკვეთილი მიმართულება თქვენს პორტფოლიოში, რაზეა უფრო მეტი მოთხოვნა?
ყველაზე მოცულობითი ნაწილი ფინანსური ანგარიშგების აუდიტს უჭირავს. ჩვენ ვართ ე.წ. საზოგადოებრივი დაინტერესების პირების აუდიტორები, ანუ შესაბამისი კანონით დადგენილი კომპანიების აუდიტორები, როგორიც არის, მაგალითად, საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდებით მოვაჭრე კომპანიები, სადაზღვევო კომპანიები, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ა.შ.
აღსანიშნავია საბუღალტრო მომსახურების წილიც და საშემფასებლო მომსახურების განვითარების ტენდენციაც, რისი ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ბიზნესებსა და ინვესტორებს აინტერესებთ, ბოლო პერიოდის მოვლენებიდან გამომდინარე, გაუფასურდა თუ არა მათი აქტივები. შესაბამისად, მათ ამისთვის კვალიფიციური და დამოუკიდებელი პირის დაქირავება სჭირდებათ.
თქვენი კომპანიის ერთ-ერთი საქმიანობა არის ბიზნეს-აუტსორსინგი. როგორი ტენდენცია იკვეთება ამ კუთხით ბოლო წლებში?
ბოლო წლებში კომპანიებმა უფრო მეტად გაიაზრეს, რომ აჯობებს აუთსორსზე გაიტანონ გარკვეული მომსახურებები. პანდემიის პერიოდში ეს ტენდენცია განსაკუთრებით გააქტიურდა. მოლოდინი გვაქვს, რომ ამ მხრივ უფრო მეტად გაიზრდება მოთხოვნა, ვინაიდან უკვე ბევრი კომპანია ხვდება, რომ არ არის საჭირო თანამშრომლის აუცილებლად ოფისში ყოფნა, იმიტომ რომ ამ მომსახურების მიღება დისტანციურადაც შესაძლებელია. ამიტომაც ველოდებით ამ მიმართულების კიდევ უფრო გააქტიურებას.
თქვენი მომსახურებით უცხოური ბიზნესიც სარგებლობს. მათი მხრიდან რა სერვისებია ყველაზე მოთხოვნადი?
ბოლო წლების განმავლობაში უცხოური კომპანიების მხრიდან მოთხოვნის მზარდი ტენდენცია იყო, მაგრამ პანდემიამ ეს პროცესი შეაფერხა. პანდემიის პერიოდში მათ ბუნებრივი წინააღმდეგობა გაუჩნდათ, შესაბამისად, შემცირდა მათგან მომართვიანობა. თუმცა ეს არ ეხება აქ მომუშავე უცხოურ კომპანიებს. მოგეხსენებათ, როდესაც ინვესტორი შემოდის ქვეყანაში, მას სურს იმ კომპანიის ფინანსური მონაცემების გაცნობა და აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების ნახვა, რომელშიც ინვესტირებას აპირებს. ამ ნდობის ზრდას კი სწორედ ჩვენი სერვისებით უზრუნველვყოფთ.
Moore-ი საქართველოს ბაზარზე გაფართოებას გეგმავს, რისთვისაც პარტნიორებსა და კვალიფიცირებულ თანამშრომლებს ეძებს. რა შესაძლებლობებს ხედავთ ამ კუთხით?
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, შედეგებზე და ხარისხიანი მომსახურების გაწევაზე ორიენტირებულ პარტნიორებსა და თანამშრომლებს. გაერთიანებები და შესყიდვები რთული პროცესია, თუმცა საინტერესო და მოგებიანიც.
მინდა, გკითხოთ საქართველოში აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიების გამოწვევებზეც. რა გამოწვევების წინაშე დგებით, როგორც კომპანია?
პირველ გამოწვევად დავასახელებდი სამართლიანი კონკურენციის ნაკლებობას. ასევე კარგი იქნებოდა, ეკონომიკა სწრაფად გაზრდილიყოს, გასაგები მიზეზების გამო ქვეყანაში ნაკლები ბიზნესი იბადება და ვითარდება. აუდიტორული კომპანიები ხომ ბიზნესებს ემსახურებიან, ამიტომაც, რაც უფრო მეტი ბიზნესია, მით უფრო მეტად არის საჭირო ჩვენნაირი კომპანიები. ჩვენ მათ ვეხმარებით ბიზნესგეგმის მომზადებაში, აუთსორსინგში, ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში, საგადასახადო კონსალტინგში, შიდა და გარე ინვესტორებთან კომუნიკაციაში.
დაბოლოს, რა გეგმები აქვს Moore-ს?
ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში ტოპ-10 აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებს შორის ვიყოთ და ხარისხიანი მომსახურების განვითარებით უზრუნველვყოთ კომპანიის ზრდა.