2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით, წელს საქართველომ დონორების მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების და კრედიტების სახით 520 მლნ ლარი (დაახლოებით 217 მლნ დოლარი) უნდა მიიღოს. თუმცა, იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით, მხოლოდ 7.7 მლნ ლარის ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტია ჩამორიცხული, რაც წლიური გეგმის (გრანტები და კრედიტები ერთად) 1.5%-ია.
გასული კვარტლების გეგმების შესრულებას თუ ვნახავთ, პირველი და მეორე კვარტლის გეგმები 0%-ით შესრულდა, ხოლო მესამე კვარტალში ზემოთ აღნიშნული 7.7 მლნ ლარი ჩაირიცხა.
ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების და კრედიტების ვერ მიღების გამო, იანვარ-სექტემბერში საქართველოს დაახლოებით 160 მლნ დოლარის სავალუტო შემოსავალი დააკლდა, რომლის მიღებაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ლარის კურსის სტაბილურობისთვის. მთავრობას სულ ცოტა დრო რჩება, რომ გამოყოფილი საგარეო დაფინანსება წლის ბოლომდე სრულად აითვისოს.