როგორ აპირებს „ფოლკსვაგენი“ ელექტრომობილების ბაზარზე ლიდერობას

როგორ აპირებს „ფოლკსვაგენი“ ელექტრომობილების ბაზარზე ლიდერობას

2030 წლისთვის „ფოლკსვაგენს“ ამბიციური გეგმები აქვს დასახული. ამ დროისთვის კომპანიას სურს, ჩინეთსა და აშშ-ში ელექტრომობილების სრული გაყიდვების 50%-ის, ხოლო ევროპაში ელექტრომობილების 70%-ის მწარმოებელი თავად გახდეს.

ამჟამინდელი მდგომარეობით, ელექტრომობილების წარმოების გლობალური ლიდერი „ტესლაა“. გასული წლის მონაცემების მიხედვით, ელექტრომობილების საერთაშორისო ბაზრის 16%-იან წილს „ტესლა“ ფლობს, „ფოლკსვაგენი“ კი მხოლოდ 13 პროცენტს. ბაზრის წილებს შორის 3%-იანი სხვაობა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ჩანს, თუმცა „ტესლას“ უპირატესობის დასამტკიცებლად აქციების ჯამური ღირებულებების შედარება მკაფიო სურათს გვაძლევს:  „ტესლას“ ეს მაჩვენებელი „ფოლკსვაგენისას“ 5-ჯერ აღემატება ($678 მლრდ – „ტესლა“,$ 134მლრდ – „ფოლკსვაგენი“).

„ტესლას“ ამგვარი უპირატესობის გაბათილებას გერმანული ბრენდი ელექტრომობილების წარმოებაში ცვლილებების შეტანით აპირებს.  „ფოლკსვაგენს“ პირველ რიგში ელექტრომობილების ციფრული და პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა და სრულყოფა სურს (ამ კომპონენტში „ფოლკსვაგენი“ „ტესლას“ ბევრად ჩამორჩება). ამისათვის კომპანია მომავალი 5 წლის განმავლობაში 19 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს ელექტრომობილების პროგრამული ნაწილის გასაუმჯობესებლად.

შემდეგი ნაბიჯი ელექტრობატარეების წარმოების ხარჯების შემცირება და მათი მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა იქნება. ამისათვის „ფოლკსვაგენი“ ევროპის მასშტაბით ბატარეების მწარმოებელი ქარხნების აშენებას და წარმოების გაფართოებას გეგმავს. კომპანიის მიზანი 2030 წლამდე ელექტრომობილების ბატარეების მწარმოებელი 6 ქარხნის ამუშავებაა. გარდა ამისა, ევროპის მასშტაბით – 18,000, აშშ-ში – 3,500, ხოლო ჩინეთში 17,000 დამტენი პუნქტის დამატება.

„ფოლკსვაგენის“ ძირითადი უპირატესობა წარმოების შესაძლებლობა/მოცულობაა. კომპანიას, „ტესლასთან“ შედარებით, ყოველწლიურად უფრო მეტი ავტომობილის წარმოება შეუძლია. „ტესლასგან“ განსხვავებით, „ფოლკსვაგენს“ ქარხნებსა და ფიქსირებულ რესურსებზე ხარჯი უკვე გაწეული აქვს, რაც კომპანიას შიდაწვისძრავიანი მანქანების წარმოების ელექტრომობილებით მარტივად ჩანაცვლების, ხოლო თავად ბრენდს ამგვარი თანამიმდევრული გეგმით, თავში ნახსენები ამბიციური მიზნების რეალობად ქცევის შესაძლებლობას აძლევს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *