მოსამართლემ ფედერალური დახმარების გაყინვის შესახებ ტრამპის გეგმა შეაჩერა

მოსამართლემ ფედერალური დახმარების გაყინვის შესახებ ტრამპის გეგმა შეაჩერა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ აშშ-ის საოლქო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ, მოსამართლემ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება აშშ-ის ფედერალური საგარეო დახმარების გაყინვასთან დაკავშირებით, დროებით შეაჩერა.

შეგახსენებთ, ტრამპმა აღნიშნულის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერა. თუმცა განკარგულების ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე, ის მოსამართლე ლორენ ალიხანმა დროებით შეაჩერა. მოსამართლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულება ორშაბათამდე შეყოვნდება, ორშაბათს კი საკითხის მოსმენა გაიმართება.

ფედერალური საბიუჯეტო დახმარების გაყინვის შესახებ ოფიციალური განცხადება ორშაბათს, აშშ-ის მთავრობის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორმა გააკეთა და განმარტა, რომ შესაბამისმა სააგენტოებმა ფედერალური ფინანსური დახმარებების ვალდებულებებთან დაკავშირებული აქტივობები უნდა შეაჩეროს. მისი განცხადებით, აშშ-ის მთავრობა გარკვეულ გამონაკლისებს დაუშვებს.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, დემოკრატების მხარდამჭერი შტატების მთავარმა პროკურორებმაც გაასაჩივრეს. არასამთავრობო ორგანიზაციების ეროვნულმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილებას „გამანადგურებელი გავლენა“ ექნება ფედერალურ დაფინანსებაზე დამოკიდებული ორგანიზაციებისთვის და ისინი ვერ აღასრულებენ საკუთარ მიზნებს, ვერ გადაიხდიან ხელფასებსა და იჯარას და ვერ გააუმჯობესებენ იმ ადამიანთა ცხოვრებას, რომელთაც ემსახურებიან.

თეთრი სახლის პრესსპიკერის კაროლინ ლივიტის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით თეთრ სახლში ერთსულოვნებაა და ახალი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა, გადასახადის გადამხდელთა ბიუჯეტი ეფექტიანად მართოს. მისი განმარტებით, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი აკრძალვა სოციალური უსაფრთხოების, ჯანდაცვის, საკვები ვაუჩერებისა და სხვა მსგავს ბენეფიტებს არ შეეხება.

ცნობისთვის, გასულ წელს აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ ფედერალური დახმარების სახით გრანტებსა და სესხებზე $3 ტრილიონი გასცა.