ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების ახალი ეპოქა, როგორიც Coinbase-ი, Kuaishou და Stripe-ი არიან, მსოფლიოს წამყვან ვენჩურ-კაპიტალისტებში გუშაგთა ცვლილებას მოასწავებს. Forbes-ის მიდასის რეიტინგი, რომელსაც აწ უკვე მე-20 წელია, ვადგენთ, წელს 24 ახალწვეულს მიესალმება, მათ შორის, პირველ ინვესტორებს სამხრეთ ამერიკიდან. აქ წლევანდელი რეიტინგის ნიშანდობლივი მომენტებია მოყვანილი, მათ რიცხვში, ყველაზე დიდი გარიგებები, პირველი 20-ეული და პირველი ადგილის ახალი მფლობელი. მიდასის 100-ეულის სრულად გასაცნობად, ბიოგრაფიების, ანალიზისა და სხვა ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ, ვებგვერდს ეწვიოთ: forbes.com/midas.
კრიზისგამძლე
გასულ წელს, სულ რაღაც ორ დღეში, ალფრედ ლინი აშშ-ის ტექნოლოგიური ფირმების მიერ აქციათა განაღდების 10 უმსხვილესი პრეცედენტიდან ორის ეპიცენტრში აღმოჩნდა. 9 დეკემბერს, საკვების ადგილზე მიტანის სერვისმა DoorDash-მა საჯაროდ დაიწყო ბრუნვა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე; ამავე დღის ბოლოს მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ $60 მილიარდი შეადგინა. მომდევნო დღეს სახლების გაქირავების ლიდერი Airbnb Nasdaq-ზე გავიდა და $79 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაციაც მოიხვეჭა.
ეს ორი შედეგიც კი საკმარისი იყო, რომ ლინისა და მისი ვენჩურული კაპიტალის ფირმა Sequoia-ს მოგებებს $21 მილიარდისთვის გადაეჭარბებინა (გავრცელებული ცნობებით, ყოველ შემთხვევაში). ეს ორი შედეგია, დიდწილად, იმაზე პასუხისმგებელიც, რომ ყურის ოლქის მკვიდრი ლინი, რომელიც ასევე საბითუმო ვაჭრობის ბაზრობა Faire-სა და სოციალური მედიის პლატფორმა Reddit-ს აფინანსებს, ჩვენს ყოველწლიურ მიდასის რეიტინგში 32-ე ადგილიდან 1-ელ ადგილას დაწინაურდა.
ლინის საფირმო ნიშანი ისაა, რომ ორგანიზაციებს ის იმგვარ შენება-განვითარებაში ეხმარება, როგორც ეს Zappos-ისთვის გააკეთა, სადაც ერთხანს თავმჯდომარედ და ოპერაციების დირექტორად მსახურობდა. მან და მისმა ჯგუფელმა Harvard-იდან, აწ განსვენებულმა ტონი ჰსიმ თავიანთი პირველი სტარტაპი $265 მილიონად გაყიდეს, ხოლო მიღებული თანხების ნაწილი ჩაღვარეს ინკუბატორში, რომელიც Zappos-ზე ფსონის დამდებთაგან ერთ-ერთი პირველი იყო. ეს ფეხსაცმლის მოვაჭრე მათ Amazon-ს მიჰყიდეს 2009-ში. ერთი წლის შემდეგ ლინი Sequoia-ს შეუერთდა, რომელსაც ცოტა ხნით ადრე რამდენიმე საწყისი საინვესტიციო ჩეკი გამოეწერა ბრაიან ჩესკის ახალბედა და პერსპექტიული Airbedandbreakfast.com-ისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ლინს იქ სამსახური შესთავაზეს, ჰოდა, 2012-ში მის საბჭოს შეუერთდა, მალე კი იქაურ ოფისში კვირაში ერთ დღეს მაინც ატარებდა. როცა მსოფლიოს პანდემია დაატყდა და 2020-ის მარტში Airbnb-ის ბიზნესი „უფსკრულის“ წინაშე აღმოჩნდა, ლინი აქტიურად ჩაება საქმეში და ჩესკისა და Airbnb-ის საბჭოს დანარჩენ წევრებთან მჭიდროდ დაიწყო თანამშრომლობა, რათა ხარჯები შეეკვეცათ, თანამშრომლები დროებით დაეთხოვათ, სესხი აეღოთ კომპენსაციათა დასაფარავად და ბიზნესისთვის იმგვარად ეცვალათ გეზი, რომ ის „ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის“ მოგზაურობაზე ფოკუსირებულიყო. ანალოგიურად, ლინი DoorDash-ის ტონი ქსიუსაც დაეხმარა, რომელიც 2014-ის Series A რაუნდში დაეფინანსებინა. ლინის წყალობით, უსაფრთხოების აღჭურვილობის უზრუნველყოფა მოხდა ადგილზე მიტანის კონტრაქტორებისთვის, შესაძლებელი გახდა საკომისიოთა შეკვეცა და საგანგებო სიტუაციათა თანამშრომლებისთვის უფასო საკვების შეთავაზება.
„ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა ასეთი მხარდამჭერი პარტნიორი გყავს სტრესულ მომენტებში, – ამბობს ქსიუ. – ხოლო მერე, როცა ეს სტრესული ეპიზოდი გადაივლის, ეს ადამიანი უკვე სასარგებლო გამოწვევას გიწყობს… ალფრედმა იცის, როდის და როგორ დააბალანსოს თავისი ორი თვისება“.
