მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტები 2025 წლისთვის

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტები 2025 წლისთვის

Henley Passport Index-მა „საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის“ (IATA) ექსკლუზიურ მონაცემებზე დაყრდნობით, 2025 წლისთვის, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგი გამოაქვეყნა. პასპორტების სიძლიერეს განსაზღვრავს ის, თუ მის მფლობელს რამდენ სახელმწიფოში შეუძლია შესვლა უვიზოდ ან ვიზის წინასწარი მოთხოვნის გარეშე.

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგის ერთპიროვნული ლიდერი წელს სინგაპურია. სინგაპურის პასპორტის მფლობელებს მსოფლიოს 227 მიმართულებიდან უვიზოდ მგზავრობა 195-ში შეუძლიათ. მეორე პოზიციაზე იაპონიაა 193 მიმართულებით უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აშშ-ის პასპორტი წლევანდელ რეიტინგში მეცხრე პოზიციამდე ჩამოქვეითდა,  რომელსაც ის ესტონეთთან ინაწილებს. ამ ქვეყნების პასპორტების მფლობელებს უვიზოდ მოგზაურობა 186 მიმართულებით შეუძლიათ.

გასული წლის რეიტინგში აშშ-ის პასპორტი სიძლიერით მეშვიდე პოზიციას იკავებდა. 2014 წელს კი, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, რეიტინგის ლიდერიც კი იყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავად შეერთებული შტატები თავის ქვეყანაში უვიზოდ შესვლის უფლებას მხოლოდ 46 სხვა ეროვნების წარმომადგენელს აძლევს. შედეგად, Henley Openness Index-ში (ღიაობის ინდექსი) აშშ მხოლოდ 84-ე ადგილს იკავებს.

ექსპერტთა ნაწილი აშშ-ის პასპორტის სიძლიერის შესუსტებას ქვეყნის „America First“ პოლიტიკას უკავშირებს. მათივე დაშვებით, იმ შემთხვევაში თუ აშშ-ის სატარიფო და დეპორტაციის პოლიტიკა მსგავსი მკაცრი შეზღუდვებით გაგრძელდება, ქვეყნის გლობალურმა მობილობამ შესაძლოა კიდევ უფრო იკლოს.

ამერიკელებისგან განსხვავებით, ბოლო ათწლეულში, მობილობის ზრდა ფიქსირდება ჩინეთის მოქალაქეებში. Henley’s index-ის პასპორტების სიძლიერის რეიტინგში ჩინეთმა 2015 წლის 94-ე პოზიციიდან 2025 წლისთვის მე-60 პოზიციაზე გადმოინაცვლა. ბოლო ათ წელიწადში, ჩინეთის პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმართულებების რაოდენობა 40-ით გაიზარდა. ჩინეთმა შედეგები Henley-ის ღიაობის ინდექსშიც გააუმჯობესა. გასული წლის განმავლობაში ჩინეთმა დამატებით 29 ქვეყანას მისცა მის საზღვრებში უვიზოდ შესვლის უფლება და ახლა რეიტინგში მე-80 ადგილზეა.

ყველაზე ძლიერი პასპორტების წლევანდელ რეიტინგში სინგაპურსა და იაპონიას 6 ქვეყნისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვება. „საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის“ მონაცემებით, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, სამხრეთ კორეისა და ესპანეთის პასპორტის მფლობელებს უვიზოდ მოგზაურობა 192 მიმართულებით შეუძლიათ.

ყველაზე სუსტი პასპორტი კი, Henley Passport Index-ის ანგარიშით, 2025 წლისთვის ავღანეთს აქვს. გასული წლის განმავლობაში, ავღანეთის მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლის უფლება დამატებით კიდევ 2 ქვეყანაში დაკარგეს. ავღანეთის პასპორტით, მოქალაქეებს, წელს მხოლოდ 26 მიმართულებით შეეძლებათ უვიზოდ მგზავრობა.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანა 122 უვიზო მიმართულებით, 44-ე ადგილს იყოფს მოლდოვასთან.

Henley Passport Index-ის ანგარიში: მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების 2025 წლის ათეული

რეიტინგისახელმწიფოები (უვიზო მიმართულებებით)
1.სინგაპური (195)
2.იაპონია (193)
3.ფინეთი (192)საფრანგეთი (192)გერმანია (192)იტალია (192)სამხ. კორეა (192)ესპანეთი (192)
4.ნორვეგია (191)ავსტრია (191)დანია (191)ლუქსემბურგი (191)ნიდერლანდები (191)ირლანდია (191)შვედეთი (191)
5.ბელგია (190)ახალი ზელანდია (190)პორტუგალია (190)შვეიცარია (190)გაერთ. სამეფო (190)
6.ავსტრალია (189)საბერძნეთი (189)
7.მალტა (188)კანადა (188)პოლონეთი (188)
8.ჩეხეთი (187)უნგრეთი (187)
9.ესტონეთი (186)აშშ (186)
10.ლატვია (185)ლიტვა (185)სლოვენია (185)არაბთა გაერთ. საამიროები (185)