მოსკოვში, კრემლიდან რამდენიმე კილომეტრში შენობების სახურავებზე რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები განათავსეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეო და ფოტომასალებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კიდევ რამდენიმე შენობის სახურავზე განლაგებული Pantsir-S1 საზენიტო დანადგარებია ასახული.
კიდევ ერთი შენობა, რომლის სახურავზეც აღნიშნული სისტემები განთავსდა კრემლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 3 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
საინტერესოა, რომ მოსკოვში საცხოვრებელი უბნების მიმდებარედ გასული დღეების განმავლობაში უფრო მაღალტექნოლოგიური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, S-400-ებიც განთავსდა.
სამხედრო ექსპერტების მოსაზრებებით, მოსკოვის ხელმძღვანელობა უკრაინის ტერიტორიებიდან გაშვებულ დრონებს უფრთხის, რომელთა დახმარებითაც რუსეთის ტერიტორიაზე, სიღრმეში სამხედრო ავიაბაზებზე არაერთი თავდასხმა განხორციელდა.