„ვფიქრობ, ეს რთული პერიოდი ერთგვარად სახალისოა, – ამატებს ლინი. – იმიტომ არა, რომ მაზოხისტი ვარ, უბრალოდ ვთვლი, რომ სანამ გამოცდის წინაშე არ აღმოჩნდები, მანამდე არ იცი, რამდენად გამძლე ღირებულების ბიზნესი გაქვს შექმნილი“.
აღსანიშნავი ახალწვეული
სამი სტარტაპის დაფუძნებისა და Stanford-ში ინჟინერიის სწავლების შემდეგ, ესპანეთში დაბადებულმა მარ ჰერშენსონმა Pear VC ჩაუშვა ყოფილ ხალიჩების მოვაჭრესთან, პეჯმან ნოზადთან (მე-15 ადგილის მფლობელი) ერთად. მათმა ადრეულმა ფსონმა DoorDash-ზე ისინი მიდასის 100-ეულში მოახვედრა. 29-ე ადგილას გასული ჰერშენსონი წლევანდელი რეიტინგის 12 ქალიდან ერთ-ერთი გახლავთ.
ზრდის სააქციო კაპიტალი
გარიგებათა ღირებულებით დაწყებული, ფონდთა რაოდენობით დამთავრებული, ვენჩურ-კაპიტალის გლობალური ინდუსტრია ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიბერა. ქვემოთ 2002-ის, ანუ ყველაზე ადრეული ხელმისაწვდომი მონაცემები, და 2020-ის მონაცემებია შედარებული (და კორექტირებული ინფლაციის მიმართ).
სუპერწარმატებულები
ინტერნეტის ეს გამორჩეული წევრები მომხმარებლებს მთელ მსოფლიოში ეხმარებიან, ნებისმიერ ადგილას იმუშაონ შინიდან, მოუსმინონ მუსიკას, იშოპინგონ ონლაინ და ურთიერთდაკავშირებულნი დარჩნენ ეპოქაში, რომელშიც ჩვენი ცხოვრება კიდევ უფრო ვირტუალური გახდა. გარდა ამისა, ინვესტორთა უმეტესობას ისინი წლევანდელ მიდასის რეიტინგში მოხვედრაშიც დაეხმარნენ.
მიდასის ლეგენდები
ერთადერთი ვენჩურული კაპიტალისტი, რომელიც მიდასის რეიტინგის 20-ვე გამოშვებაში არის მოხვედრილი, მილიარდერი ჯონ დორია – Kleiner Perkins-ის პარტნიორი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ინვესტიცია განახორციელა Amazon-ში, Compaq-სა და Google-ში ისევე როგორც DoorDash-ში, Slack-სა და მრავალ სხვა კომპანიაში. მასთან ახლოა Sequoia-ს პარტნიორი და ყოფილი ჟურნალისტი მაიკლ მორიცი – ინაუგურალური წევრი, რომელიც რეიტინგს ერთადერთხელ, 2018-ში გამოეთიშა.
მიდასის რეიტინგის აქტიური წევრები: ვინ არის ყველაზე ხშირი სტუმარი?
პირველი ოცეული
ალფრედ ლინი
ფირმა: Sequoia
აღსანიშნავი გარიგება: Airbnb
ნილ შენი
ფირმა: Sequoia China
აღსანიშნავი გარიგება: Xpeng
ჰანს ტანგი
ფირმა: GGV Capital
აღსანიშნავი გარიგება: Wish
რიჩარდ ლიუ
ფირმა: 5Y Capital
აღსანიშნავი გარიგება: Xiaomi
მაიკლ სპეიზერი
ფირმა: Sutter Hill Ventures
აღსანიშნავი გარიგება: Snowflake
სატიშ დჰარმარაჯი
ფირმა: Redpoint Ventures
აღსანიშნავი გარიგება: Snowflake
კრის დიქსონი
ფირმა: Andreessen Horowitz
აღსანიშნავი გარიგება: Coinbase
ჟენ ჟანგი
ფირმა: Gaorong Capital
აღსანიშნავი გარიგება: Pinduoduo
როელოფ ბოთა
ფირლმა: Sequoia
აღსანიშნავი გარიგება: Unity
ლი ფიქსელი
ფირმა: Addition
აღსანიშნავი გარიგება: Roblox
ნავინ ჩადჰა
ფირმა: Mayfield
აღსანიშნავი გარიგება: Poshmark
სამეერ განდი
ფირმა: Accel
აღსანიშნავი გარიგება: CrowdStrike
ჯეფ ჯორდანი
ფირმა: Andreessen Horowitz
აღსანიშნავი გარიგება: Airbnb
ჯან ჰამერი
ფირმა: Index Ventures
აღსანიშნავი გარიგება: Robinhood
პეჯმან ნოზადი
ფირმა: Pear Ventures
აღსანიშნავი გარიგება: DoorDash
პიტერ ტილი
ფირმა: Founders Fund
აღსანიშნავი გარიგება: Airbnb
სკოტ შლეიფერი
ფირმა: Tiger Global Management
აღსანიშნავი გარიგება: Postmates
ჯო ლონსდეილი
ფირმა: 8VC
აღსანიშნავი გარიგება: Wish
ჯერემი ლიე
ფირმა: Lightspeed, Venture Partners
აღსანიშნავი გარიგება: Affirm
ბილ გერლი
ფირმა: Benchmark
აღსანიშნავი გარიგება: Uber