მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიანი სამუშაო ბაზრები

მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიანი სამუშაო ბაზრები

Resume.io-ს კვლევამ მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი სამუშაო ბაზრები შეისწავლა. როგორც აღმოჩნდა, ბოლო პერიოდში სამუშაოს მაძიებლების დიდი ნაწილი ახლო აღმოსავლეთისა და სილიკონის ველის ქალაქებისკენ ინაცვლებს.

Resume.io-ის შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, დოჰა, დუბაი და სან-ფრანცისკო იმ ადგილებს შორისაა, სადაც LinkedIn-ის ერთ ვაკანსიაზე ყველაზე მეტი აპლიკანტი ფიქსირდება. რეიტინგის შესადგენად, კომპანიამ 130-მდე ქალაქსა და აშშ-ის ყველა შტატში, ვაკანსიის გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში, წარდგენილი განაცხადების რაოდენობა შეისწავლა.

რეიტინგში კატარის ლიდერობა, სავარაუდოდ, გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობას უკავშირდება. 2010 წლიდან ქვეყანამ მოსამზადებლად $250 მილიარდზე მეტი დახარჯა – დაამატა 100 ახალი სასტუმრო, პორტები და აეროპორტები გააფართოვა, გზები განაახლა და ა.შ., თუმცა ტურნირი უფრო მეტად ქვეყნის შიდა მუშახელის დასაქმებაზე იყო ფოკუსირებული და მიგრანტ მუშახელთან დამოკიდებულებისთვის ქვეყანამ კრიტიკაც კი დაიმსახურა.

მიუხედავად ამისა, Resume.io-ის კვლევა ცხადყოფს, რომ კატარი კვლავ სამუშაოს მაძიებლების დიდ რაოდენობას იზიდავს. მხოლოდ თებერვალში, კატარში თითო ვაკანსიაში საშუალოდ 399 აპლიკანტის განაცხადი იყო წარდგენილი. ცნობისთვის, ქვეყანამ მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში დასაქმებულთა რაოდენობიდან გამომდინარე, საყოველთაო მინიმალური ხელფასიც დააწესა, გარდა ამისა, ქვეყანაში არ იბეგრება პირადი შემოსავალიც, რაც დასაქმებულთათვის კატარს შედარებით უფრო მოგებიან ადგილად აქცევს.

ცნობისთვის, მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიან სამუშაო ბაზრებს შორისაა დუბაი და აბუ-დაბი, სადაც დასაქმებულები საშემოსავლო გადასახადს არ იხდიან. LinkedIn-ის მონაცემებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროების პოსტპანდემიური სამუშაო ბაზარი სამსახურის მაძიებლებს სპეციალიზებულ სამედიცინო როლებსა და ციფრულ კონტენტზე სამუშაოდ ფრილანსერობასაც სთავაზობს.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ქვეყანაში ყველაზე კონკურენტუნარიანი სამუშაო ბაზრით ჩრდილოეთ კალიფორნიის ქალაქები გამოირჩევიან. სან-ხოსეში, რომელიც სილიკონ-ველის გულადაა ცნობილი, თებერვალში LinkedIn-ის ერთ ვაკანსიაზე საშუალოდ 108 აპლიკანტი რეგისტრირდებოდა, სან-ფრანცისკოში – 92. სან-ხოსესა და სან-ფრანცისკოში საშუალო ხელფასი შედარებით მაღალია, თუმცა ამავდროულად ორივე ქალაქი მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე ძვირ ადგილებს შორისაც სახელდება.

მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიანი სამუშაო ბაზრების ათეული (პოზიციაზე აპლიკანტთა საშუალო რაოდენობით):

  1. დოჰა, კატარი – 399 განაცხადი
  2. დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები – 283 განაცხადი
  3. სტამბული, თურქეთი – 168 განაცხადი
  4. იოჰანესბურგი, სამხრეთი აფრიკა – 160 განაცხადი
  5. აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები – 149 განაცხადი
  6. მადრიდი, ესპანეთი – 116 განაცხადი
  7. სან-ხოსე, აშშ – 108 განაცხადი
  8. ბუენოს-აირესი, არგენტინა – 104 განაცხადი
  9. სან-ფრანცისკო, აშშ – 94 განაცხადი
  10. თელ-ავივი, ისრაელი – 83 განაცხადი