რას მოიცავს აშშ-ისა და ევროპის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი

რას მოიცავს აშშ-ისა და ევროპის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი

20 იანვარს გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე გამართული მრავალმხრივი შეხვედრის შემდეგ აშშ-ის ადმინისტრაციამ და ევროპული სახელმწიფოების ლიდერებმა უკრაინისათვის გადასაცემი ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შემადგენლობა საბოლოოდ დაასახელეს. შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო პაკეტი ტყვია-წამალთან, საარტილერიო ჭურვებთან და წვრილ სამხედრო აღჭურვილობასთან ერთად უფრო დიდი, მეტად საჭირო და კრიტიკული შეიარაღების მიწოდებასაც ითვალისწინებს.

ახალი დახმარების პაკეტის თანახმად, აშშ უკრაინაში 90 ერთეულ Stryker-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორსა და 59 ერთეულ Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანას გაგზავნის. ამერიკულ სამხედრო დახმარების პაკეტში გარდა ამისა დამატებით 14 ერთეული HIMARS-ის გადაცემაზეც არის საუბარი. დამატებით, აშშ-ისგან უკრაინას 100 ერთეული ტაქტიკური სადაზვერვო ჯავშანმანქანა M113, 18 ერთეული 155მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცა და 36 ერთეული ბუქსირებადი ჰაუბიცაც მიეწოდება. თუმცა, გარდა ამერიკული შეიარაღებისა, უკრაინელები სამხედრო დახმარებას ევროპული სახელმწიფოებისგანაც მიიღებენ.

20 იანვარს გაცხადებული დახმარების პაკეტით უკრაინისათვის დიდი ხნის მოთხოვნილი Leopard 2 ტიპის ტანკების გადაცემის საკითხიც დღის წესრიგში დადგა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ გადასაცემად გერმანიის თანხმობაა საჭირო, პოლონეთი მზადაა, უკრაინას 14 ერთეული Leopard 2-ის A4 მოდიფიკაციის მთავარი საბრძოლო ტანკი გადასცეს. აღნიშნული მოდიფიკაცია გერმანულმა სამხედრო კონტრაქტორმა Rheinmetall-მა და პოლონურმა სამხედრო კომპლექსმა ერთობლივად შექმნეს და მისი საბრძოლო პოტენციალი უკრაინას დიდ დახმარებას გაუწევს.

ბრიტანეთისაგან უკრაინა 14 ერთეულ Challanger 2 ტიპის მთავარ საბრძოლო ტანკს, 24 ერთეულ თვითმავალ ჰაუბიცა AS-90-ს და 600-მდე Brimstone ტიპის რაკეტას მიიღებს. კრიტიკული მნიშვნელობის სამხედრო შეიარაღებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიდერლანდებისა და გერმანიის მზაობა აშშ-ის მიერ დაანონსებულ 1 ბატარეა Patriot-ის ჰსთ სისტემებს კიდევ თითო-თითო ბატარეა დაამატონ. 3 ბატარეა აღნიშნული ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა უკრაინას რუსეთიდან გაშვებული ბალისტიკური თუ ფრთოსანი რაკეტების განეიტრალების შესაძლებლობას მისცემს.

საყურადღებოა შვედეთის მიერ დაანონსებული სამხედრო დახმარების პაკეტიც. შვედები უკრაინელებს 12 ერთეულ თვითმავალ ჰაუბიცა Archer-სა და 50 ერთეულ ქვეითთა საბრძოლო მანქანას CV-90-ს გადასცემენ. ამას ემატება დანიის მიერ დაანონსებული 19 ერთეული CAESAR საარტილერიო დანადგარიც, რაც უკრაინელთა საარტილერიო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *