მართალია, მთავრობები ენერგოკრიზისისგან მოსახლეობის დასაცავად მილიარდებს ხარჯავენ, წელს ევროპულ ოჯახებს მაინც იმაზე მეტის გადახდა უწევთ ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაში, ვიდრე ოდესმე.
ოქტომბერში ბუნებრივი აირის საშუალო ფასმა ევროკავშირსა და ბრიტანეთში, ერთ კილოვატსაათზე თითქმის €0.18 შეადგინა, რაც ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანია VaasaETT-ის ინფორმაციით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია. იმავე ინტერვალით, საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის ხარჯები 67%-ით, ერთი კილოვატსაათისთვის €0.36-მდე გაიზარდა.
ენერგეტიკული გადასახადების მაჩვენებლები სწორედ მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ევროკავშირის მთავრობებმა მაღალი ხარჯებისგან მოსახლეობისა და ბიზნესის დასაცავად €550 მილიარდზე მეტის გამოყოფის პირობა დადეს. VaasaETT-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე, დიდი ალბათობით, ევროპის ოჯახებისთვის საყოფაცხოვრებო ხარჯები გაცილებით უფრო მაღალი იქნებოდა.
თვიურ ჭრილში, ოქტომბერში ერთეულის საშუალო განაკვეთი ელექტროენერგიისთვის – 3.4%-ით, ხოლო ბუნებრივი აირისთვის 2.5%-ით გაიზარდა. ყველაზე მაღალი თვიური მატება, ელექტროენერგიის განაკვეთის 44%-იანი ზრდა დუბლინში, ხოლო გაზის საშუალო ფასის 97%-იანი მატება რომში დაფიქსირდა.
ოქტომბერში, სეზონისთვის უჩვეულო თბილი ამინდი შვება აღმოჩნდა როგორც მომხმარებლისთვის, ასევე მთავრობებისთვის. თუმცა ზამთრის მოახლოებასთან ერთად ფასებიც გაიზრდება, რაც პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ხარჯების დაბალ ნიშნულზე ხელოვნურად შენარჩუნებას ცდილობენ, უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის.